ევროპას საჰაერო გადაყვანების ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელით ჩანაცვლება სურს

ევროპას საჰაერო გადაყვანების ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელით ჩანაცვლება სურს

თანამედროვე, სუპერსწრაფი და კომფორტული მატარებლების ქსელი, რომელიც ევროკავშირის ყველა დიდ ქალაქს ერთმანეთთან დააკავშირებს საჰაერო მოგზაურობის საიმედო და მდგრად ალტერნატივად აღიქმება. ეს სარკინიგზო ინდუსტრიის ლიდერების მიერ ლიონში ჩამოყალიბებული ხედვაა, რაც ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელით სარგებლობას 2030 წლისთვის გააორმაგებს, ხოლო 2050 წლისთვის გაასამმაგებს.

მსოფლიოს დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ევროპას ათასობით კილომეტრი სიგრძის სპეციალური ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემა უკვე აქვს. საფრანგეთის TGVs-მა, გერმანულმა ICE-მა და ესპანურმა AVE-მა უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში სარკინიგზო მგზავრობის სრული ტრანსფორმაცია მოახდინეს, თუმცა უმეტესად შიდა ბაზრებზე არიან ფოკუსირებული.

მიუხედავად ამისა, ევროპული ორგანიზაციების გაერთიანებამ გადაწყვიტა ჩაატაროს კვლევა,  ეფექტიანი და სარგებლობის მომტანი იქნება თუ არა ევროპის უდიდესი ქალაქების დასაკავშირებლად ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის განვითარება. ორგანიზაციებს შორისაა ევროკომისია, ევროპის რკინიგზის გაერთიანება, ევროპული სარკინიგზო მიწოდების ინდუსტრია და ALLRAIL, არასახელმწიფო საკუთრებაში არსებული რკინიგზა.

რაც ყველაზე მთავარია, ჯგუფი ათასობით კილომეტრის სიგრძის ახალი ხაზების დაფინანსებისთვის გზებს გამოძებნის და დაადგენს სარკინიგზო ქსელის ტრანსფორმაციის როლს, 2050 წლისთვის ევროკავშირის ნახშირბადნეიტრალიტეტის მისაღწევად. გაფართოების ნაწილი დაგეგმილ ან უკვე მშენებარე ახალ მარშრუტებს გააერთიანებს. თუმცა ის, თუ რომელ მარშრუტებს მიენიჭება უპირატესობა, ალბათ კონკურენტებს შორის დიდი დაპირისპირების მიზეზიც გახდება.