ევროპაში მიწოდების კომპანიების მიმართ რეგულაციები მკაცრდება

ევროპაში მიწოდების კომპანიების მიმართ რეგულაციები მკაცრდება

მიწოდების კომპანიები როგორც ევროპის, ისე  მსოფლიო მასშტაბით ახალ ეკონომიკას ქმნიან. ეს გახლავთ სპეციფიკა, პლატფორმა, რომელიც დამსაქმებელსა და პოტენციურ დასაქმებულს ერთმანეთთან აკავშირებს და საკმაოდ მოქნილი პირობებით ხასიათდება. მიუხედავად მისი დეფინიციისა, იმავე შინაარსის მატარებელია ცნობილი ტაქსის, საჭმლის მიწოდების და სხვა მსგავსი სერვისები.

კომპანიები აპლიკაციების დახმარებით ეძებენ თანამშრომლებს, რომლებიც მათ მომხმარებლებს მომსახურებას გაუწევენ. გარკვეულწილად ეს ეკონომიკა ფრილანსერულ სპეციფიკაზეც არის აგებული, რადგან დასაქმებულს ისეთი გრაფიკი აქვს, როგორსაც თავად მოინდომებს, ანაზღაურება კი, შესაბამისად, გამომუშავებაზეა დამოკიდებული.

თუმცა იმის გამო, რომ ამ წლების განმავლობაში ინდუსტრია რიგ შემთხვევებში დისკრიმინაციული მიდგომებით ხასიათდებოდა, ევროპაში სულ უფრო მომრავლდა სარჩელები მათ წინააღმდეგ სხვადასხვა პროფკავშირის ინიცირებით. მათი ბიზნესმოდელის გამო, რომელიც დასაქმებულს ნაკლები უფლებების სანაცვლოდ მეტ ანაზღაურებას ჰპირდება, ამგვარმა კომპანიებმა საკმაოდ დიდი დრო დაყვეს სასამართლოში.

ევროკომისიის განცხადებით, მზადდება ახალი კანონპროექტი, რომელიც ასეთ პლატფორმაზე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის საქმიან ურთიერთობას დაარეგულირებს. კომისიის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ახალი მოწესრიგება ინდუსტრიაში დასაქმებულ 4 მილიონამდე ადამიანს შეეხება.

აქამდე Uber-ის, Bolt-ის, Ola-ს, Deliveroo-სა და Glovo-ს მსგავსი კომპანიები კურიერებს თვითდასაქმებულებად აკლასიფიცირებდნენ. თუმცა, 2021 წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს სასამართლომ ერთ-ერთი სარჩელი კურიერების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვიტა. სასამართლომ დასაქმებულთათვის მინიმალური ხელფასისა და შვებულების ბერკეტების ამოქმედება დაამტკიცა. საინტერესოა, რამდენად იქნება ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული და რა გამოხმაურება ექნება მას ევროპის სხვა ქვეყნებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *