Galt & Taggart-მა ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მისი დაკვირვებით, აღნიშნულ კურორტებზე გაყიდვები დიდწილად უცხოელ მყიდველებზეა დამოკიდებული.
Galt & Taggart-ის ცნობით, 2023 წლის მე-2 კვარტალში ბათუმში 3,944 ბინა გაიყიდა, რაც ერთწლიან ჭრილში 10.2%-იან კლებას წარმოადგენს. წინა კვარტალთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი 10%-ით არის შემცირებული. კომპანიის განმარტებით, კლება უმეტესწილად პირველად ბაზარზე აღინიშნა და წლიურ ჭრილში 15.9% შეადგინა. შედარებით მცირე, 1.8%-იანი კლება დაფიქსირდა მეორად ბაზარზეც.
როგორც Galt & Taggart-ი იუწყება, საცხოვრებელი ბინების მშენებლობა თანდათან ბათუმის ცენტრალური უბნებიდან ქალაქის შემოგარენში, გონიოსა და ქობულეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ გადადის, რასაც, მისი განმარტებით, ბათუმში მიწის სიმწირე განაპირობებს.
რაც შეეხება საცხოვრებელი ბინების ფასებს, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ბათუმის შიდა არეალში ღირებულებამ 45.2%-ით მოიმატა. აღნიშნულ პერიოდში ზღვისპირა ქალაქში სულ 209.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 5%-იან კლებას წარმოადგენს, წინა კვარტალთან შედარებით კი მაჩვენებელი 7.5%-ით არის შემცირებული.
გაყიდვები შემცირებულია ბაკურიანშიც. კურორტზე 2023 წლის მე-2 კვარტალში 209 ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 9.9%-იანი, კვარტალურ ჭრილში კი 10.7%-იანი კლებაა. აღნიშნულ პერიოდში ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 8.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 19.1%-იანი და კვარტალური 24.2%-იანი შემცირებაა.
გასულ კვარტალში მკვეთრად შემცირდა გაყიდვები გუდაურში, სადაც მთლიანობაში 75 ბინა გაიყიდა. შედეგად, წლიურ ჭრილში 34.8%-იანი, კვარტალურ ჭრილში კი 18.5%-იანი კლება დაფიქსირდა. მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში, გუდაურში სულ 3.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა. მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 25.2%-ით, კვარტალურ ჭრილში კი 6.8%-ით არის შემცირებული.