ევროკავშირი ჯონსონის წინააღმდეგ სამართლებრივ ქმედებას იწყებს

ევროკავშირი ჯონსონის წინააღმდეგ სამართლებრივ ქმედებას იწყებს

ბრიუსელი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება უკავშირდება ბორის ჯონსონის გეგმას, რომელიც „ბრექსიტის“ შეთანხმებაში გარკვეული საკითხების ცალმხრივად შეცვლას ითვალისწინებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა მიმდინარე კვირაში კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელიც მინისტრებს, ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის ელემენტების შესაცვლელად, ახალ უფლებამოსილებებს მიანიჭებს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული სამეფო რეგიონში საგადასახადო და სახელმწიფო სუბსიდიებზე უფლებას ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, ბორის ჯონსონმა სტატუს-კვოს მხოლოდ მცირე შესწორებები უწოდა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ  მაროშ შეფკოვიჩის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი „საერთაშორისო სამართლის ცალმხრივად დარღვევას“ გამოიწვევს. შეფკოვიჩის თქმით, ჯონსონის გეგმა სამი წლის წინ ერთობლივად მიღწეულ გეგმას უგულებელყოფს და ჩრდილოეთ ირლანდიაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას უქმნის საფრთხეს. ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო მოლაპარაკებების მაგიდასთან თებერვლის შემდგომ არ დამჯდარა და გასული წლის მარტის შემდგომ არც ერთ კონსტრუქციულ იდეას არ გასცნობია.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი ოფიციალურად 2020 წლის 31 იანვარს დატოვა. 2019 წელს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ირლანდიის სამშვიდობო შეთანხმების, ე.წ. „დიდი პარასკევის შეთანხმების“ დაცვის პირობა დადეს. „ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი“ „ბრექსიტის“ გეგმის ნაწილია, რომელიც საბაჟო და საიმიგრაციო საკითხებს არეგულირებს და ორივე მხარის მიერაა ხელმოწერილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *