ისრაელმა „ჰამასის“ კრიპტოსავალუტო ანგარიშები გამოავლინა

ისრაელმა „ჰამასის“ კრიპტოსავალუტო ანგარიშები გამოავლინა

ისრაელი აცხადებს, რომ აღმოაჩინა ელექტრონული საფულეების ქსელი, რომელსაც პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფება „ჰამასი“ იყენებდა დაფინანსების გასაზრდელად ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების დახმარებით.

ერთობლივი ოპერაციის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა უსაფრთხოების ძალებს ბრძანება მისცა მტრის კრიპტოანგარიშები გაენადგურებინათ. მისი განცხადებით, „ჰამასი“ კრიპტოსაფინანსო სისტემას თავისი სამხედრო ფრთის დასაფინანსებლად იყენებს.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰამასი“ ორგანიზაციის სამხედრო ფრთის დაფინანსების გასაზრდელად მაისში მომხდარი 11-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ონლაინკამპანიებსა და პლატფორმებს იყენებს. როგორც ჩანს, შეიარაღებული დაჯგუფებისათვის განსაკუთრებით მომხიბვლელი ბიტკოინი აღმოჩნდა თავისი ძნელად მიკვლევადობის გამო. ცნობილია, რომ ბიტკოინის კვალზე გასვლა მისი დეცენტრალიზებული არქიტექტურიდან გამომდინარე თითქმის შეუძლებელია.

ბენი განცის განცხადებით, სადაზვერვო, ტექნოლოგიურმა და სამართლებრივმა ხელსაწყოებმა ისრაელს ტერორისტების მიერ კონტროლირებულ ფულზე წვდომა გაუადვილა.

შეგახსენებთ, რომ ჰამასის მიერ ღაზის სექტორში მმართველობის დამყარების შემდეგ, ისრაელმა ორგანიზაციაზე , მასშტაბური იერიში ოთხჯერ მიიტანა, რასაც ათასობით ტერორისტისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საინტერესოა, რომ გასულ წელს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომაც შეძლო მილიონობით დოლარის ფულადი დახმარების კონფისკაცია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფებები, ალ-კაიდა და ისლამური სახელმწიფო ფლობდნენ. ორგანიზაციები აღნიშნული თანხის გამოყენებას, „ჰამასის“ მსგავსად, საკუთარი სტრუქტურული ხარჯების დასაფინანსებლად და ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად გეგმავდნენ.