ევროკავშირი ფასის ლიმიტის დაწესების ინიციატივას რუსულ გაზზეც განიხილავს

ევროკავშირი ფასის ლიმიტის დაწესების ინიციატივას რუსულ გაზზეც განიხილავს

ენერგოკრიზისის ფონზე, ევროკავშირი რუსულ გაზზე ფასის ლიმიტის დაწესების ინიციატივას განიხილავს.

პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია სანქციის ახალ პაკეტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარადგენს. EU-ს წევრი სახელმწიფოების მიერ სანქციების ახალი პაკეტის ერთსულოვნად დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფოებს შეეზღუდებათ რუსულ გაზში განსაზღვრულზე უფრო მაღალი ფასის გადახდა, ხოლო რუსეთს მასზე უფრო ძვირად ბუნებრივი აირის გაყიდვა ევროკავშირის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას “დიდი შვიდეულის” ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა ბუნებრივ აირზე.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ლიმიტის დაწესება აუცილებელია, რადგან ენერგორესურსები რუსეთის ფედერაციის უმთავრეს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, მისი შეზღუდვით კი კრემლი დასუსტდება.

გარდა მოსკოვის ბიუჯეტის შეზღუდვისა, ლიმიტების დაწესებით ევროკავშირი ენერგოკრიზისის დაძლევასა და ბაზარზე ენერგორესურსების ფასების შემცირებას ცდილობს.

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებისა და გაზის რეკორდულად გაძვირების ფონზე, ევროკავშირის ქვეყნებზე ინფლაციური წნეხი იზრდება, მის შემსუბუქების ერთ-ერთ საშუალებად კი ექსპერტთა ნაწილი საფასო ლიმიტს განიხილავს.

საგულისხმოა, რომ G7-ის ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიციალურმა კრემლმა მუქარა გაავრცელა, კერძოდ, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ლიმიტის დამწესებელ ქვეყნებს მოსკოვი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს. სავარაუდოდ, გაზზე ლიმიტის დაწესების საკითხსაც კრემლის მხრიდან ანალოგიური საპასუხო ზომა მოჰყვება.

კრიტიკოსების შეფასებით, ფასის ლიმიტს რუსეთის მთავრობა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს და ნავთობსა თუ გაზს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს მიჰყიდის, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ ან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ₽1.373-ტრილიონიანი ($22.8 მლრდ) პროფიციტით შესრულდა. ენერგორესურსებით მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა 6.375 ტრილიონი რუბლი ($105.7 მლრდ) შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 45.5%-ია.