ჩინეთის უახლესი მეგააეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა

ჩინეთის უახლესი მეგააეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა

28 ივნისს დილის 11:10 საათზე ჩინეთის ჩენდუ ტიანფუს საერთაშორისო აეროპორტიდან პეკინის მიმართულებით პირველი ფრენა Sichuan Airlines-მა განახორციელა.

საავიაციო კერის პირველი ეტაპის აშენება დაახლოებით $10,8-მილიარდი დაჯდა.  აეროპორტს წელიწადში 60 მილიონამდე მგზავრის მომსახურების შესაძლებლობა აქვს, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონის განვითარებას.

აეროპორტის გახსნა პანდემიისგან სრულად გამოჯანმრთელების შემდგომ ჩინეთის სწრაფ ზრდას ემსახურება. ჩენდუს მასშტაბი, ულამაზესი პეიზაჟები და ქვეყანაში მისი ცენტრალური მდებარეობა ქალაქს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქცევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტურისტებს შორის.

ჩენდუ  ქვეყნის მესამე ქალაქია შანხაისა და პეკინის შემდეგ, რომელსაც უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტი აქვს.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის ბოლო მონაცემებით, 2021 წლის აპრილში 2019 წლის აპრილთან შედარებით ჩინეთის შიდა მიმოსვლა 6,8% -ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებამდე ძველი ჩენდუ შუანგლიუს საერთაშორისო აეროპორტი სიდიდით მეოთხე იყო ქვეყანაში მგზავრების მოცულობით, 2020 წელს კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რადგან მასზე ნაკლებად იმოქმედა პანდემიამ შიდა ბაზარზე დიდი დამოკიდებულების გამო.

ცნობისთვის, ახალი ჩენდუ ტიანფუს საერთაშორისო აეროპორტის პირველი ეტაპის დასრულებას ხუთი წელი დასჭირდა და მასში უახლესი ტექნოლოგიები, მათ შორის სახის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფა, თვითშემოწმების კიოსკები და უსაფრთხოების ჭკვიანი სისტემები ფუნქციონირებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აეროპორტში მოქმედებს სამი ასაფრენი ზოლი და ორი ტერმინალი, რომელთა საერთო ფართობი 710 000 კვადრატული მეტრია. სახელმწიფო მედიასაშუალება Xinhua-ს ცნობით, იგეგმება 1.4 მილიონი კვადრატული მეტრის ტერმინალების განთავსება, რომლებსაც ყოველწლიურად 120 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ.

ამ დროისთვის ახალი აეროპორტი საერთაშორისო მოგზაურთა უმეტესობისთვის დახურულია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *