ევროპის ცენტრალური ბანკი ევროს ციფრული ვერსიის გამოშვებას აანონსებს. პროექტიმომავალ ორ წელიწადში ევროზონის 19 წევრ ქვეყანაში მოქმედი ვალუტის ციფრული ვერსიის შემოღებას ითვალისწინებს. თუმცა რეალურად მათ მიერ შემუშავებული გეგმის შესრულებას, მათ შორის დიზაინის დამუშავებასა და თითოეული დეტალის დამოწმებას, დამატებით კიდევ ორი წელი, ანუ ჯამში ოთხი წელი დასჭირდება.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა იდეა ციფრულ ევროსთან დაკავშირებით პირველად ცხრა თვის წინ გააჟღერა. მათივე თქმით, ამ დროის განმავლობაში ისინი იკვლევდნენ არსებულ გარემოს, პროფესიონალებისა და რიგითი მოქალაქეების აზრს, რათა გარკვეული ექსპერტიმენტების საშუალებით ზოგადი წარმოდგენა შეჰქმნოდათ შედეგებზეც.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის, განცხადებით, მათი გეგმა მიმართულია იმისკენ, რომ ციფრულ თაობაში მოქალაქეებსა და ფირმებს ჰქონდეთ გარანტია და წვდომა ფულის ყველაზე უსაფრთხო ფორმასთან ანუ ცენტრალური ბანკის ფულთან. ამას გარდა მან აღნიშნა, რომ ამ იდეის სრულყოფილად შესასრულებლად და ციფრული ევროს მომხმარებაში ჩასაშვებად ოთხი წელი სრულებით საკმარისი იქნება.
ციფრული ევრო საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, ელექტრონულად გადაიხადონ მომსახურების საფასური, ქეშისა და საკრედიტო ბილეთების გარეშე. თუმცა ის უფრო მეტად შეავსებს არსებულ მონეტარულ სისტემას, ვიდრე ჩაანაცვლებს ქეშს და არც საფრთხე არ უნდა შეუქმნას კომერციული გამსესხლებლების ბიზნესის არსებობას.
ევროპის ცენტრალური ბანკის საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ფაბიო პანეტას განცხადებით, „ჩვენ ციფრულ ერაში შევდივართ და ციფრული ევროს არსებობაც უფრო მეტ ეფექტიანობასთან, მოსახერხებლობასა და ეფექტურობასთან ასოცირდება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამასაც გარკვეული ნაკლი აქვს, ისეთი, როგორიცაა უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და, რაც მთავარია, წვდომა ციფრულ ფულთან.
შეგახსენებთ, რომ იდეა ევროს ციფრული ვერსიის შემოღებასთან დაკავშირებით Facebook-ის გეგმიდან მოდის, რომელმაც საკუთარი ციფრული ვალუტის შემოღება დააანონსა. ამას გარდა, პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა და მოსახლეობაში ონლაინვაჭრობის როლის გაზრდამ უფრო მეტად დაააჩქარა გადახდის გზების განვითარება და ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრულ ევროსთან დაკავშირებული გეგმის განხორციელება.