ფოტო: delicious.com
2026 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგში ევროპა კვლავ ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს. თუმცა სიმდიდრის შეფასების სტანდარტები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია და, შედეგად, კონკრეტულ რეიტინგში სახელმწიფოთა პოზიციები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა მეთოდით იზომება ქვეყნის დოვლათი და, რეალურად, ვინ იღებს მისგან სარგებელს. ტრადიციული მიდგომების გადახედვამ, ფინანსური სერვისების პლატფორმა HelloSafe-ის უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგში ისეთი სახელმწიფოებიც კი, როგორებიც გერმანია და საფრანგეთია, ათეულს მიღმა დატოვა.
„მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნად ყოფნა მხოლოდ წარმოების მაღალ მოცულობაში არ გამოიხატება. ის იზომება იმისდა მიხედვით, თუ როგორ აისახება ეს სიმდიდრე რიგითი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 2026 წელს ასეთი ნორვეგიაა“, — ვკითხულობთ HelloSafe-ის ანგარიშში.
HelloSafe-ის ჯგუფის ექსპერტთა მტკიცებით, მხოლოდ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი რეალურ სურათს ამახინჯებს, რადგან ის ეყრდნობა დაშვებას, რომ ეროვნული დოვლათი მოსახლეობაზე თანაბრად ნაწილდება. ამ მხრივ თვალსაჩინო მაგალითია ირლანდია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, $150,000-ს შეადგენს, თუმცა დიდწილად მას ისეთი გიგანტების საქმიანობა განაპირობებს, როგორებიცაა Apple-ი, Google-ი და Pfizer-ი. ქვეყნის წარმოებულ პროდუქციასა და ოჯახის შემოსავალს შორის არსებული სხვაობა კი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით $70,000-ს შეადგენს.
ამ შეზღუდვების გათვალისწინებით, HelloSafe-ის „კეთილდღეობის ინდექსი“ 50-ზე მეტ ქვეყანას 100-ბალიანი სისტემით აფასებს. კვლევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), Eurostat-ისა და OECD-ის მონაცემებს ეყრდნობა და ერთიან საზომში უყრის თავს შემოსავლებს, უთანასწორობის დონესა და სხვა სოციალურ ინდიკატორებს. ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების რეიტინგის სათავეში, პირველი ხუთეულით, ევროპის რეგიონი დომინირებს.
სიის სათავეში ნორვეგიაა ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეროვნული შემოსავლისა (GNI) და სოციალური ბალანსის საუკეთესო მოდელის გათვალისწინებით. მთლიანი შიდა პროდუქტის მიუხედავად, რეალური შემოსავლის წყალობით, მეორე ადგილზეა ირლანდია, მესამეზე კი — ლუქსემბურგი, რომელმაც ინდექსის შექმნის შემდეგ პირველად დაკარგა ლიდერობა. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ქვეყნები ძლიერ ეკონომიკურ შედეგებს საუკეთესო სოციალურ მაჩვენებლებთან აერთიანებენ.
საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორისაა ისლანდია, რასაც ადამიანური განვითარების მაღალი ინდიკატორები და ფარდობითი სიღარიბის დაბალი დონე განაპირობებს. საპირისპირო მდგომარეობაა სინგაპურის შემთხვევაში — ქვეყანა შემოსავლების მხრივ მაღალ მაჩვენებლებს აფიქსირებს, თუმცა საერთო რეიტინგში არსებული სოციალური უთანასწორობის გამო შედარებით დაბალ პოზიციაზეა.
HelloSafe-ის წლევანდელ ანგარიშში ამერიკის შეერთებული შტატები მე-17 პოზიციას იკავებს. ეკონომიკური ძლიერების მიუხედავად, აშშ-ის შედეგებზე უარყოფითად მაღალი სოციალური უთანასწორობა და ფარდობითი სიღარიბის დონე აისახება. ევროპის გარეთ შეერთებული შტატები მე-17 ადგილზეა, რაც ასახავს ეკონომიკურ სიძლიერეს მაღალ უთანასწორობასთან და ფარდობით სიღარიბესთან ერთად.
აფრიკის კონტინენტზე ლიდერობას სეიშელის კუნძულები ინარჩუნებს, რაც რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, ადამიანური განვითარების დადებითი შედეგებითა და შედარებით დაბალი სოციალური უთანასწორობითაა განპირობებული. მას მოჰყვებიან მავრიკი და ალჟირი. სამხრეთ ამერიკაში რეიტინგის ლიდერი ურუგვაია — GNI-ის, სიღარიბის ყველაზე დაბალი დონისა და შემოსავლების თანაბარი გადანაწილების გათვალისწინებით. შემდეგ მოდიან ჩილე და პანამა. ხოლო აზიაში ლიდერი სინგაპურია, შემდეგ მოდიან კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
HelloSafe Prosperity Index 2026-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები:
- ნორვეგია (77.65)
- ირლანდია (75.06)
- ლუქსემბურგი (74.39)
- შვეიცარია (72.46)
- ისლანდია (72.23)
- სინგაპური (66.43)
- დანია (65.43)
- ნიდერლანდები (58.17)
- ბელგია (54.83)
- შვედეთი (54.62)
- კატარი (50.60)
- გერმანია (50.41)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები (50.22)
- ფინეთი (49.13)
- ავსტრალია (46.24)
- ავსტრია (43.46)
- ამერიკის შეერთებული შტატები (43.39)
- კანადა (39.44)
- ჩეხეთი (38.49)
- საფრანგეთი (38.12)















