ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა – სამუშაო პროცესებში, ინფორმაციის მოძიებასა თუ იდეების გამოხატვისას. გასულ წელს ამ სფეროს წამყვანმა სტარტაპებმა ვენჩურული ფირმებისგან უზარმაზარი თანხები მოიზიდეს იმ აპლიკაციების განსავითარებლად, რომლებსაც ასობით მილიონი ადამიანი იყენებს – იურიდიული სფეროდან, პროგრამირებიდან თუ საბანკო სექტორიდან მუსიკამდე. AI-ის ეიფორიიდან სამი წლის შემდეგ, სტარტაპები იწყებენ იმის დამტკიცებას, რომ მაღალფარდოვანი იდეები მდგრად ბიზნესად შეიძლება გადაიქცეს. ეს Forbes-ის მერვე AI 50-ის სიაშიც კარგად ჩანს.
გიგანტები და მათი ფული
OpenAI და Anthropic-ი სიის უდიდეს კომპანიებად რჩებიან. ორივემ ვენჩურული დაფინანსების სახით ჯამში $242.6 მილიარდი მოიზიდა – სიაში შემავალი კომპანიების მთლიანი, $305.6 მილიარდის, ღირებულების დაახლოებით 80%. შემოსავლებიც სწრაფად იზრდება: თებერვლის ბოლოს OpenAI-ის წლიურმა შემოსავალმა $25 მილიარდს გადააჭარბა, აპრილის დასაწყისში კი Anthropic-მა $30-მილიარდიანი შემოსავლის ზღვრის გადალახვა დაადასტურა.

Anthropic-ისთვის თებერვალი განსაკუთრებული მოვლენებით იყო სავსე: ჯერ Claude Cowork-მა, რომელიც ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზეა გათვლილი, ბაზარი შეარხია და SaaS-ის, IT-ისა და იურიდიული სერვისების აქციები $285 მილიარდით დაეცა. შემდეგ კომპანიამ განახლებული Claude Opus-ი გამოუშვა, რომელიც პროგრამირების სფეროს ცვლის. ბოლოს კი Anthropic-ი პენტაგონთან საჯარო დაპირისპირებაში ჩაება – ავტონომიური იარაღებისა და მასობრივი თვალთვალის სისტემების შემოღებაზე უარის თქმის გამო კომპანია პენტაგონის შავ სიაში მოხვდა. ამან CEO დარიო ამოდეი AI-სამყაროს ერთგვარ გმირად აქცია – მის დასაცავად OpenAI-ი და Google-იც კი გამოვიდნენ. კომპანია ახლა $380 მილიარდად არის შეფასებული, ხოლო Claude-მა ChatGPT-ს გადაუსწრო და App Store-ის ყველაზე გადმოწერად აპლიკაციად იქცა.
ახალი სახეები
სიაში 20 ახალი კომპანიაა. მათ შორის გამოირჩევა რამდენიმე:

Gamma: ყოფილი საინვესტიციო ბანკირი გრანტ ლი უამრავ დროს ხარჯავდა PowerPoint-ის სლაიდების ფორმატირებაზე. დღეს მისი სტარტაპი ნებისმიერს აძლევს საშუალებას, მარტივი ტექსტური მოთხოვნით შექმნას პრეზენტაციები, სოციალური მედიის ვიზუალები და მთლიანი ვებსაიტები. 2020 წელს პროდუქტის პირველი ვერსია მარცხი აღმოჩნდა – ერთ-ერთი ინვესტორი ამბობდა, რომ ეს „ყველაზე ცუდი იდეა” იყო, რაც კი ოდესმე გაეგო. AI-ის სწრაფმა განვითარებამ ყველაფერი შეცვალა: Gamma 2023 წლიდან მოგებიანია, $2.1 მილიარდად ფასობს და 100 მილიონმა ადამიანმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც გამოიყენა.

Reflection: ბრუკლინში დაფუძნებული სტარტაპი $2.1 მილიარდის დაფინანსებით და $8-მილიარდიანი შეფასებით. DeepSeek-ისა და სხვა ჩინური კომპანიების ღია კოდის მოდელებთან კონკურენციისთვისაა შექმნილი, ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. მას მხარს უჭერენ Nvidia, Sequoia და Lightspeed-ი. კომპანიას საკუთარი AI ჯერ საჯაროდ არ გამოუშვია, თუმცა სამხრეთ კორეაში მონაცემთა ცენტრს უკვე აშენებს.

EliseAI: ქვეყნის უძრავი ქონების მართვის უმსხვილესი კომპანიების 80%-ზე მეტი იყენებს EliseAI-ის ჩატბოტებს – სარემონტო მოთხოვნების თვალყურის დევნებიდან, ბინის ტურების დაგეგმვამდე და იჯარის განახლებამდე. CEO მინა სონგმა კომპანიის დაარსებამდე უძრავი ქონების ფირმის მიმღებში მდივნის როლში იმუშავა, რათა ინდუსტრიის პრობლემები შიგნიდან შეესწავლა. „ახლა ინვესტორებთან შეხვედრებზე ისინი თავად გვთავაზობენ ჩვენს იდეებს”, – ამბობს სონგი.
კონსოლიდაცია და მოთამაშეების გაქრობა
გასული წელი ზოგიერთი კომპანიის გაქრობითაც და არსებული მოთამაშეების კონსოლიდაციითაც გამოირჩეოდა. Scale AI-ის CEO ალექსანდრ ვანგი Meta-ს სუპერინტელექტის ლაბორატორიის მეთაურად გადავიდა. ილონ მასკის xAI SpaceX-მა შეიძინა – ერთობლივი კომპანია $1.25 ტრილიონად ფასობს. Google-მა $2.4 მილიარდი გადაიხადა AI-კოდინგის სტარტაპ Windsurf-ის თანადამფუძნებლების დასაქირავებლად და მისი ტექნოლოგიის ლიცენზიისთვის. თავად Windsurf-ი კი $10 მილიარდად შეფასებულმა Cognition-მა შეიძინა.
სრული სია
კომპანია | ძირითადი სერვისი | მოზიდული დაფინანსება | დაფუძნების წელი | სათავო ოფისი |
| Abridge | AI-ჩანაწერების მწარმოებელი ექიმებისთვის | $830 მლნ | 2018 | სან-ფრანცისკო |
| Anthropic | AI-მოდელები და პროდუქტები | $60 მლრდ | 2021 | სან-ფრანცისკო |
| Applied Intuition | თვითმართვადი ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფა | $850 მლნ | 2017 | სანივეილი |
| Baseten | AI აპლიკაციების გაშვების პროგრამა | $585 მლნ | 2019 | სან-ფრანცისკო |
| Black Forest Labs | გამოსახულებისა და ვიდეოს გენერაციის პროგრამა | $450 მლნ | 2024 | ფრაიბურგი, გერმანია |
| Chai Discovery | წამლების აღმოჩენის AI | $225 მლნ | 2024 | სან-ფრანცისკო |
| Clay | AI-გაყიდვების ინსტრუმენტები | $204 მლნ | 2017 | ნიუ-იორკი |
| Cognition | AI-კოდინგის აგენტები | $1 მლრდ | 2024 | სან-ფრანცისკო |
| Cohere | AI-მოდელების შემქმნელი | $1.6 მლრდ | 2019 | ტორონტო |
| Crusoe | AI-მონაცემთა ცენტრების მშენებელი | $2.9 მლრდ | 2018 | დენვერი |
| Cursor | AI-კოდინგის პროგრამა | $3.3 მლრდ | 2022 | სან-ფრანცისკო |
| Cyera | AI-მონაცემთა უსაფრთხოება | $1.7 მლრდ | 2021 | ნიუ-იორკი |
| Databricks | მონაცემთა შენახვა და ანალიტიკა | $20 მლრდ | 2013 | სან-ფრანცისკო |
| Decagon | AI-აგენტები მომხმარებელთა მომსახურებისთვის | $481 მლნ | 2023 | სან-ფრანცისკო |
| ElevenLabs | ხმის გენერაციის პროგრამა | $800 მლნ | 2022 | ნიუ-იორკი |
| EliseAI | AI-აგენტები უძრავი ქონებისა და ჯანდაცვისთვის | $392 მლნ | 2017 | ნიუ-იორკი |
| Fal | გენერაციული მედიის ინფრასტრუქტურა | $330 მლნ | 2021 | სან-ფრანცისკო |
| Fireworks AI | AI-აპლიკაციების შემუშავების პროგრამა | $327 მლნ | 2022 | სან-მატეო |
| Gamma | AI-გრაფიკული დიზაინის ინსტრუმენტები | $91 მლნ | 2020 | სან-ფრანცისკო |
| Genspark.ai | AI-ინსტრუმენტები განათლების ინდუსტრიისთვის | $545 მლნ | 2023 | პალო-ალტო |
| Glean | საწარმოს საძიებო სისტემა | $770 მლნ | 2019 | პალო-ალტო |
| Harvey | იურიდიული ავტომატიზაციის პროგრამა | $1 მლრდ | 2022 | სან-ფრანცისკო |
| HeyGen | AI-ვიდეოს გენერაცია | $74 მლნ | 2022 | ლოს-ანჯელესი |
| Krea | გამოსახულების გენერაციის პროგრამა | $83 მლნ | 2022 | სან-ფრანცისკო |
| Legora | იურიდიული ავტომატიზაციის პროგრამა | $815 მლნ | 2023 | სტოკჰოლმი |
| Listen Labs | AI-მომხმარებელთა კვლევის ინსტრუმენტი | $100 მლნ | 2023 | სან-ფრანცისკო |
| Lovable | AI-აპლიკაციებისა და ვებსაიტების შემქმნელი | $552 მლნ | 2023 | სტოკჰოლმი |
| Mercor | მონაცემთა მარკირების სერვისი | $483 მლნ | 2023 | სან-ფრანცისკო |
| Midjourney | გამოსახულების გენერაციის პროგრამა | $0 | 2021 | სან-ფრანცისკო |
| Mistral AI | ღია კოდის AI-მოდელების შემქმნელი | $3.1 მლრდ | 2023 | პარიზი |
| Notion | პროდუქტიულობის პროგრამა | $330 მლნ | 2013 | სან-ფრანცისკო |
| OpenAI | AI-მოდელები და პროდუქტები | $182.6 მლრდ | 2015 | სან-ფრანცისკო |
| OpenEvidence | AI-ძიება ექიმებისთვის | $700 მლნ | 2022 | მაიამი |
| Perplexity | AI-საძიებო სისტემა | $1.7 მლრდ | 2022 | სან-ფრანცისკო |
| Physical Intelligence | AI-მოდელები რობოტიკისთვის | $1 მლრდ | 2024 | სან-ფრანცისკო |
| Reflection | ღია კოდის AI-მოდელები | $2.1 მლრდ | 2024 | ნიუ-იორკი |
| Replit | AI-აპლიკაციებისა და ვებსაიტების შემქმნელი | $880 მლნ | 2016 | ფოსტერ-სიტი |
| Rogo | AI-ფინანსური ინსტრუმენტები | $150 მლნ | 2022 | ნიუ-იორკი |
| Runway | ვიდეოსა და გამოსახულების რედაქტირების პროგრამა | $860 მლნ | 2018 | ნიუ-იორკი |
| SambaNova | AI-ჩიპების მწარმოებელი | $1.5 მლრდ | 2017 | სან-ხოსე |
| Sierra | AI-აგენტები მომხმარებელთა მომსახურებისთვის | $635 მლნ | 2023 | სან-ფრანცისკო |
| Skild AI | AI-სისტემები რობოტიკისთვის | $2 მლრდ | 2023 | პიტსბურგი |
| Speak | AI-ენის რეპეტიტორი | $162 მლნ | 2016 | სან-ფრანცისკო |
| Safe Superintelligence | AI-კვლევა | $3 მლრდ | 2024 | პალო-ალტო |
| Suno | მუსიკის გენერაციის პროგრამა | $375 მლნ | 2022 | კემბრიჯი |
| Surge AI | მონაცემთა მარკირების სერვისი | $0 | 2020 | სან-ფრანცისკო |
| Synthesia | AI-ავატარისა და ვიდეოს გენერატორი | $535 მლნ | 2017 | ლონდონი |
| Thinking Machines Lab | AI-კვლევა და პროდუქტები | $2 მლრდ | 2025 | სან-ფრანცისკო |
| Together AI | AI-ღრუბლოვანი პროვაიდერი | $548 მლნ | 2022 | სან-ფრანცისკო |
| World Labs | სივრცითი AI-მოდელების შემქმნელი | $1 მლრდ | 2023 | სან-ფრანცისკო |
















