4 სექტემბერს, Forbes Georgia-სა და Caspian Energy Club-ის ორგანიზებით, Hilton Batumi-ში კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა. ფორუმმა აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და შავი ზღვის რეგიონიდან 100-ზე მეტ მაღალი რანგის სტუმარს მოუყარა თავი.
ფორუმის მთავარი ამოცანა იყო კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ეკონომიკური, ლოგისტიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავება, სტრატეგიულ გამოწვევებზე პასუხის მოძებნა და ინოვაციური პროექტების წახალისება.
ფორუმის მხარდამჭერებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის ბიზნესასოციაცია და სხვა რეგიონული ორგანიზაციები. სპონსორები კი იყვნენ: PASHA Bank, SOCAR, CMC, Achar Energy, CCEH და Caspian Service.
საერთო ფორუმის ჩასატარებლად Forbes Georgia-სა და Caspian Energy Club-ს შორის თანამშრომლობა მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა შოთა დიღმელაშვილმა და გიუნელ გულიევამ, Caspian Energy Club-ის მმართველმა დირექტორმა.
ფორუმის დღის წესრიგი ორ პრეზენტაციასა და სამ პანელურ დისკუსიას მოიცავდა.
გიორგი აბრამიშვილმა (საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ) წარადგინა მოხსენება თემაზე „საქართველო, როგორც სტრატეგიული ენერგეტიკული დერეფანი“.
ნანა ბერძენიშვილმა (CCEH-ის ESG-ისა და მდგრადობის ხელმძღვანელმა) ისაუბრა ESG-სა და მისი რეგიონული პრაქტიკის შესახებ.
პანელურმა დისკუსიებმა სხვადასხვა მიმართულება მოიცვა:
მწვანე ენერგია: წარმოება, ტრანსმისია და დაფინანსება — მოდერატორი: ლევან ვეფხვაძე (საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი), სპიკერები: ჩაღათაი ულქერი (Achar Energy), ელმირ მუსაევი (SOCAR Green).
ენერგია და ტექნოლოგია — ჭკვიანი ინფრასტრუქტურა და ინოვაციები“— მოდერატორი: დავით ციცქიშვილი (Tsitsko Holding), სპიკერები: თორნიკე დარჯანია (Helios Energy), მურმან პატარაია (Biodiesel Georgia), ლევან კოკაია (GREDA).
ინვესტირება მწვანე ენერგიის მომავალში: რას უნდა ხედავდნენ გლობალური ინვესტორები— მოდერატორი: მაია მელიქიძე (GREDA), სპიკერები: ნადირ ბაბაზადე (ABB Invest), მარიამ ჩახვაშვილი (Galt & Taggart), ანდრო თვალიაშვილი (TBC Capital).
პანელებთან ერთად, ფორუმის პროგრამა ჰიდროელექტროსადგურებზე ტურებსაც მოიცავდა. მონაწილეებმა მოინახულეს ბახვის ჰესის კასკადი ბახვის მდინარეზე (CCEH-ის ორგანიზებით) და კირნათის ჰესი ჭოროხის ნაპირზე (Achar Energy-ის მხარდაჭერით). ფორუმი ბათუმის ღამის ცის ფონზე ვახშმით დასრულდა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ახალი კავშირები დაემყარებინათ პოტენციურ პარტნიორებთან.
კასპიის ენერგეტიკული ფორუმი Caspian Energy Club-ის ინიციატივაა. კლუბი, რომელიც 50 ქვეყნის 5,000-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, უკვე 22 წელს ითვლის. წელს ფორუმის მასპინძელ ქალაქად ბათუმი სტრატეგიული მდებარეობის გამო შეირჩა.