ევროკომისია უკრაინული საქონლის იმპორტზე ერთი წლით გადასახადის შეჩერებას განიხილავს

ევროკომისია უკრაინული საქონლის იმპორტზე ერთი წლით გადასახადის შეჩერებას განიხილავს

ევროკომისიამ ოთხშაბათს წინადადება წარადგინა, რომელიც უკრაინულ საქონელზე, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში არ ხვდება, ერთი წლით იმპორტის გადასახადის შეჩერებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილების მიზანი – რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერაა.

ევროკავშირის ზომები გავრცელდება ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვაზე, რომლებიც მინიმალური ფასის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ასევე სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე, რომელთაც კვოტა ეხება. გარდა ამისა, ახალი გადაწყვეტილება გარკვეულ სამრეწველო საქონელსაც  მოიაზრებს, რომლებზედაც ტარიფი მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის წყდება. შეთანხმების შედეგად, ტარიფების ეტაპობრივი შეწყვეტა სასუქებზე, ალუმინის პროდუქტებსა და მანქანებზე ვრცელდება. ევროკავშირი უკრაინას დაცვის ზომებისგანაც გაათავისუფლებს, რომელიც ფოლადის იმპორტს ზღუდავს, ასევე მოიხსნება ანტიდემპინგური ტარიფებიც.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინაში ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. ევროპულ და გლობალურ ბაზარზე საკმარისი ექსპორტი კი კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცევა. გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე წინადადება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მთავრობების მიერ უნდა შეთანხმდეს. ევროკომისიის თქმით, ორგანიზაციის მხრიდან უპრეცედენტო ზომები უკრაინელი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის მიმდინარე ომის ფონზე წამოჭრილი სირთულეების შესამსუბუქებლად იქნება მიღებული.

გასულ წელს უკრაინა-ევროკავშირის ორმხრივმა ვაჭრობამ €52 მილიარდი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატებოდა 2016 წლის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამდელ დონეს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით (DCFTA) ევროკავშირის ბიზნესისთვის უკრაინიდან იმპორტი და ექსპორტი ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *