ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სოფლებში ინტერნეტის უზრუნველსაყოფად 34 მილიონი ევრო გამოყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სოფლებში ინტერნეტის უზრუნველსაყოფად 34 მილიონი ევრო გამოყო

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სოფლებში 500,000 ადამიანისათვის ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად 34 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი, შეუერთდა ევროპის კავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფონდის ლიდერებს და კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს ეკონომიკის აღდგენასა და მდგრად განვითარებაში.

საერთო ჯამში ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში 171 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

„ინვესტიციები, რომლებიც ჩვენ ახლახან განვახორციელეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ. გარდა ამისა, ის განამტკიცებს ევროპის ვალდებულებას, უზრუნველყოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მდგრადი და გამძლე სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIP) პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა.

საქართველოს სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში თავისუფალი წვდომის ინტერნეტის ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, ევროპის საინვესტიციო ბანკი დაახლოებით 5,000 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დამონტაჟებას დააფინანსებს.

ბანკის განცხადებით, ინვესტიცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ცხოვრების ხარისხს, შექმნის ახალ ბიზნესშესაძლებლობებს და გაზრდის საქართველოს მდგრადობასა და მზაობას კრიზისების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დაფინანსების სახით საერთო ჯამში 11 მილიარდი ევრო უკვე გამოუყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *