გასული წელი COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოსთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. თუმცა, მიუხედავად სირთულეებისა, მილიონობით ადამიანი 2022 წელს დიდი იმედით უყურებს. მიმდინარე წელი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება გამორჩეული, მათ შორისაა კატარის მსოფლიო თასი და ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი შუალედური არჩევნები. უფრო ვრცლად 2022 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და მოსალოდნელ მოვლენებს სტატიაში გაეცნობით.
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები
პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით, თუმცა მასობრივი სპორტული ღონისძიებების უმკაცრესი წესების დაცვით, ჩატარდება. როგორც ოლიმპიურ თამაშებზე დამსწრეები, ასევე მონაწილეები ვალდებულნი არიან, სრულად იყვნენ ვაქცინირებულნი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთში ჩასვლის წამიდან 21-დღიან კარანტინში მოუწევთ ყოფნა. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, პეკინში მაყურებელი დაშვებულია, თუმცა ბილეთები მხოლოდ ჩინეთში მცხოვრები მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი.
რიოს კარნავალი
რიო-დე-ჟანეირო იმედოვნებს, რომ მისი ცნობილი კარნავალი 25 თებერვლიდან 5 მარტამდე კვლავ დაბრუნდება მას შემდეგ, რაც გასული წლის წვეულება კორონავირუსის გამო გადაიდო. კარნავალისთვის რიოს სამბას სკოლა უკვე გეგმავს რეპეტიციების განახლებას, 500-ზე მეტი ჯგუფი კი უკვე დარეგისტრირდა Blocos-ს სახელით ცნობილი ქუჩის ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად.
სანაპირო ქალაქში წვეულებისთვის 2 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის ხოლმე, რომელთა მეოთხედიც უცხოელია. მერის, ედუარდო პაესის განცხადებით, სოციალურ დისტანციასა და ნიღბების ტარებაზე შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს, თუმცა ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ფესტივალის ჩატარება კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელზეა დამოკიდებული. კარნავალის წინააღმდეგია ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუც.
გლასტონბერი ბრუნდება
2019 წლის შემდეგ პირველად, ივნისში, ლეგენდარული ბრიტანული მუსიკალური ფესტივალი გლასტონბერი ბრუნდება. გასულ წელს ფესტივალის 50 წლის იუბილე პანდემიის გამო გაუქმდა, ხოლო 2021 წელს, 5-დღიან ექსტრავაგანზაზე დაახლოებით 135,000 ბილეთი გაიყიდა, მანამ, სანამ COVID-19-ის გამო მისი მხოლოდ პირდაპირი ტრანსლაციით გადაცემა გახდა შესაძლებელი. წელს კი, 24 ივნისს, ბილი აილიში, 19 წლის ასაკში, ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდება, რომლის სახელიც Pyramid Stage-ზე დაიწერება.
სი ძინპინის მმართველობა უპრეცედენტო ვადას მიაღწევს
ჩინეთის ყველაზე ძლევამოსილი ლიდერის, მაო ძედუნის შემდგომ, სი ძინპინი, სავარაუდოდ, მესამე, უპრეცედენტო ვადით მოვა ხელისუფლებაში, მას შემდეგ, რაც კომუნისტური პარტიის ოფიციალური პირები, 2022 წლის შემოდგომაზე გასამართ რიგით მე-20 კონგრესზე შეიკრიბებიან. პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც დაახლოებით 2,000 დელეგატი დაესწრება, პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტისთვის ახალი გუნდიც დაკომპლექტდება, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკას წარმართავს.
მაოს მმართველობის შემდგომ, ყველა ლიდერი ხელისუფლებაში არაუმეტეს ორი ხუთწლიანი ვადით იყო, თუმცა სი ძინპინმა 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, ვადის ლიმიტები გააუქმა. 68 წლის პრეზიდენტს რეალური მემკვიდრე არც წარმოუდგენია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სი ძინპინი, მინიმუმ 2027 წლამდე, ჩინეთის მეთაურის პოსტზე დარჩენას გეგმავს.
ამერიკელი რესპუბლიკელები დაბრუნებას გეგმავენ
რესპუბლიკელები იბრძვიან კონგრესის ორივე პალატის ხელახლა დასაპყრობად და 2022 წლის 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში გუბერნატორის 36 პოსტის დაკავებას გეგმავენ. დემოკრატები კი ჯერ კიდევ ვირჯინიის გუბერნატორის ბოლო არჩევნებში დამარცხებაზე წუხან და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგების შემცირებას შიშობენ.
წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის კევინ მაკარტის პროგნოზით, რესპუბლიკელებს, რომელთაც 213 წარმომადგენელი ჰყავთ დემოკრატების 221 წარმომადგენელთან შედარებით, პალატაში 60-ზე მეტი ადგილის დაცვა და 2010 წლის Tea Party-ის გამეორებაც შეუძლიათ.
უდაბნოს მსოფლიო ჩემპიონატი
კატარი ახლო აღმოსავლეთის პირველ მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარებული ტურნირი იქნება ასევე პირველი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზამთრის თვეებში ჩატარდება მას შემდეგ, რაც კატარის „აზარტული ზაფხული“ გადაიდო. ტურნირი ქვეყნის რვა სტადიონზე 21 ნოემბრიდან გაიმართება, ფინალი კი 18 დეკემბერს 80,000-ადგილიან Lusail Stadium-ზეა დაგეგმილი.