ევროპულმა საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში, დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.
„ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც ძირს უთხრის ამ ღირებულებებს, არ უნდა ისარგებლონ ევროკავშირში გამარტივებული გადაადგილებით“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც პოლონეთის თავდაცვის მინისტრს, ტომაშ სიმონიაკს ეკუთვნის.
იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც სავიზო მოთხოვნები აღადგინა, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.
ეს გადაწყვეტილება არის რეაქცია გასულ წელს საქართველოს [მთავრობის] მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ზრდის სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ მსგავსი ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ფასილიტაციის შეთანხმება დაიდო და ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ევროსაბჭოს განცხადებით, წინადადება ასევე არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ გეგმავს.
უვიზო რეჟიმი შეუჩერდება:
- საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ იმართება.
- საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელ წევრებს.
- საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას შეღავათით კვლავაც ისარგებლებენ.