ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში საფეხბურთო აგენტებმა მამაკაცთა ტრანსფერებიდან საერთო ჯამში 494.4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავეს.
FIFA-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აგენტებმა მამაკაცთა ფეხბურთში განხორციელებული ტრანსფერების ჯამური ღირებულების ($5 მილიარდი) დაახლოებით 10% მიიღეს.
გარდა ამისა, ფედერაციის ცნობით, წელს როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ფეხბურთში ტრანსფერების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, 9717 საერთაშორისო ტრანსფერი აღირიცხა, მეორე შემთხვევაში კი – 684. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით მამაკაცთა ფეხბურთში 16,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ქალთა ფეხბურთში კი – 14,4%-იანი.
თავის მხრივ, წინა წელთან შედარებით 29,7%-ით გაიზარდა მამაკაცთა ფეხბურთში განხორციელებული ტრანსფერების საერთო ღირებულება და 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ახალი რეკორდი დაამყარა ინგლისის პრემიერ-ლიგამ, რომელში მოასპარეზე კლუბებმაც უკანასკნელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელებში ჯამურად £1.9 მილიარდი ($2.2 მილიარდი) დახარჯეს.