FTSE 100-ის შემდეგ: საქართველოს ბანკის გზა კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობებისკენ

FTSE 100-ის შემდეგ: საქართველოს ბანკის გზა კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობებისკენ
საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, ლონდონის საფონდო ბირჟის ელიტარულ ინდექსს, FTSE 100-ს შეუერთდა. ეს მიღწევა კომპანიაში ჩამოყალიბებულ კულტურაზე ბევრს მეტყველებს და ასევე, მომდევნო მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე ახალი ათვლის წერტილი და ენერგიის წყაროა.

მარტში საქართველოს ბანკმა FTSE 100-ის ინდექსში შესვლის შესახებ გვამცნო, მოგვიანებით კი ლონდონის საფონდო ბირჟის სავაჭრო დღე საზეიმო ცერემონიით დახურა. ამ დღეს საქართველოს ბიზნესისტორიაში, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ახალი თავი ჩაიწერა. თუმცა, კომპანია, რომლის სლოგანი ბევრისთვის ნაცნობია, ამ მიღწევით კმაყოფილებას და გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს — არჩილ გაჩეჩილაძე, გენერალური დირექტორი გვიამბობს, რა დაისახა სამომავლო გეგმებად მას შემდეგ, რაც ლონდონის საფონდო ბირჟის ატრიუმში სიმბოლური მინის კუბი გადაეცა.

გზა აქამდე

2006 წელს საქართველოს ბანკი გახდა პირველი კომპანია კავკასიიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა. მოზიდული კაპიტალი დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2012 წელს კომპანია FTSE 250-ში შევიდა, ეს საერთაშორისო ინვესტორთა ნდობისა და კორპორაციული მართვის სიმყარის ერთ-ერთი საწყისი და მკაფიო ნიშანი იყო.

2024 წელს ჯგუფმა Ameriabank — სომხეთის ნომერ პირველი და სწრაფადმზარდი ბანკი შეიზინა

2026 წლის მარტში ჯგუფმა FTSE 100-ში 81-ე ადგილი დაიკავა — ახლა იგი პირველი ქართული წარმოშობის კომპანიაა ბრიტანეთის ტოპ 100-ში.

ეს გზა — ლოკალური ბანკის ლონდონური დებიუტიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საფონდო ინდექსამდე — სამ ურთიერთდაკავშირებულ სვეტზე დაშენდა: თანმიმდევრულ სტრატეგიაზე, ციფრულ ლიდერობასა და ისეთ კორპორაციული მართვაზე, რომელიც ყველაზე მომთხოვნ ინსტიტუციურ ინვესტორებს, Vanguard-სა თუ JP Morgan-ს, კომპანიისადმი ნდობის გასამყარებლად სჭირდებათ.

„FTSE 100-ის ინდექსში შესვლა ჩვენი მრავალი მიზნიდან ერთ-ერთია და მისი მიღწევა განსაკუთრებით გვახარებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის კარგი შედეგია, რითაც განსაკუთრებით ვამაყობთ, მაგრამ აქ არ ვჩერდებით – ჩვენი მიზანია, შევქმნათ წამყვანი საბანკო ქსელი აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ფოკუსით ცენტრალური აზიის მიმართულებაზეც”, — ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

მომავლის ხედვა: რეგიონული ქსელი

ინდექსში გაწევრიანების მოვლენას თუ ცოტა ხნით გვერდით გადავდებთ, კომპანიის მასშტაბურ ამბიციას კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ. არჩილ გაჩეჩილაძე ქსელს აშენებს — განვითარებად ბაზრებზე წამყვანი ბანკების “თანავარსკვლავედს”, რომელსაც საქართველოში უკვე არსებული ინტელექტუალური ცენტრი, ტექნოლოგია და ექსპერტიზა ამოძრავებს.

„როდესაც საუკეთესო სცენარზე ვფიქრობთ, ასეთ სურათს ვხედავთ — არსებობს მოწინავე რეგიონული ბანკების ქსელი, ხოლო მისი მართვის ცენტრი საქართველოა. შესაბამისად, ვფიქრობ, ქვეყნისთვისაც ყველაზე მეტს მაშინ გავაკეთებთ, როდესაც ამას მივაღწევთ”, — ამბობს ის.

მოდელი მიზანმიმართული და მკაფიოა. Lion Finance Group-ი ნაკლებად დაინტერესებულია ფლობდეს ათეულის მიღმა მყოფ ბანკს, მაგალითად, გერმანიაში. ის შედარებით მცირე, მაგრამ მზარდ ეკონომიკებში პირველ სამეულში ყოფნას ესწრაფვის — სურს, იყოს სისტემური მნიშვნელობის ინსტიტუტი, რომელიც იმ ქვეყნის ფინანსურ ლანდშაფტს განსაზღვრავს. „ამის გაკეთება კი გვსურს ფილოსოფიით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა,” — ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

დღეს გუნდი ბალტიის ქვეყნებს, სამხრეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას აკვირდება და თუ ბაზარზე შესაბამისი წინადადება გამოჩნდება, მზადაა, აქტიურად განიხილოს იგი.

საგულისხმოა Ameriabank-ის შეძენაც 2024 წელს, რაც Lion Finance Group-ს სომხეთის ნომერ პირველი ფინანსური ინსტიტუტის მფლობელად აქცევს. ეს მოვლენა ბანკის მომავლის ხედვების დამადასტურებელი საბუთიცაა. არჩილ გაჩეჩილაძე წარმატებად მიიჩნევს ამ ნაბიჯს და აღნიშნავს, რომ Ameriabank ამჟამად ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ნაწილია.

ინოვაციის ძრავა

Citi-სთან, Revolut-თან თუ სხვა გლობალურ ფინტექ-კომპანიებთან კონკურენციაში ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელებული საქართველოს ბანკის ტექნოლოგიურ იდენტობაზე საუბარსაც ვერ ავცდებით. არჩილ გაჩეჩილაძე მას კომპანიის ფილოსოფიის ნაწილად მიიჩნევს.

„მთავარია ფილოსოფია, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ — მომხმარებელზე ორიენტაცია და მუდმივი სწრაფვაა გაუმჯობესებისკენ”, — ამბობს ის. „თუკი 10-15 წლის წინ ციფრული შეთავაზებები განვითარების მწვერვალი იყო, დღეს მათ გარეშე ვერ იარსებებ. ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება, ჩვენ კი არა მხოლოდ აქტიურად ვიყენებთ მათ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ნულიდან ვქმნით და ბაზარს ვაწვდით ინოვაციებს”.

ყველაზე მეტყველი კი მაინც, სტატისტიკაა — დღეს, საქართველოს ბანკის სამომხმარებლო ინტერაქციის 65%-ს მთლიანად გენერაციულ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი მართავს. „ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ როგორც ამ ინტერაქციაში, ისე სხვა შეხების წერტილებში, მომხმარებლის კმაყოფილება მუდმივად გაიზარდოს — ეს მაჩვენებელი კი ამჟამად 93%-ია.”

ბანკის ტექნოლოგიურ სიახლეებს გარესამყაროც ამჩნევს. საქართველოს ბანკის AI კვლევის ლაბორატორია Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციის ლაბორატორიებს შორის სულ ცოტა ხნის წინ დაასახელა. კომპანიის მასშტაბით დანერგილი Gen AI ტექნოლოგიები კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ფინანსური ინოვაციების სიაში მოხვდა — ეს სწორედ იმის ნიშანია, რომ თბილისში შექმნილ ინტელექტუალურ ცენტრს ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს რეგიონული თუ გლობალური ლიდერის ამბიცია.

საქართველო – რეგიონის ცენტრში

არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, FTSE 100-ში შესვლა კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობებისკენ ხსნის გზას ქვეყნისთვისაც. “ინვესტორები, რომლებიც ჩვენს კომპანიას შეისწავლიან, ბუნებრივად ინტერესდებიან საქართველოს ეკონომიკით. ლონდონის ტოპ-100 კომპანიას შორის ყოფნა მეტ ხილვადობას აჩენს არა მხოლოდ ჯგუფისთვის, არამედ სხვა ქართული კომპანიებისთვისაც, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის გზებს ეძებენ. ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის პოზიტიური პროცესია.”

და მაინც, როგორ გამოიყურება გზა ახალი მწვერვალებისკენ? — ესაა შესრულებული გეგმა ოთხი წლით ადრე; 81-ე ადგილი დღეს, მაგრამ 50-ეულში ყოფნის მიზანი; საბანკო ქსელი ბალტიისპირეთიდან — ადრიატიკისკენ და კავკასიიდან — ცენტრალური აზიისკენ; ამ ყველაფრის ცენტრში კი — გუნდი საქართველოში, რომელსაც არჩილ გაჩეჩილაძე ასე აღწერს: “გამბედავები, პასუხისმგებლიანები, ცნობისმოყვარეები — ადამიანები, რომლებიც, არ ჩერდებიან”.

S