გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი სასამართლო დავის მიმდინარეობის პროცესში მოწმეებისა და მოსამართლეების მოსყიდვას ცდილობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
გამოძიებამ დაასკვნა, რომ ბენკმენ-ფრიდი აქტიურად ცდილობდა FTX-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, რაინ მილერის მოსყიდვას და მის დარწმუნებას, რომ სასამართლოს წინაშე მას ბენკმენ-ფრიდის გამამტყუნებელი ჩვენება არ მიეცა.
რაინ მილერი მოწმეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მისი ჩვენება უშუალოდ განსაზღვრავს საქმის მიმდინარეობას, შესაბამისად, მის ჩვენებას FTX-ის დამფუძნებლებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
როგორც ირკვევა, ბენკმენ-ფრიდი საკომუნიკაციოდ დაშიფრულ მესიჯინგ აპლიკაციას, Signal-ს იყენებდა, რის გამოც ახალა პროკურატურა მოითხოვს, რომ საქმის დასრულებამდე მას მსგავსი ტიპის პლატფორმებით სარგებლობა აეკრძალოს.
გარდა მოწმეებისა, ბენკმენ-ფრიდი და მისი ოჯახის წევრები თავად მოსამართლეებთანაც ცილობდნენ კომუნიკაციის დამყარებას, თუმცა უშედეგოდ.
აღსანიშნავია, რომ FTX-ის დამფუძნებელი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი იყო და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის აქტიური დამფინანსებელი. იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ის კონგრესში ბენკმენ-ფრიდს გავლენიანი მხარდამჭერები და მეგობრები ჰყავს, რის გამოც საქმე უჩვეულოდ მაღალი პოლიტიკური ინტერესით გამოირჩევა.
შეგახსენებთ, პროკურატურა ბენკმენ-ფრიდს 8 მუხლის დარღვევას ედავებოდა, მათ შორის იყო: თაღლითობა, ფულის გათეთრება და ბუღალტრული ანგარიშგების გაყალბება. ნიუ-იორკის სასამართლომ მისი $250-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სასამართლო დავა და გამოძიება მაღალ ინსტანციაში ისევ გრძელდება.