ევროკავშირის წევრი ცხრა ქვეყანა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმებს ეწინააღმდეგება

ევროკავშირის წევრი ცხრა ქვეყანა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმებს ეწინააღმდეგება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის წინ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ: გერმანიამ, დანიამ, ირლანდიამ და კიდევ ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ განაცხადეს, რომ ისინი ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმას მხარს არ დაუჭერენ.

ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასები შემოდგომაზე რეკორდულად გაიზარდა, შედეგად რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ბრიუსელს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებისაკენ მოუწოდა.

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რაიმე რეფორმას, რომელიც გაზისა და ელექტროენერგიის შიდა ბაზარს ეწინააღმდეგება. ვინაიდან ფასების რეკორდული ზრდა გლობალური ფაქტორებითაა გამოწვეული, ჩვენ ენერგეტიკულ ბაზრებში ჩარევამდე სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ“, – ნათქვამია ცხრა ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

ავსტრიამ, გერმანიამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ლატვიამ და ნიდერლანდებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელიც ენერგიის დაზოგვის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას  და 2030 წლისთვის ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზრის 15%–იან ურთიერთკავშირს ითვალისწინებს.

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა სხვადასხვა ეკონომიკურ ბერკეტს იყენებს ეროვნული ბაზრის დასაცავად, ეს არის გადასახადების შემცირება, სუბსიდიები და სხვა, თუმცა ერთობლივ გრძელვადიან შეთანხმებამდე მისვლა ევროკავშირის ქვეყნებს გაუჭირდებათ.

ევროკავშირში ამჟამად მოქმედი სისტემის მიხედვით, ელექტროენერგიის ფასს ის ოპერატორი ადგენს, რომელიც უშუალოდ მომხმარებელს აწვდის ელექტროენერგიას. ხშირად ამ სისტემაში ფასს გაზის ქარხნები განსაზღვრავენ, რაც, ესპანეთის განცხადებით, უსამართლო მიდგომაა.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ გამოიძიებს, კარგად ფუნქციონირებს თუ არა ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზარი. ასევე აღნიშნეს, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სხვა სისტემა უკეთესად დაიცავს ქვეყნებს ენერგიის ფასების ზრდისგან.

შეგახსენებთ, რომ ენერგიის ფასების რეკორდული ზრდის კვალდაკვალ ესპანეთის მთავრობამ ევროკავშირს ერთობლივი ბუნებრივი აირის რეზერვების შექმნისაკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.