გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასულ კვირას ევროპარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც 2035 წლიდან ევროკავშირში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას კრძალავს. შედეგად, 2035 წლიდან ავტომწარმოებლებს მოუწევთ მათ მიერ გასაყიდად ჩაშვებულ ახალ მანქანებში CO2-ის გამონაბოლქვი 100%-ით შეამცირონ, რაც, ორგანიზაციის საზღვრებში, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას შეუძლებელს გახდის.

მნიშვნელოვანი სიახლეებია ტაივანშიც, სადაც პრეზიდენტმა 2050 წლამდე წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევის ვალდებულება კანონმდებლობით დაამტკიცა. ახალ წესდებაზე ხელმოწერით, ტაივანი რიგით მე-18 ქვეყანა გახდა, რომელმაც წმინდა ნულოვანი ემისიის სამიზნე კანონით დაამტკიცა. არ უნდა გამოგვრჩეს თურქეთიც, სადაც დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების დახმარება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად თურქეთის რეგიონებს, ელექტროენერგიის გადაუდებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, 12,000 მზის პანელი გადაეცა.

საინტერესო სიახლეები აქვს შვედურ კომპანია H&M-ს, რომელმაც ტექსტილის ნარჩენებისა და მეორეული ტანსაცმლის გადასამუშავებლად ახალი საწარმო შექმნა. კომპანია Remondis-თან თანამშრომლობით შექმნილი საწარმოს მიზანი, 2023 წელს, მინიმუმ, 40 მილიონი ტანსაცმლის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებაა.

ტაივანმა 2050 წლამდე წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევის ვალდებულება კანონმდებლობით დაამტკიცა

ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა კლიმატური ცვლილებების შესახებ ახალ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, რომელიც 2050 წლამდე წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევასა და მსხვილი დამბინძურებლებისთვის ნახშირბადის გადასახადების დაწესებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ტაივანს აზიის კლიმატურ პოლიტიკაში ძირითად მოთამაშედ აქცევს.

2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევის შესახებ გეგმა ტაივანის მთავრობამ ჯერ კიდევ 2021 წელს შეიმუშავა. ქვეყნის მთავარ გამოწვევად ქვანახშირზე მომუშავე ქარხნების ეტაპობრივი გათიშვა რჩება, ამის მიზეზი კი ცაის გადაწყვეტილებაა, 2025 წლისთვის სრულად შეწყვიტოს ატომური ენერგიის გამოყენება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გეგმით, 2025 წლისთვის განახლებადი ენერგიის გამოყენება 20%-მდე გაიზრდება.

ამ ყველაფერთან ერთად, ტაივანის ახალი კანონმდებლობით ნახშირბადის გამონაბოლქვზე ტარიფებიც ეტაპობრივად დაწესდება, რომელთა გადახდა ბიზნესსა და სუბიექტებს გამონაბოლქვის კონკრეტული ზღვრის გადალახვის შემთხვევაში მოუწევთ. გარდა ამისა, ტარიფების დაწესება იგეგმება ნახშირბადინტენსიური პროდუქციის იმპორტის შემთხვევაშიც.

ტარიფების დაწესებით მიღებული შემოსავალი „სათბური აირების მართვის ფონდში“ გადაირიცხება, რომელიც ნახშირბადის შემცირების ტექნოლოგიების განვითარებასა და ადგილობრივი მთავრობის კლიმატურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოხმარდება. „ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც ტაივანს რიგით მე-18 ქვეყნად აქცევს, რომელმაც წმინდა ნულოვანი ემისიის სამიზნე კანონით დაამტკიცა“, – განაცხადა ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის ექსპერტმა ჩია-ვეი ჩაომ, რომელიც ტაივანის მთავრობასთან ერთად კანონპროექტზე მუშაობდა.

ცნობისთვის, ტაივანი გასული წლის ნოემბერში ეგვიპტეში გამართული გაეროს COP27 კლიმატურ სამიტზე მიწვეული არ იყო. მიუხედავად ამისა, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული ინდუსტრიების მეშვეობით, რომელთაც სტრატეგიული პოზიცია უკავიათ ტექნიკური მიწოდების გლობალურ ჯაჭვში, ტაივანის კლიმატური რეგულაციები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მწარმოებლებისა და ინვესტორების ქმედებებზე.

ევროპარლამენტმა 2035 წლიდან წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვა აკრძალა

ევროპარლამენტმა გასულ კვირას ოფიციალურად დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც 2035 წლიდან ევროკავშირში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას აკრძალავს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ელექტრომობილებზე გადასვლის დაჩქარებასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის გააქტიურებას ისახავს მიზნად.

ახალი კანონმდებლობით, 2035 წლიდან ავტომწარმოებლებს მოუწევთ მათ მიერ გასაყიდად ჩაშვებულ ახალ მანქანებში CO2-ის გამონაბოლქვი 100%-ით შეამცირონ, რაც, 27 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ბლოკის საზღვრებში, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას შეუძლებელს გახდის.

ამასთან ერთად, ახალი კანონით, 2030 წლიდან გაყიდულ ახალ ავტომობილებში CO2-ის ემისიები 2021 წელთან შედარებით 55%-ით უნდა შემცირდეს, რაც გაცილებით აღემატება აქამდე არსებულ სამიზნეს, 37.5%-ს. რაც შეეხება ფურგონებს, მათ შემთხვევაში 2030 წლამდე მისაღწევი მიზანი, ემისიების 2021 წლის დონესთან შედარებით, 50%-ით შემცირებით განისაზღვრა.

„ელექტრომობილების საოპერაციო ხარჯები უკვე შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების საოპერაციო ხარჯებზე დაბალია“, – განაცხადა ახალ კანონმდებლობაზე ევროპარლამენტის წამყვანმა მომლაპარაკებელმა იან უიტემამ და დასძინა, რომ მომხმარებლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შედარებით უფრო ხელმისაწვდომი ელექტროავტომობილების შემოტანას ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას გასული წლის ოქტომბერში მიაღწიეს, თუმცა წესდების ძალაში შესასვლელად ჯერ კიდევ რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო. სავარაუდოდ, შეთანხმება ოფიციალურად მიმდინარე წლის მარტში დამტკიცდება. ნულოვანი ემისიის ავტომობილებზე გადასვლის დაჩქარებით, ევროკავშირის მიზანი ემისიების მეოთხედის შემცირებაა, რომელიც სწორედ ავტომობილების მიერ წარმოიქმნება. გარდა ამისა, ორგანიზაციის გეგმით, ბლოკის ქვეყნებში ძირითადი გზების გასწვრივ ელექტრომობილების საჯარო დასამუხტი წერტილების განთავსებაც იგეგმება.

ევროპაში ავტომწარმოებელთა დიდმა ნაწილმა ელექტრიფიკაციაში ინვესტიციების ზრდა უკვე დაიწყო. მაგალითად, Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტომას შეფერის ინფორმაციით, მათი ბრენდი 2033 წლიდან ევროპაში მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს.

გასულ წელს მთავრობებმა წიაღისეული საწვავის სუბსიდირებაზე რეკორდული $1 ტრილიონი დახარჯეს

მიუხედავად გლობალური მთავრობების ამბიციებისა, რაც შეიძლება სწრაფ ვადებში შეამცირონ დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე, გასულ წელს მათ რეკორდული $1 ტრილიონი დახარჯეს ენერგიის იმ წყაროების სუბსიდირებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზია.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, ნავთობის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და ქვანახშირის სუბსიდიებმა 2022 წელს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. მთავარი მიზეზი კი ენერგიაზე ფასების მკვეთრი ზრდაა, რამაც ქვეყნების ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინა. თუმცა IEA ყურადღებას მთავრობების გამოწვევებზეც ამახვილებს, რომლებიც ერთდროულად ინფლაციის მოსალოდნელ საფრთხეებთან გამკლავებასა და ნახშირბადის დაბალი შემცველობის წყაროებზე გადასვლას ცდილობენ.

BloombergNEF-ის მონაცემებით, 2022 წელს მთავრობების მიერ გაწეული ხარჯი ორჯერ აღემატებოდა განახლებად ენერგიაში მთლიან გლობალურ ინვესტიციას. მთავრობებმა კი ენერგიის სუბსიდირებაზე რეკორდული თანხა 2021 წლის კლიმატური მოლაპარაკებების შემდეგ დახარჯეს, სადაც მათ სწორედ მსგავსი ტიპის სუბსიდიების შეწყვეტის პირობა დადეს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში გლაზგოს კლიმატის პაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც წიაღისეულ საწვავზე სუბსიდიების ეტაპობრივი შემცირება სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესის ფუნდამენტურ ნაბიჯად დაასახელა. თუმცა ანგარიშში საუბარია არსებულ გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისზეც, რომელმაც მთავრობები პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენა.

სუბსიდიების მიზანს კი, არსებული გლობალური კრიზისის ფონზე, ენერგიის მზარდი ფასებისგან მომხმარებელთა დაცვა წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში, რუსეთმა, უკრაინაში შემჭრის შემდგომ, ევროკავშირს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა, რის გამოც სამომხმარებლო ენერგოგადასახადების შესამცირებლად, ბლოკს $349 მილიარდის დახარჯვა მოუწია.

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს 12,000 მზის პანელი გადაეცემა

„მზის ენერგიის მრეწველებისა და ინდუსტრიის ასოციაციის“ (GENSED) ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს, ელექტროენერგიის გადაუდებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, 12,000 მზის პანელი გადაეცემა.

GENSED-ის გენერალური მდივნის ჰაკან ერკანის განცხადებით, დაზარალებული რეგიონების გადაუდებელი საჭიროების მარაგების დასადგენად, ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს „მზის ენერგიის საერთაშორისო საზოგადოების“ (GÜNDER) თურქეთის განყოფილებასა და „ენერგეტიკის ინვესტორთა ასოციაციასთან“ (GÜYAD).

ერკანის ცნობით, მზის ენერგიის სექტორის წევრი კომპანიები მზად არიან მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად და იქ საჭირო აღჭურვილობის გასაგზავნად. მათ შორისაა მზის პანელები, ინვერტორები და ბატარეები, რომლებიც მიწის ზედაპირზე ან სახურავზე დამონტაჟდება და არსებულ ენერგეტიკულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

როგორც GENSED-ის გენერალური მდივანი აღნიშნავს, მზის პანელებისა და სხვა აღჭურვილობის დამონტაჟება საკმაოდ მარტივია, თუმცა პირველ ჯერზე ინსტალაციას GENSED-ის, GÜNDER-ისა და GÜYAD-ის კომპანიებში მომუშავე ტექნიკური პერსონალი თავადვე, უფასოდ განახორციელებს.

„საწყის ეტაპზე, რეგიონებში აღჭურვილობის 4,000 ერთეული გაიგზავნება, რაც საკმარისია 1,000 კონტეინერის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ერკანმა და დასძინა, რომ ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლობაც მათ ასოციაციებს ეკისრებათ. საერთო ჯამში, რეგიონებში 400-500 ვატის სიმძლავრის 12,000 მზის პანელი გაიგზავნება.

ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებული რეგიონებისთვის გადაცემული პანელებისა და სხვა აღჭურვილობის ხარჯები ნაწილობრივ შემოწირულებებით, ნაწილი კი დახმარების აღმომჩენი ორგანიზაციების, მათ შორის Ahbap Association-ის მიერ დაიფარა. ცნობისთვის, Ahbap Association-ი მოხალისეთა ორგანიზაციაა, რომელიც თურქი როკვარსკვლავის, ჰალუკ ლევენთის მიერ დაარსდა.

ტექსტილის ნარჩენებისა და მეორეული ტანსაცმლის გადასამუშავებლად, H&M-ი საწარმოს ქმნის

Hennes & Mauritz-ი ტექსტილის გადამუშავების მიმართულებით განვითარებას გეგმავს, რისთვისაც, მოდის ინდუსტრიაში წარმოქმნილ ნარჩენებთან გასამკლავებლად, საწარმოს ქმნის. შვედური ბრენდისა და გადამუშავების კომპანია Remondis-ის თანამშრომლობით შექმნილი საწარმოს მიზანი, 2023 წელს, მინიმუმ, 40 მილიონი ტანსაცმლის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებაა.

კომპანიების ახალი ერთობლივი ბიზნესი სახელწოდებით Looper Textile-ი, გამოყენებულ და არასასურველ ტანისამოსს შეაგროვებს და მათ მეორეული ტანისამოსის კომპანიებსა და გადამუშავების ინდუსტრიას მიჰყიდის. „ჩვენი საქმიანობა დაუხარისხებელი ნარჩენების გამოყენებად პროდუქტად გადაქცევაა“, – განაცხადა Looper Textile-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ემილი ბოლონმა.

Looper Textile-ი ტანისამოსს ევროპის მასშტაბით არსებული მუნიციპალური კონტეინერებიდან და თავად H&M-ის იმ პროგრამის საშუალებით შეაგროვებს, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს. კომპანიის შეფასებით, შეგროვებული საქონლის 60% ვარგისია გადაყიდვისთვის და მიეწოდება ბაზრის მოთამაშეთა ფართო სპექტრს, დაწყებული ევროპის ონლაინპლატფორმებით, დასრულებული აღმოსავლეთ ევროპის დაბალი ფასის მქონე მეორეული ტანისამოსის ქსელებითა და აფრიკაში იმპორტირებით.

ტანსაცმლის მესამედი განკუთვნილია გადამმუშავებელი ქარხნებისთვის, სადაც საქონელი ძირითადად მანქანის თბოიზოლაციად და რბილი ავეჯის შიგთავსად გამოყენებისთვის გარდაიქმნება. ხოლო ტანისამოსი, რომელიც ხელახალი გამოყენებისთვისა და გადამუშავებისთვის ვარგისი არ აღმოჩნდება (თითოეული შეგროვებიდან დაახლოებით 5%), ელექტროსადგურებში განადგურდება.

აღსანიშნავია, რომ შეგროვებულ ტანსაცმელს ძირითადად ადამიანები დაახარისხებენ, თუმცა გამოყენებული იქნება ავტომატური ტექნოლოგიებიც. მოდის ინდუსტრია ყოველწლიურად 100 მილიარდამდე ტანისამოსს, შესაბამისად, დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის საშუალოდ 14 ერთეულ სამოსს აწარმოებს. საკონსულტაციო ფირმა  McKinsey & Co-ს მონაცემებით, არასასურველი ტანისამოსის მხოლოდ მესამედი გროვდება, საიდანაც 1%-ზე ნაკლები გადამუშავდება.

კლიმატის დამცველმა აქტივისტებმა ამჯერად თავი ბერლინალეს წითელ ხალიჩაზე მიიწებეს

კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლმა ორმა აქტივისტმა, გასულ კვირას, ბერლინის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიისას, წითელ ხალიჩაზე მიიწებეს თავი და თავიანთი ქმედებით გერმანიის მთავრობას კლიმატის ცვლილებებისადმი ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.

ორი აქტივისტი ბერლინალეს კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე, ვარსკვლავების გამოჩენის შემდგომ, წებოთი ხალიჩას მიეკრა, მაშინ როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა და ამერიკელი რეჟისორის, რებეკა მილერის ფილმის, „She Came To Me“-ის პრემიერა მიმდინარეობდა. თვითმხილველთა განცხადებით, ინციდენტის გამო, ფესტივალის გახსნის ცერემონია არ შეწყვეტილა.

პროტესტის ორგანიზატორი Last Generation-ია, რომლის განცხადებითაც, არსებულ მთავრობას და საზოგადოებას შანსი აქვს, მსოფლიოს მილიარდობით ადამიანის სიკვდილის გამომწვევი კლიმატური ჯოჯოხეთი ააცილოს თავიდან. კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტების განცხადებით, კრიზისთან ბრძოლის მცირემასშტაბიანი რეკლამირება, როგორც ეს, მაგალითად, ბერლინალეზე ხდება, საკმარისი არაა და ვერ გადაარჩენს მსოფლიოს მოსალოდნელი კატასტროფისგან.

შეგახსენებთ, რომ კლიმატის დამცველი აქტივისტები პროტესტის მსგავს ფორმებს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ. გამონაკლისი არც Last Generation-ია, რომელთა წევრებმაც რამდენიმე თვის წინ „ლეოპოლდის მუზეუმში“ გუსტავ კლიმტის ნახატს „სიკვდილი და სიცოცხლე“ ცხიმიანი სითხე შეასხეს, შემდეგ კი მინაზე თავი მიიმაგრეს. ამ ფორმით, ეკოაქტივისტების ჯგუფმა ნავთობის მოპოვებითი სამუშაოები გააპროტესტეს.