ნავთობის მიღმა გახედვის მოტივით UAE ბრიტანეთში $14 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

ნავთობის მიღმა გახედვის მოტივით UAE ბრიტანეთში $14 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში 14 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ყურის ქვეყნის სურვილს,  ეკონომიკის დივერსიფიკაცია მოახდინოს და წიაღისეული საწვავით მიღებული შემოსავლების გარდა ეკონომიკური ზრდის სხვა წყაროები გამონახოს.

აღნიშნულის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს გაერთიანებული სამეფოს ინვესტირების ოფისმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დამოუკიდებელმა სიმდიდრის ფონდმა, Mubadala-მ. მათი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას. გარდა ამისა, ეს გაზრდის ინვესტიციებს ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიის სფეროებშიც.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მარტში უკვე განახორციელა დამოუკიდებელი საინვესტიციო პარტნიორობის ფარგლებში. აღნიშნული თანხიდან 1.1 მილიარდი აშშ დოლარი კი სასიცოცხლო მეცნიერების სექტორს მოხმარდა.

შეთანხმება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს წინა თვეში გაჟღერებული 10-წლიანი გეგმის შესრულებაში, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ქვეყანას საკუთარი ეკონომიკის გაორმაგება და უცხოური ინვესტიციების სახით 150 მილიარდი დოლარის მოზიდვა სურს.

ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმთავრესი მწარმოებელი მიზნად ისახავს  ექსპორტის გაზრდას გაერთიანებულ სამეფოში, რუსეთსა და ჩინეთში. გარდა ამისა, ქვეყანამ პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად ტალანტების მოზიდვა დაისახა, რისთვისაც არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზის მინიჭების მოთხოვნები შეარბილა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *