რას მოიცავს აშშ-ირანის 14-პუნქტიანი დროებითი შეთანხმება?

რას მოიცავს აშშ-ირანის 14-პუნქტიანი დროებითი შეთანხმება?

ფოტო: Reuters 

 

აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანთან მიღწეული დროებითი შეთანხმების ტექსტი გაასაჯაროვა, რომელიც სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენასა და მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

დოკუმენტი, სახელწოდებით „ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის“, 14 პუნქტისგან შედგება და განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც მხარეები მომდევნო 60 დღის განმავლობაში საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

აშშ-ირანის დროებითი შეთანხმების 14 პუნქტი

1. აშშ, ირანი და მათთან დაკავშირებული მხარეები აცხადებენ სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. მხარეები ვალდებულებას იღებენ, ერთმანეთის წინააღმდეგ არ დაიწყონ ომი ან სამხედრო ოპერაცია, არ გამოიყენონ ძალა და პატივი სცენ ლიბანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

2. აშშ და ირანი ვალდებულებას იღებენ, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ჩაერიონ ერთმანეთის შიდა საქმეებში.

3. მხარეები თანხმდებიან, რომ საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მაქსიმუმ 60 დღეში დასრულდეს, თუმცა ვადა ურთიერთშეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს.

4. მემორანდუმის ხელმოწერისთანავე აშშ დაიწყებს ირანის წინააღმდეგ მოქმედი საზღვაო ბლოკადისა და სხვა შეზღუდვების მოხსნას და პროცესს 30 დღეში დაასრულებს. საბოლოო შეთანხმების შემდეგ კი აშშ ირანის სიახლოვიდან სამხედრო ძალების გაყვანასაც გეგმავს.

5. ირანი უზრუნველყოფს კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებას სპარსეთის ყურესა და ომანის ზღვას შორის 60 დღის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ასევე დაიწყებს ჰორმუზის სრუტის მომავალი ადმინისტრირების საკითხზე კონსულტაციებს ომანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.

6. აშშ და მისი რეგიონული პარტნიორები შეიმუშავებენ მინიმუმ 300 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმას ირანის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. მექანიზმის დეტალები საბოლოო შეთანხმებაში განისაზღვრება.

7. აშშ ვალდებულებას იღებს, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში ეტაპობრივად გააუქმოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული ყველა ტიპის სანქცია, მათ შორის გაეროსა და აშშ-ის სანქციები.

8. ირანი ადასტურებს, რომ არ შეიძენს და არ განავითარებს ბირთვულ იარაღს. მხარეები შეთანხმდებიან უკვე დაგროვილი გამდიდრებული ბირთვული მასალის მართვის მექანიზმზე, რომელიც IAEA-ს ზედამხედველობით განხორციელდება. გაგრძელდება მოლაპარაკებები ურანის გამდიდრებისა და ირანის ბირთვული საჭიროებების საკითხებზეც.

9. საბოლოო შეთანხმებამდე შენარჩუნდება არსებული სტატუს-კვო: ირანი არ შეცვლის ბირთვული პროგრამის ამჟამინდელ მდგომარეობას, ხოლო აშშ არ დააწესებს ახალ სანქციებს და რეგიონში დამატებით ძალებს არ განათავსებს.

10. მემორანდუმის ხელმოწერისთანავე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გასცემს ნებართვებს ირანული ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და მათი წარმოებულების ექსპორტისთვის, მათ შორის საბანკო, სადაზღვევო და სატრანსპორტო მომსახურებისთვის.

11. აშშ ირანს გაუხსნის წვდომას გაყინულ და შეზღუდულ ფინანსურ აქტივებზე. მოლაპარაკებების პერიოდში მხარეები შეთანხმდებიან ამ თანხების განბლოკვისა და გამოყენების კონკრეტულ პროცედურებზე.

12. მემორანდუმისა და საბოლოო შეთანხმების შესრულების მონიტორინგისთვის შეიქმნება სპეციალური აღმასრულებელი მექანიზმი.

13. მემორანდუმის ხელმოწერისა და მისი ძირითადი პუნქტების ამოქმედების შემდეგ მხარეები დაიწყებენ მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმების დანარჩენ საკითხებზე.

14. საბოლოო შეთანხმება დამტკიცდება გაეროს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციით.