გაიცანით ასტრო, სახლის რობოტი Amazon-ისგან

გაიცანით ასტრო, სახლის რობოტი Amazon-ისგან

28 სექტემბერს გამართულ ყოველწლიურ საშემოდგომო ღონისძიებაზე, სხვა სიახლეებთან ერთად, Amazon-მა მცირე ზომის სახლის რობოტი, ასტრო წარმოადგინა. ასტრო, რომელიც თავდაპირველად ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა და $999.99 ეღირება, Amazon-ის ყველაზე ამბიციური საყოფაცხოვრებო პროდუქტია – ის რობოტიკას, ხელოვნურ ინტელექტს, სახლის მონიტორინგსა და ქლაუდის სერვისებს აერთიანებს. თუმცა, მიუხედავად პროექტის ამბიციურობისა, ასტროს შესაძლებლობები შეზღუდულია: მას არც კიდურები აქვს და არც დანამატები, კიბეზე ასვლა არ შეუძლია,  იატაკის მოხვეტა არ იცის და ვერც სახლიდან გავა. თუმცა, რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ ამ რობოტით Amazon-მა სახლის რობოტიკის სამომავლო განვითარება დააანონსა.

ისე კი, ასტრო საინტერესო რობოტია, რომელსაც, მასში გამოყენებული ტექნოლოგიის სიახლის კვალობაზე, საკმაოდ მრავალფეროვანი ფუნქციების შეთვისება შეუძლია. Amazon-ის თქმით, ასტროს სახლის რუკის შექმნა და დაძახებისას, სხვადასხვა ოთახში შემოგორება შეუძლია. გარდა ამისა, ასტრო სახეებსაც არჩევს და შეუძლია, რომ ამანათი კონკრეტულ ადამიანს ჩააბაროს. მას მუსიკის ჩართვა, ამინდის გამოცხადება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია – ისევე როგორც Echo-ს ბრენდის სხვა ჭკვიან მოწყობილობებს. ასტროს დახმარებით დარეკვაც შეგიძლიათ და თან ის მუდამ კამერის ობიექტივში გამყოფებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიარულს დაიწყებთ. მეტიც, შეგიძლიათ ასტრო სახლში მარტო დატოვოთ, ის კი პერიოდულად შეამოწმებს, რომ სახლში ყველაფერი წესრიგში იყოს – თუ დაურეკავთ და ეტყვით, გაზქურა მანახეო, ასტრო არც ამ თხოვნაზე გეტყვით უარს.

ფოტო: Dan Seifert / The Verge

სიმაღლეში, ასტრო სამოცი სანტიმეტრისაა და ცხრა კილოგრამზე ოდნავ მეტს იწონის. მას ორი თორმეტდუიმიანი ბორბალი და ერთი მცირე ზომის გორგოლაჭი აქვს, რომელთა დახმარებით კარის ზღურბლზეც შეუძლია გავლა და – ხალიჩაზეც, თან ბალანსის სრული დაცვით. ასტრო 360 გრადუსით ბრუნავს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე ერთი მ/წმ-ია. მის პლასტმასის ჩარჩოში ხუთი სხვადასხვა ძრავა იმალება: თითო-თითო – ორი წამყვანი თვლისათვის, ერთი – პერისკოპიული კამერისთვის და ორი – სახის გასამოძრავებლად.

ეს სახე, მარტივად რომ ვთქვათ, Amazon-ის პლანშეტის, Echo Show 10-ის ეკრანია, მის ბუდეში ჩაქსოვილი რამდენიმე ულტრაბგერითი და სხვა ტიპის სენსორითა და სტანდარტული ხუთმეგაპიქსელიანი კამერით, რომელთა დახმარებით რობოტი სახეებს არჩევს და ზოგადად, ფიზიკურ სამყაროში გადაადგილდება. უმეტეს შემთხვევაში, ასტროს სახეზე ორი წრე არის გამოსახული – ერთგვარი თვალები, რომლებიც ასტროს მოქმედებებზე და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, გრძნობებზე მიგანიშნებთ.

გარდა შიდა კამერებისა, ასტროს თორმეტმეგაპიქსელიანი პერისკოპიული კამერაც აქვს, რომელსაც გადაღება მეტრის სიმაღლიდან შეუძლია. ვიდეოზარების განხორციელების გარდა, ამ კამერით სახლის დათვალიერებასაც შეძლებთ, როცა სახლს ასტროსამარა დატოვებთ – ეს ყველაფერი, სატელეფონო აპლიკაციიდან. გარდა კამერებისა, ასტროს მძლავრი მიკროფონებიც აქვს, რომელთა დახმარებით თქვენს თხოვნებს მოისმენს.

მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ასტროს ორკილოგრამიანი ტვირთის გადაზიდვაც შეუძლია – მას, სპეციალურად ამისთვის, საბარგულიც კი აქვს. ამ საბარგულში, სტანდარტულად, ჭიქის ორი დამჭერი მდებარეობს, მაგრამ ამ ფუნქციონალის შეცვლა მარტივად შეიძლება. Amazon-ის თქმით, ეს საბარგული სხვადასხვა კომპანიისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა – სწორედ ამის გამო, საბარგულში ჩანერგილია თხუთმეტი ვატის სიმძლავრის USB-C პორტი.

ასტრო ჭკვიანი რობოტია – მას საკუთარ დასამუხტი კუნძული აქვს, რომელთან მაშინ მიდის, როცა ხვდება, რომ მისი ელემენტი მალე დაიცლება. ასტროს ელემენტის სრულ დამუხტვას 45 წუთი სჭირდება და ის ორ საათს ძლებს. ასტროს ელემენტი მისი საბარგულის ქვეშ მდებარეობს და, საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოცვლაც შეიძლება.

Amazon-ის Echo Show 15-საგან განსხვავებით, რომელიც Amazon-ის წარმოების AZ2 პროცესორს იყენებს, ასტრო Qualcomm-ის სილიკონის პროცესორითაა აღჭურვილი. Amazon-ის თქმით, ამ კონკრეტულ ჩიპზე იმიტომ შეჯერდნენ, რომ ასტროს პროცესორის ძირითადი მოვალეობები ლოკალურია, რის გამოც ქლაუდ-სისტემაზე  დაფუძნებული ჩიპების გამოყენება არაპრაქტიკული იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ასტრო Fire OS-ისა და Linux-ის ოპერაციულ სისტემებს იყენებს, თუმცა, როგორც ჩანს, მომავალში Amazon-ი ამ პროდუქტისთვის საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნას გეგმავს. „იოლია წარმოვიდგინოთ სამყარო, რომელშიც მომხმარებლები და დეველოპერები ასტროს ისეთ უნარ-ჩვევებს ასწავლიან, რომლებსაც ის დროთა განმავლობაში დახვეწს“, – აღნიშნავს Amazon-ის წარმომადგენელი.

როგორც ჩანს, ასტრო მრავალმხრივად საინტერესო რობოტია, რომელსაც დღეს არაერთი მოვალეობის შესრულება შეუძლია – თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში ის კიდევ უფრო დაიხვეწება და უფრო და უფრო საპასუხისმგებლო მოვალეობებს შეითავსებს. Amazon-ის აზრით, დღეს ასტროს სახლის უსაფრთხოების მონიტორინგი, ასაკოვანი მომხმარებლების დისტანციური მოვლა და თქვენი ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება შეუძლია.

ფოტო: Dan Seifert / The Verge

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა, რომლის შეთვისება ასტროს შეუძლია – სახლის მსახურის როლია. საქმე ისაა, რომ ასტროს თქვენი სახლის რუკის შედგენა და კონკრეტული ადგილების დამახსოვრება შეუძლია: მარტივად რომ ვთქვათ, მას მერე, რაც ასტროს აუხსნით, თუ სად მდებარეობს სამზარეულო და სად – საძინებელი, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ამ ოთახებში გაგორდეს. Amazon-ის თქმით, იმ რუკებს, რომელთაც რობოტი შეადგენს, უშუალოდ ასტრო ინახავს, თუმცა მონაცემების მცირე ნაწილი უსაფრთხო ქლაუდზეც ინახება, რათა ასტროსთვის დავალებების მიცემა ტელეფონითაც შეძლოთ.

გარდა მსახურებისა, ასტროს თქვენი სახლის უსაფრთხოების დაცვაც შეუძლია – ამისთვის ის Amazon-ის კიდევ ერთ პროდუქტს, Ring-ის ბრენდის უსაფრთხოების სისტემას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ასტროს სახლის ავტონომიური პატრულირება შეუძლია, რაც, ფიქსირებულ კამერებთან ერთად, თქვენს სახლს კიდევ უფრო დაცულს გახდის.

სხვა ყველაფერთან ერთად, ასტროს ასაკოვანი ადამიანების მოვლაც შეუძლია – ნაწილობრივ მაინც, ცხადია. გამომდინარე იქიდან, რომ ასტროს სახეების ამოცნობა და ადამიანის კომპანიონის როლის შესრულება შეუძლია, მისი სწორად დაპროგრამების შემთხვევაში, ის მოხუცებულებს წნევას და სხვა სასიცოცხლო პარამეტრებს შეუმოწმებს, მედიკამენტების მიღების აუცილებლობას შეახსენებს და უკიდურეს შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრები გაუარესდა – მომვლელებს და სასწრაფო გადაუდებელ სამსახურებს შეატყობინებს.

მიუხედავად იმისა, რომ ასტროს ამდენი რამ შეუძლია – ის მაინც საკმაოდ დაბალგანვითარებული სახლის რობოტია. თუმცა, ეს ხომ მოსალოდნელიცაა? შეიძლება ითქვას, რომ ასტრო სახლის რობოტების ერთგვარი პიონერია, რომელმაც ამ ინდუსტრიას საფუძველი უნდა ჩაუყაროს. Amazon-ი დარწმუნებულია, რომ ხუთიდან ათ წელიწადში გარკვეული სახის შინაური რობოტი ყველა სახლში იქნება – და ასტრო მხოლოდ დასაწყისია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *