ფოტო: dailypioneer.com
დღეს ნავთობის ფასები თითქმის 3%-ით შემცირდა და ირანში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ბაზრის რეაქცია აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ დროებით შეთანხმებას მოჰყვა, რომელიც სამხედრო კონფლიქტის დასრულებას, ჰორმუზის სრუტის გახსნასა და თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს.
Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი $1.53-ით, 1.9%-ით შემცირდა და ბარელზე $78.02 შეადგინა. ამავდროულად, ამერიკული West Texas Intermediate (WTI) $2.22-ით, 2.9%-ით გაიაფდა და ბარელზე $74.57-მდე დაეცა.
ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, ინვესტორები სულ უფრო მეტად ელიან, რომ ირანული ნავთობი გლობალურ ბაზარზე მოსალოდნელზე სწრაფად დაბრუნდება.
„ენერგეტიკულმა ბაზრებმა აქტიურად დაიწყეს იმ სცენარის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც ირანული ნავთობის ექსპორტი აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის შემდეგ უფრო სწრაფად აღდგება,“ — განაცხადა IG-ის ბაზრის ანალიტიკოსმა ტონი სიკამორმა.
14-პუნქტიანი მემორანდუმის გაფორმებით 60-დღიან მოლაპარაკებების პროცესი იწყება. ამ პერიოდში ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უფასო გადაადგილებას უზრუნველყოფს, ხოლო სრუტის სრული გამტარუნარიანობის აღდგენა 30 დღეში უნდა მოხდეს.
წინასწარი შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ირანის ეკონომიკური აღდგენის დაფინანსების მიზნით 300 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმის შემუშავებას, თუმცა რთული საკითხები, მათ შორის ბირთვული პროგრამა, საბოლოო მოლაპარაკებებისთვის არის გადადებული.
იხილეთ ასევე: რას მოიცავს აშშ-ირანის 14-პუნქტიანი დროებითი შეთანხმება?
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება ეტაპობრივად აღდგება. თუმცა, მათი შეფასებით, ფასების მკვეთრი ვარდნა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მოთხოვნა იზრდება და მარაგების შევსებაც მიმდინარეობს.
Goldman Sachs-ის პროგნოზით, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ექსპორტი ივლისის ბოლოსთვის ომამდელ დონეს დაუბრუნდება, ხოლო ნავთობის მოპოვება სრულად ოქტომბრისთვის აღდგება.












