ელექტრომობილების ინდუსტრიაში მიმდინარე ფასების ომში Ford-იც ჩაერთო და საკუთარი ელექტროპიკაპის, F-150 Lightning-ის საბაზისო მოდელის ფასი 17%-ით შეამცირა. Ford-ს კონკურენტების მსგავსად ელექტრომობილების ბაზარზე, სადაც Tesla დომინირებს, საკუთარი წილის გაზრდა სურს.
აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ Ford-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 6%-ით შემცირდა. ამერიკულმა ავტომწარმოებელმა საკუთარი ელექტროპიკაპის ღირებულება მიმდინარე წლის დასაწყისში გაზარდა და გარემოებების გათვალისწინებით შემცირება ამ დრომდე ვერ შეძლო. მეორე კვარტალში Ford-ის ელექტრომობილების გაყიდვები 2.8%-ით შემცირდა.
ინდუსტრიაში ფასების ომი Tesla-მ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც საკუთარ ელექტრომობილებზე ფასები შეამცირა. ამ გადაწყვეტილებაზე რეაგირება კი სხვა მწარმოებლებსაც მოუწიათ.
2022 წლის აპრილიდან 2023 წლის მარტამდე Ford-მა F-150 Lightning-ის ფასი 4-ჯერ გაზარდა. 2022 წლის აპრილში მისი საბაზისო მოდელის ღირებულება $40,000-მდე იყო, 2023 წლის მარტში კი – $60,000-მდე. ამჯერად კი მისი ღირებულება $50,000-მდე შემცირდა. ფასების ზრდის უმთავრესი მიზეზი ელექტრომობილებისათვის საჭირო ელემენტების მინერალებზე გაზრდილი მოთხოვნა და შესაბამისად გაზრდილი ღირებულება გახლდათ.
Tesla-ს ბაზარზე დომინაცია კომპანიას ფასების რეგულირების შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, ხშირად, სხვა ავტომწარმოებლები სწორედ Tesla-ს მიერ ფასების მატებაზე ან კლებაზე რეაგირებენ.