ბილ გეიტსი: კრიპტოსა და NFT-ს არავითარი რეალური ღირებულება არ გააჩნია

ბილ გეიტსი: კრიპტოსა და NFT-ს არავითარი რეალური ღირებულება არ გააჩნია

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებლისა და მსოფლიოს რიგით მეოთხე უმდიდრესი ადამიანის, ბილ გეიტსის შეფასებით, კრიპტო და NFT-ინდუსტრია 100%-ით აფერაა და სრულადაა დაფუძნებული „უფრო დიდი სულელის თეორიაზე“, რაც იმას გულისხმობს, რომ თავად კრიპტოაქტივებს არავითარი ფუნდამენტური ღირებულება არ გააჩნიათ, მათი სავაჭრო ფასი კი სრულად დამოკიდებულია სპეკულაციურ შეფასებაზე, ანუ რამდენის გადახდისთვისაა მზად მორიგი მყიდველი.

TechCrunch-ის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მილიარდერმა მეწარმემ განაცხადა, რომ ძვირად ღირებული მაიმუნების ციფრული სურათები მსოფლიოს ვერ დაეხმარება, ამ განცხადებით კი გეიტსმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი NFT კოლექცია – Bored Ape Yacht Club გააკრიტიკა.

გეიტსის განმარტებით, ტრადიციული საინვესტიციო აქტივებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტები არ ქმნიან არავითარ პროდუქტსა თუ სერვისს, ასევე მათ არ გააჩნიათ პრაქტიკული დანიშნულება, რის გამოც მათი ღირებულება მხოლოდ სპეკულაციური შეფასებიდან გამომდინარეობს.

Microsoft-ის დამფუძნებლის მიერ ნახსენები „უფრო დიდი სულელის თეორია“ (Greater fool theory) საფინანსო სფეროში გავრცელებული თეორიაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ზოგიერთ აქტივს ინვესტორები და ტრეიდერები მხოლოდ იმ იმედით ყიდულობენ, რომ მომავალში გამოჩნდება სხვა ინვესტორი (უფრო დიდი სულელი), რომელიც აღნიშნული აქტივის სანაცვლოდ უფრო მეტ თანხას გადაიხდის.

ზემოხსენებული თეორიის ძირითადი დაშვება ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ მოცემულ აქტივს, შესაძლოა, არავითარი ფუნდამენტური, ანუ რეალური ღირებულება არ ჰქონდეს – არ ქმნიდეს არავითარ პროდუქტს, მისი სავაჭრო ფასი კი მხოლოდ იმაზე იყო დაფუძნებული, თუ რამდენად აფასებენ მას ამჟამად ინვესტორები და ტრეიდერები. ტრადიციული საინვესტიციო ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში რისკის დონეც მაღალია, რადგან სპეკულაციური აქტივის ღირებულება თეორიულად შესაძლებელია ნულამდეც კი შემცირდეს, თუკი ბაზარის მონაწილეები ჩათვლიან, რომ ის უკვე არაფრად არ ღირს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *