ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის გადასინჯვა გადაწყვიტა. მმართველი საბჭოს აზრით, ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ინფლაციის 2%-იანი მაჩვენებლის ფარგლებშია შესაძლებელი.. ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ნიშნულიდან უმნიშვნელო, ზომიერი გადაცდომებიც მისაღები იქნება, თუმცა სამიზნე მაჩვენებლიდან მნიშვნელოვან, საგრძნობ გადახრას, ცხადია, ბანკი შესაბამისად უპასუხებს.
გასული წლის იანვარში ფრანკფურტის ცენტრალური ბანკი, 2003 წლის შემდეგ პირველად, გეგმავდა ინფლაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის გადახედვას, თუმცა გლობალური პანდემიის გამო დაგეგმილი ცვლილებები გადაიდო. მაშინაც პოლიტიკის ცვლილების ძირითადი მიზანი ფასების სტაბილურობის შენარჩუნება და მასზე ცენტრალური ბანკის ინსტრუმენტების მორგება იყო.
მმართველი საბჭო მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ამ ახალ სტრატეგიას პირველ რეგულარულ შეხვედრაზე, 22 ივლისს განიხილავს, სამომავლოდ კი – მხოლოდ 2025 წელს.
გარდა ამისა, ბანკი საკუთარ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების გათვალისწინებასაც გეგმავს, რომლებმაც შესაძლოა, კორპორაციული ობლიგაციების შესყიდვის გადაწყვეტილებები შეცვალოს. უფრო კონკრეტულად კი დაგეგმილია ემიტენტთა პასუხისმგებლობებში პარიზის შეთანხმების პუნქტების გათვალისწინებაც.