Spotify-მ აუდიოწიგნების პლატფორმა Findaway-ი შეიძინა

Spotify-მ აუდიოწიგნების პლატფორმა Findaway-ი შეიძინა

ცოტა ხნის წინ შვედურმა Spotify-მ აუდიოწიგნების წამყვანი პლატფორმა Findaway შეიძინა – როგორც ჩანს, სულ მალე, სტრიმინგის შვედურ პლატფორმაზე გაცილებით მეტი აუდიოწიგნი განთავსდება. ორი პლატფორმის ინტეგრაციის კონკრეტული სქემა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ამ შესყიდვით Spotify-ზე არსებული კატალოგი სწრაფად გაიზრდება, რაც გამომცემლებსა და ავტორებს დამატებით სტიმულს შეუქმნის.

აუდიოწიგნების წამყვანი პლატფორმის შეძენა Spotify-სგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ეს ნაბიჯი იმ ექსპანსიის ნაწილია, რომლის ხედვა აუდიოგიგანტმა ჯერ კიდევ 2019 წელს წარმოადგინა. „Spotify-ის ამბიციური მიზანია, რომ საბოლოო დანიშნულების წერტილად იქცეს ყველა სახის აუდიოჩანაწერების მაძიებელთა და შემქმნელთათვის. Findaway-ის შეძენით, აუდიოწიგნების გარემოში Spotify-ს არსებობას კიდევ უფრო გავამყარებთ, რაც ჩვენი ამბიციური გეგმის აღსრულებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა Spotify-ის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გუსტავ სოდერსტრომმა.

ცნობისთვის, ის მიდგომა, რომელიც Spotify-მ აუდიოწიგნების ინდუსტრიაში შესაღწევად იყენებს, ძალიან ჰგავს შვედური კომპანიის პოდკასტების ინდუსტრიის ათვისების სქემას: სტარტაპებისა და ჩამოყალიბებული კომპანიების შეძენა, მათი კატალოგების გამოყენება და ტექნოლოგიის ათვისება. Spotify-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შვედური კომპანია Findaway-ის ინოვაციურ ტექნოლოგიას გამოიყენებს, რაც, Spotify-ის პერსონალიზაციის ხელსაწყოებთან ერთად,  პლატფორმის ზრდას უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.