Fitch-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში (IDR) BB- დონეზე სტაბილური პროგნოზით მიანიჭა.
სარეიტინგო სააგენტოს წინა პროგნოზი B+ იყო. Fitch რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზად ელექტროგენერაციის ახალ ბიზნესს ასახელებს, რეიტინგზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორად კი კომპანიის მცირე ზომას და შეზღუდულ ოპერაციებს.
Fitch აღნიშნავს, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგურზე გასულ წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავლების 43% მოდიოდა. შეგახსენებთ, რომ GOGC გარდაბნის თბოსადგურის 51%-ს ფლობს.
“მთავრობის მიერ GOGC-სთვის ახალი, მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიცემაში რისკს ვხედავთ, რადგან ის დაკავშირებულია მაღალ დანახარჯებთან. თუმცა, პროექტებს, რომლებიც აქამდე განხორციელდა კარგი მაჩვენებლები აქვს (ნამახვანი ჰესი), ან სახელმწიფოს გარანტია, რაც ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგზე ნეგატიურად მოქმედების რისკს ამცირებს”, – აღნიშნავს სააგენტო. ამასთან, Fitch რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორად ასახელებს გაზის სექტორის მომგებიანობაზე ზეწოლას და მხოლოდ ერთი მხარის SOCAR GAS-ის მხრიდან მნიშვნელოვანი თანხის მიღებას.