Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო გამორჩეული. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული კოსმოსის ათვისების მიმართულება აღმოჩნდა. მაგალითისთვის, 11 ნოემბერს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდით Crew-3-ის სახელწოდებით ცნობილი მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოთხი ასტრონავტი გაემგზავრა. მანამდე კი, 9 ნოემბერს, ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი მოდულიდან Crew-2-ის ეკიპაჟის წევრები დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდნენ. ამას გარდა, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა ვერტმფრენმა Ingenuity-მ ციურ სხეულზე რიგით მე-15 ფრენა წარმატებით შეასრულა.

მნიშვნელოვანი სიახლეებია მედიცინის დარგში. იაპონელმა მეცნიერებმა კვლევის შედეგები გაასაჯაროვეს, რომლის თანახმადაც, მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ მაიმუნებზე ჩატარებული ცდებისას აივ-ინფექცია მთლიანად გაანადგურა. ასევე, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია Pfizer-მა გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან ერთად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ბუსტერული დოზის 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანში გამოყენების ნებართვისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) მიმართა.

SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში ოთხი ასტრონავტი გაფრინდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ით დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) სამი ასტრონავტი – რაჯა ჩარი, ტომ მარშბერნი და კაილა ბარონი, ასევე ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) მომუშავე მათიას მაურერი გაემგზავრა. როგორც ცნობილია, Crew-3-ის სახელწოდებით ცნობილ მისიაში მონაწილე ეკიპაჟის წევრები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვეს გაატარებენ.

ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 11 ნოემბერს, თბილისის დროით 06:03 საათზე აფრინდა და Crew Dragon-ის კაფსულა, რომელსაც ასტრონავტებმა Endurance-ი შეარქვეს, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე აიტანა. ეს SpaceX-ის მიერ 2021 წელს შესრულებული რიგით 24-ე ფრენა იყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფლორიდის შტატიდან კოსმოსში საერთო ჯამში 25 მისია განხორციელდა.

დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე Crew Dragon-ით ასტრონავტების გაშვება ჰელოუინზე იგეგმებოდა, თუმცა ფრენა უამინდობის გამო გადაიდო. მოგვიანებით კი ერთ-ერთ ასტრონავტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, რის გამოც მისიის განხორციელების თარიღმა კიდევ უფრო გადაიწია.

Crew-3-ის ეკიპაჟის წევრების ორბიტაზე გაგზავნამდე, 9 ნოემბერს, თბილისის დროით 07:33 საათზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე NASA-ს ორი ასტრონავტი – შეინ კიმბრო და მეგან მაკარტური, ESA-ს ასტრონავტი – თომას პესკე და იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში (JAXA) მომუშავე აკიჰიკო ჰოშიდე დაბრუნდნენ. Crew Dragon-ის კაფსულა მექსიკის ყურეში უსაფრთხოდ დაეშვა. ეკიპაჟი დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე მიმდინარე წლის აპრილში გაემგზავრა და იქ დაახლოებით 6 თვე დაყო.

შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ის სადებიუტო სატესტო ეკიპაჟიანი მისია 2020 წლის მაისში განხორციელდა. აპარატით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი გაფრინდნენ. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს Space Shuttle-ის ხომალდით ფრენების შეჩერების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან ასტრონავტები კოსმოსში გაემგზავრნენ.

NASA-ს ვერტმფრენმა Ingenuity-მ მარსზე რიგით მე-15 ფრენა შეასრულა

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსმავალ Perseverance-თან ერთად წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ვერტმფრენმა ციურ სხეულზე რიგით მე-15 ფრენა შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გავრცელდა.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, Ingenuity-ს სახელწოდებით ცნობილი ვერტმფრენი, რომელიც სულ რაღაც 1.8 კილოგრამს იწონის, მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერიდან აფრინდა და ჰაერში საერთო ჯამში 128.8 წამი დაყო. NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში მომუშავე სპეციალისტების ცნობით, აპარატზე დამონტაჟებულმა კამერამ სამეცნიერო კვლევებისთვის საინტერესო ფოტოები მოიპოვა, რომლებსაც ორგანიზაცია უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. მათ ჯერჯერობით მხოლოდ Ingenuity-ს სანავიგაციო კამერის მიერ გადაღებული შავ-თეთრი ფოტო გაავრცელეს, რომელზეც მარსის ზედაპირი და ვერტმფრენის ჩრდილია აღბეჭდილი.

გეგმის მიხედვით, მისიის განმავლობაში Ingenuity-ს 12 მეტრი სიმაღლისთვის უნდა მიეღწია და 17.9 კმ/სთ სიჩქარით 406 მეტრი დისტანცია დაეფარა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა ვერტმფრენმა ამ დავალებისთვის თავის გართმევა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Ingenuity, რომლის ღირებულებაც 85 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მარსმავალ Perseverance-თან ერთად წითელი პლანეტისკენ რაკეტა Atlas V-ის დახმარებით ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. წყვილი მარსზე მდებარე 45 კილომეტრი დიამეტრის მქონე ჯეზეროს კრატერში მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაეშვა. ამის შემდეგ აპარატები ციური სხეულის გამოკვლევას ცდილობენ.

აღსანიშნავია, რომ მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლად საერთო ჯამში 2.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერებს ამისთვის საუკეთესო ადგილად ჯეზეროს კრატერი მიაჩნიათ. სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ იქ რამდენიმე მილიარდი წლის წინ ტბა და მდინარის დელტა იყო. მათი ეს მოსაზრება ცოტა ხნის წინ Perseverance-მა დაადასტურა.

Pfizer-მა კოვიდის ვაქცინის ბუსტერული დოზის ყველა სრულწლოვანისთვის გამოყენების ნებართვისთვის FDA-ს მიმართა

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია Pfizer-მა გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან ერთად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ბუსტერული დოზის 18 წლისა და უფროსი ასაკის ყველა ადამიანში გამოყენების ნებართვისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) მიმართა.

შეგახსენებთ, რომ FDA-მ Pfizer-BioNTech-ის პრეპარატის დამატებითი, მესამე დოზის გამოყენება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაუშვა, თუმცა ის ჯერჯერობით მხოლოდ 65 წლისა და უფროსი ასაკის, ასევე 18-დან 64 წლამდე იმ პირებისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლებიც ე.წ. რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ. ცნობისთვის, აღნიშნული ვაქცინის ბუსტერული დოზის ინიექცია მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ არის რეკომენდებული.

როგორც ცნობილია, Pfizer-ი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს დაახლოებით 10 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევის წინასწარ შედეგებს გაუზიარებს, რათა პრეპარატის ბუსტერული დოზის კამპანიამ კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მოიცვას. კომპანიის მიერ წარმოებულ ბოლო ცდებზე დაყრდნობით დგინდება, რომ დამატებითი ვაქცინის გაკეთების შემდეგ იმუნიტეტი ძლიერდება და სიმპტომური COVID-19-ით დაავადების რისკი 95%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ პრეპარატის ბუსტერული დოზა ასეთ ეფექტიანობას დელტა შტამის მიმართაც ავლენს. ისიც უნდა ითქვას, რომ მესამე ინიექციის შემდეგ ცდისპირებში აღწერილი თანამდევი  მოვლენები ისეთივე იყო, როგორიც ვაქცინის პირველი და მეორე დოზების გაკეთებისას.

კვლევაში მონაწილეთაგან ნაწილს პრეპარატის ბუსტერული დოზა გაუკეთეს, ნაწილს კი ორგანიზმში მედიკამენტის ნაცვლად პლაცებო შეუყვანეს. ცდისპირებს შორის, რომლებმაც დამატებითი ვაქცინა მიიღეს, სიმპტომურმა კორონავირუსმა მხოლოდ 5-ში იჩინა თავი, პლაცებოს ჯგუფში კი ასეთი 109 შემთხვევა გამოვლინდა.

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტო Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას ყველა სრულწლოვანი პირისთვის დაუშვებს, ჯერი ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე მიდგება. CDC-მ ბუსტერის გამოყენების შესახებ რეკომენდაციები უნდა გასცეს.

აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად Pfizer-ი კორონავირუსის სამკურნალო აბის შექმნაზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ექსპერიმენტულმა პრეპარატმა კლინიკური ტესტირებისას მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. კერძოდ კი, ცდებზე დაყრდნობით, მედიკამენტი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს.

ასტრონომებს „ჰაბლის“ ჩასანაცვლებლად $11-მილიარდიანი ტელესკოპის შექმნა სურთ

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიების (NASEM) წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს მიმდინარე ათწლეულის გეგმა – ე.წ. Astro 2020, რომელშიც ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სფეროში რეკომენდაციები და პრიორიტეტებია მოცემული. ანგარიშში ასტრონომიულ აღჭურვილობებში, ასევე პროექტებში განსახორციელებელი ინვესტიციების შესახებაა საუბარი.

მოხსენებაში ერთ-ერთი რეკომენდაცია აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოსა (NASA) და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაშვებული „ჰაბლის“ ტელესკოპის ჩანაცვლებაა, რომელსაც ბოლო პერიოდში ტექნიკური პრობლემა არაერთხელ შეექმნა. Astro 2020 მეცნიერებს მის შესაცვლელად ახალი ხელსაწყოს შექმნას სთავაზობს, რომელიც წინასწარი გამოთვლებით 11 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.

ახალი ტელესკოპი, რომელსაც „დიდ ობსერვატორიას“ უწოდებენ, ასტრონომებს ოპტიკური, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი ტალღების სიგრძეებზე დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს. აქედან გამომდინარე, ხელსაწყო მეცნიერებს ბნელი მატერიის შესწავლაში, ასევე სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში განლაგებული ეგზოპლანეტების, ნეიტრონული ვარსკვლავებისა და სხვა კოსმოსური ობიექტებისა თუ ფენომენების გამოკვლევაში დაეხმარება.

პროექტის ავტორების განცხადებით, „დიდი ობსერვატორიის“ მეშვეობით შორეულ კოსმოსში მდებარე იმ პლანეტებზე დაკვირვებას შევძლებთ, რომლებიც საკუთარ ვარსკვლავებზე 10-მილიარდჯერ უფრო ნაკლებად მკრთალები არიან. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ აღნიშნულ ტელესკოპს არამიწიერი ცივილიზაციების ძიებისას წარმატებით გამოიყენებენ.

ცნობისთვის, „ჰაბლი“ დედამიწის დაბალ ორბიტაზე ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 1990 წლის 24 აპრილს გაუშვეს. მან ფუნქციონირება ამავე წლის 20 მაისიდან დაიწყო და დღემდე უამრავი ობიექტის შთამბეჭდავი გამოსახულება მოიპოვა. მიმდინარე წლის დეკემბერში „ჰაბლს“ ჯეიმს ვების სახელობის ტელესკოპი შეუერთდება, რომელიც აშშ-ის, ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

ახალმა ვაქცინამ მაიმუნებზე ჩატარებული ცდებისას აივ-ინფექცია გაანადგურა

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელმაც მაიმუნებში აივ-ინფექცია (HIV) გაანადგურა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა National Library of Medicine-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი. მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათ პრეპარატს ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის ფონზე განვითარებული შიდსის (AIDS) დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად კაცობრიობა მალე წარმატებით გამოიყენებს.

შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომის, იმავე შიდსის სამკურნალოდ ამჟამად მედიკამენტებს იყენებენ, თუმცა ამ დროისთვის არსებულ ყველაზე ძლიერ პრეპარატებსაც კი ვირუსის მთლიანად განადგურება არ შეუძლიათ. ისინი ორგანიზმში მხოლოდ ამ უკანასკნელის რაოდენობას ამცირებენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და უფრო მეტიც, შესაძლოა, შედეგად თანამდევმა  მოვლენებმა იჩინოს თავი. ზოგჯერ HIV-ის მედიკამენტების ხშირად მიღება ამ პრეპარატებთან ტოლერანტული ინფექციის განვითარებას იწვევს.

შიდსის გამომწვევ ვირუსთან საბრძოლველად იაპონელმა მეცნიერებმა სპეციფიკური ბაქტერიის გამოყენებით შექმნეს ვაქცინა, რომელიც იმუნურ პასუხს აძლიერებს. მათ შვიდი კიბორჩხალაჭამია მაკაკა HIV-ის პოტენციურად მომაკვდინებელი ფორმით დააინფიცირეს. აღსანიშნავია, რომ შვიდიდან ექვსი ცდისპირის შემთხვევაში ვირუსი უკვალოდ გაქრა. სპეციალისტები ამჟამად ადამიანებისთვის განკუთვნილი ვაქცინის შექმნას ცდილობენ.

აღსანიშნავია, რომ HIV-ის საწინააღმდეგო პრეპარატზე ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ც მუშაობს. მან ცოტა ხნის წინ mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინის კლინიკური ტესტირება დაიწყო. როგორც ცნობილია, კვლევაში 18-დან 50 წლამდე ასაკის, 56 პირი მონაწილეობს.

2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში აივ-ინფექცია 37.7 მილიონ ადამიანში იყო გამოვლენილი. აქედან 1.5 მილიონი გასული წელს დაინფიცირდა. ამავე პერიოდის განმავლობაში შიდსით დაახლოებით 680 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

NASA-მ ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნის თარიღი 2025 წლამდე გადასწია

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ცნობით, მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნა 2025 წელზე ადრე ვერ მოხერხდება. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია პროგრამა „არტემისის“ განხორციელებას 2024 წლის ნოემბერში გეგმავდა.

მისიის დათქმულ ვადაში განხორციელებას ხელი კორონავირუსის პანდემიამა და ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის სარჩელმა შეუშალა. ამ უკანასკნელმა NASA-ს მიერ მიმდინარე წლის აპრილში მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმადაც მთვარეზე დასაჯდომი მოდულის შესაქმნელად ორგანიზაციამ კონტრაქტი ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან გააფორმა. სარჩელის გამო ლენდერზე მუშაობის პროცესი 4 ნოემბრამდე შეჩერდა. სწორედ ამ დღეს Blue Origin-მა NASA-სთან და SpaceX-თან დავა წააგო.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნამდე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ სატესტო მისია Artemis 1 განხორციელდება. მათი ცნობით, ხომალდ Orion-ს იქ 2022 წლის თებერვალში, ეკიპაჟის გარეშე გაუშვებენ. ამის შემდეგ, 2024 წლის მაისში მისია Artemis 2-ის ფარგლებში ასტრონავტები აპარატით მთვარეს შემოუვლიან და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდებიან. ისინი ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე მომდევნო მისიის, Artemis 3-ის განმავლობაში დაეშვებიან. ამას კი, როგორც სააგენტო იუწყება, 2025 წლამდე არ უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ NASA თავდაპირველად მთვარის ზედაპირზე ორ ასტრონავტს დასვამს. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ფეხს, ისტორიაში პირველად, ქალი და ფერადკანიანი ადამიანი დაადგამს. NASA-ს მიზანი, მთვარეზე დაბრუნების გარდა, იქ სამეცნიერო კვლევებისთვის განკუთვნილი ბაზების განთავსებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *