ევროკავშირი მოლდოვას €1.8 მილიარდით დაეხმარება

ევროკავშირი მოლდოვას €1.8 მილიარდით დაეხმარება

ევროპულმა საბჭომ გუშინ, 17 დეკემბერს, მოლდოვისთვის 1.8 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული პრესრელიზიდან გახდა ცნობილი.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, დახმარების პაკეტი მოლდოვის ზრდის გეგმის ფინანსური საყრდენია, რომელიც კომისიამ 2024 წლის ოქტომბერში წარადგინა. დახმარება 2025 წლიდან 2027 წლამდე პერიოდზეა გათვლილი და 285 მილიონ ევრომდე გრანტებისა და 1.5 მილიარდ ევრომდე სესხების სახით გამოიყოფა. ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ეს სესხები იქნება შეღავათიანი, დაფარვის ხანგრძლივი ვადით და ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთებით.

აღნიშნული ნაბიჯით ევროკავშირის კოლეგიური ორგანო, რომელიც გაერთიანების პოლიტიკურ მიმართულებასა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს, მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში დაეხმარება – მათ შორის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებული რეფორმების გატარებასა და მასთან ეკონომიკურ დაახლოებაში შეუწყობს ხელს.

კერძოდ კი, დახმარების პაკეტი მიმართული იქნება მოლდოვის ფინანსური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ, ასევე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ქვეყნის წვდომის გაზრდისკენ.

€1.8-მილიარდიანი დახმარება ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის (ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ) გამოყოფილი ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტია.