Facebook-ის საბაზრო მოცულობამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

Facebook-ის საბაზრო მოცულობამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

ისტორიაში პირველად, Facebook-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და მეხუთე კომპანია გახდა Apple-ის, Microsoft-ის, Amazon-ისა და Alphabet (google)-ის შემდგომ, რომლის საბაზრო მოცულობამაც ამ ნიშნულს მიაღწია.

28 ივნისს, მას შემდგომ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ ფეისბუკის წინააღმდეგ შეტანილი ანტიმონოპოლიური სარჩელი, კომპანიის აქციის ფასი 4,2%-ით გაიზარდა და 355,64 აშშ დოლარს მიაღწია.

ფეისბუკმა პირველად აქციები 2012 წელს გამოიტანა გასაყიდად, როდესაც მისი საბაზრო ღირებულება 104 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. კომპანიის შემოსავლების ძირითად წყაროს სოციალურ პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე, რეკლამების განთავსება წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის აქციების ფასი საგრძნობლად 2018 წელს, ბრიტანულ მონაცემთა საკონსულტაციო ფირმა „კემბრიჯ-ანალიტიკთან“ დაკავშირებული სკანდალის შემდგომ დაეცა, როდესაც ფეისბუკი დაახლოებით 87 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გაჟონვასა და პოლიტიკური მიზნებისთვის, კერძოდ, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს. მიუხედავად ამისა, კომპანიამ განაგრძო მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და დღეს ფეისბუკის აქციის ფასი 2018 წელთან შედარებით 90%-ითაა გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *