სტატისტიკის სააგენტო Eurostat-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აგვისტოს თვეში ევროზონაში ინფლაცია სამწლიან მინიმუმამდე, 2.2%-მდე შემცირდა. ამან ევროპის ცენტრალური ბანკისგან სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინი კიდევ უფრო გააძლიერა.
ძირითადი მაჩვენებელი – ენერგიის, საკვების, ალკოჰოლისა და თამბაქოს შედარებით არასტაბილური კომპონენტების გამოკლებით – აგვისტოში 2.8%-მდე შემცირდა, ივლისის 2.9%-დან.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, ევროზონის უდიდეს ეკონომიკაში, ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 2% შეადგინა. ანალიტიკოსები მაჩვენებლის 2.3%-ზე დაფიქსირებას ელოდნენ. 2.2%-მდე შემცირდა ინფლაცია საფრანგეთშიც, თუმცა ანალიტიკოსები მაჩვენებლის უფრო დაბალ ნიშნულზე ჩამოსვლას პროგნოზირებდნენ.
ევროზონის ბაზრები სექტემბერში ECB-ის მიერ საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირებას ელიან. ამ ნაბიჯის შემდეგ ის 3.5%-ზე ჩამოვა. შეგახსენებთ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, 2019 წლის შემდეგ პირველად, საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 3.75%-მდე ივნისში შეამცირა.