“წიგნები ბათუმში” საგამომცემლო ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. $80,000-იანი პირადი დანაზოგით წამოწყებული საქმე ძალიან სწრაფად იქცა წარმატებულ საოჯახო ბიზნესად. როგორ მოახერხეს ირაკლი ბაკურიძემ და მარი კორინთელმა ფენომენალური წინსვლა მაშინ, როდესაც საქართველოს საგამომცემლო ინდუსტრია კრიზისს განიცდის?
ამ წიგნის ფასი 1 მანეთი და 10 კაპიკია, 1979 წელსაა გამოცემული და რუსულიდანაა თარგმნილი. თავისი ყდა აღარა აქვს. ვიდრე მეორადი წიგნების გადამყიდველთან მოხვდებოდა, წინა მფლობელს კუსტარულად შეუკეთებია და თავადვე გაუფორმებია: ლურჯი და წითელი ფლომასტერებით მოხატულ ყდაზე Stanislaw Lem, ოდნავ ქვემოთ კი SOLARIS აწერია. ეს ფანტასტიკის ჟანრის ჩემი პირველი წიგნია, უკანასკნელი კი ჯერ არ მიყიდია. მას გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” ჯერ კიდევ თარგმნის, საავტორო უფლების შეძენის პროცესშია ან იმას ელის, ავტორი წერას როდის დაამთავრებს.
სწორედ ასეთი დინამიკით მუშაობს საქართველოს საგამომცემლო რუკაზე რამდენიმე თვის წინ გამოჩენილი “წიგნები ბათუმში”, პირველი არათბილისური გამომცემლობა. თუმცა გამომცემლობაზე საუბარს ამით არ იწყებენ – პირველ რიგში ბაზარზე მის აგრესიულ, ჟანრობრივად განსხვავებულ და კონკურენტებისთვის შემაშფოთებელი ტემპითა და ხარისხით შემოჭრას აღნიშნავენ. არ ივიწყებენ იმასაც, რომ ახალი მოთამაშე სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ამ სფეროს ყველაზე მეტად უჭირდა: სახელმძღვანელოების ბეჭდვის თემა ჯერ კიდევ ცხელი იყო, რამდენიმე დიდი გამომცემლობა კი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა და დღემდე დგას.
ასეთ ფონზე ახალი გამომცემლობის დაარსება და ერთბაშად რამდენიმე წიგნის გამოცემა, რაც კაპიტალის მობილიზებასა და გარანტიების მხრივ არცთუ მყარ საქმეში ჩადებას მოითხოვდა, შორიდან საკმაოდ სარისკოდ მოჩანდა. თუმცა არა თავად გამომცემლობის დამფუძნებლებისთვის, ირაკლი ბაკურიძისა და მარი კორინთელისთვის, რომლებმაც საკუთარი საოჯახო დანაზოგი მთლიანად ოცნების ასრულებაში დააბანდეს.
ოცნების ასრულება პრაგმატული გათვლებით დაიწყეს. საქართველოს წიგნის ბაზარი მეტ-ნაკლებად ვრცელია, რამდენიმე დიდი და უამრავი მცირე გამომცემლობა მუშაობს, საკუთარი ადგილი ყველას აქვს მონიშნული. ამ ფაქტორების გათვალისწინებით გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” სწორად დასახული და დროში გათვლილი გეგმით იმუშავა. “ბაზარზე ხმაურიანად და აგრესიულად შემოსვლა დაგეგმილი გვქონდა, რაც უკვე აწყობილ და საკმაოდ უხვმოთამაშიან სფეროში თავის დასამკვიდრებლად აუცილებლად მივიჩნიეთ. – ამბობს ირაკლი ბაკურიძე. – სტანდარტულად ანუ თვეში ერთი წიგნის გამოცემით რომ დაგვეწყო და ნელ-ნელა განვვითარებულიყავით, მაშინ შესაბამის შედეგს მივიღებდით, რაც ფინანსურადაც გაუმართლებელი იქნებოდა”. დამფუძნებლის თქმით, სტრატეგია იმთავითვე ჰქონდათ შემუშავებული: ბაზარზე უნდა შემოსულიყვნენ მაქსიმალური რაოდენობისა და კარგი ხარისხის გამოცემებით, რაც საუკეთესოდ შეძლეს მიუხედავად იმისა, რომ, ლარის კურსის დაცემის გამო, ბევრი სხვა ქართული სტარტაპივით, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. “ცხადია, ეს არ მომხდარა ერთ დღეში, ბაზარზე შემოსასვლელად დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. არ დავმალავ, რომ საგამომცემლო სფეროში დაწყებულმა ნეგატიურმა პროცესებმა სიტუაციის ზუსტად განსაზღვრის საშუალება და დროულად ამოქმედებისთვის კარგი ბიძგი მოგვცა”. – ამბობს ირაკლი ბაკურიძე.
გაითვალისწინეს სხვა გამომცემლობების მაგალითიც: მათ მსგავსად ძირითადი გათვლა არა სახელმძღვანელოების ბეჭდვის მსგავს მსხვილ პროექტებზე, არამედ გამომცემლებისგან სათანადოდ ვერდაფასებულ მხატვრულ ლიტერატურაზე გააკეთეს. “ამრიგად, არ ვიყავით დამოკიდებული სხვაზე, არ გაგვაჩნდა რისკფაქტორები და, რაც მთავარია, არსებობდა მკითხველი, რომელსაც ახალი საკითხავი სურდა”, – ამატებს იგი. და თუ რა ტიპის საკითხავი სურდა მკითხველს, ამას ირაკლი ბაკურიძემ და მარი კორინთელმა ზუსტად მიაგნეს.
დღეს უკვე გამომცემლების ოჯახის საგამომცემლო თავგადასავალი სამიოდე წლის წინ დაიწყო. შეუღლებიდან ცოტა ხანში წყვილმა ირაკლის მშობლიურ ქალაქში, ბათუმში გადაწყვიტა ცხოვრება და ბიზნესის წამოწყებაც. როდესაც ტურისტულ ქალაქში ბიზნესის წამოწყებას გეგმავ, პირველ რიგში კვების ობიექტის ან ოჯახური სასტუმროს გახსნაზე ფიქრობ, თუმცა ოჯახმა გაცვეთილი “ტურისტული” გზით სიარულს სხვა მიმართულება არჩია – წიგნის მაღაზია. დღეს ამ მაღაზიას ყველა იცნობს. სასტუმროებისა და საკვები ობიექტების სტუმრებს, ვინც ბათუმში მხოლოდ ზღვაში სალივლივოდ და პლაჟზე საკუთარი მუხლების ფოტოების გადასაღებად დადის, შეიძლება წიგნის ყიდვა სულაც არ ჰქონდეთ ჩაფიქრებული, მაგრამ ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობების შემდეგ ამ მაღაზიის კედლის მხატვრობის ფონზე სელფის გადაღება ისევე აუცილებელია, როგორც კვერცხი – აჭარულ ხაჭაპურში.
გამომცემლობის მსგავსად წიგნის მაღაზია “წიგნები ბათუმშიც” პირველი დამოუკიდებელი ფრანშიზა აღმოჩნდა, რომელიც დედაქალაქის საზღვრებს გარეთ დაარსდა და, რაც მთავარია, გაამართლა. “ჩვენი მაღაზია გახსნიდან რამდენიმე თვეში ბათუმის ახალ სიმბოლოდ იქცა. აქ წიგნების შესაძენად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრაპიზონიდან, ბაქოდან და მეზობელი ქვეყნების სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიან, – ამბობს ირაკლი ბაკურიძე. – სწორედ ამ მაღაზიის მაგალითმა გვაჩვენა, რომ სწორი მენეჯმენტისა და კარგად გათვლილი გეგმის პირობებში წარმატებას აუცილებლად მიაღწევ, ამიტომ მცირედი რისკი სრულიად გამართლებული ხდება”.
ირაკლი და მარი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ სფეროში არსებული რისკების გათვალისწინებით (უბრალოდ, არასდროს იცი, რამდენად პოპულარული იქნება ესა თუ ის გამოცემა, თუნდაც მსოფლიო ბესტსელერი), იმთავითვე გადაწყვიტეს, რომ საქმეში მხოლოდ საკუთარი დანაზოგი ჩაედოთ და არა ბანკიდან აღებული კრედიტი. ცხადია, დაზღვევა ამ ფულსაც სჭირდებოდა, რისთვისაც ახალბედა გამომცემლებმა კონკრეტული გეგმა შეიმუშავეს: პირველი ექვსი წიგნის გამოცემის პარალელურად კიდევ 12 წიგნზე დაიწყეს მუშაობა, გათვალისწინებული ჰქონდათ ყოველი მათგანის საავტორო უფლებების შეძენის, თარგმნის, რედაქტირებისა და დასტამბვის ხარჯები, ამრიგად პირველი ექვსეულის გაყიდვასა და მოგებაზე დამოკიდებულება თავიდან ჰქონდათ აცილებული.
გამომცემლობის “წიგნები ბათუმში” საწყისი კაპიტალი მთლიანობაში $80 ათასს შეადგენდა, აქედან დაახლოებით $18 ათასი პირველი ექვსი წიგნის გამოცემას მოხმარდა, დანარჩენი კი დროში გადაანაწილეს. სამი წლის თავზე წიგნის მაღაზიამ და გამომცემლობამ უკვე მოახერხა სტაბილური დადებითი ბალანსისთვის მიეღწია, თუმცა ირაკლი ბაკურიძე და მარი კორინთელი მოგების რეინვესტირებას აგრძელებენ: “ეს ნამდვილად არის ბიზნესი – თუ მოგებაზე არ ხარ ორიენტირებული, მაშინ ნებისმიერი საქმის დაწყებას აზრი ეკარგება, – ამბობს ირაკლი ბაკურიძე, – მაგრამ არც მაშინვე მოგებაზე ფიქრია სწორი. ჩვენ მზად ვიყავით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ განვითარების ეტაპი გაგვევლო, როგორც გამომცემლობა, გავზრდილიყავით, ერთხანს მოგებაზეც გვეთქვა უარი და შემოსული თანხა მთლიანად უკან დაგვებრუნებინა. თუმცა ასე მხოლოდ დროებით იქნება – გამომცემლობა ჩვენი ოჯახის ბიზნესია და, როგორც ყველა ბიზნესს, მასაც მოაქვს შემოსავალი”.
წიგნის გამოცემა მხოლოდ დაკაბადონებასა და სტამბამდე მიტანას არ ნიშნავს, მით უფრო – გამომცემლობისთვის, რომლის პროდუქციის 90%-ს თარგმნილი ლიტერატურა შეადგენს. თუ ავტორის გარდაცვალებიდან ჯერ კიდევ არ გასულა 70 წელიწადი, მაშინ მისი ნაწარმოების გამოცემის უფლების შეძენა გიწევს. ერთი უფლება საშუალოდ $500 ჯდება, თუმცა მსოფლიო ბესტსელერების შემთხვევაში თანხა საგრძნობლად იმატებს. საავტორო უფლების შეძენის შემდგომი ეტაპი ტექსტის თარგმნაა, რასაც რედაქტირება, კორექტურა, სტამბა და ლოჯისტიკა – მკითხველამდე მისასვლელი უკანასკნელი ნაბიჯი მოჰყვება. ყველა ამ პროცესის გავლის შემდგომ ერთი წიგნის საშუალო თვითღირებულება 7 ლარს შეადგენს. ეს თანხა შედარებით მეტი იყო პირველი წიგნების შემთხვევაში: “მაშინ არ გაგვაჩნდა გამოცდილება და კავშირები, ამიტომ საავტორო უფლებების მოპოვების პირველი პროცესი შედარებით რთული აღმოჩნდა, რაც გადახდილ თანხაზეც აისახა, – მიხსნის მარი კორინთელი, – თუმცა დროთა განმავლობაში ამ მხრივ ყველა პრობლემა მოიხსნა, მეტიც, როგორც განვითარებადი ქვეყნის გამომცემლობას, გარკვეული შეღავათებიც გვაქვს, უკვე ვიცით, რომელ სააგენტოსთან უნდა გავმართოთ მოლაპარაკება და ა.შ.”
ამ დროისთვის საავტორო უფლებაში ბათუმელი გამომცემლების მიერ გადახდილი ყველაზე დიდი თანხა $4 ათასია. სწორედ ამდენი დაჯდა კლაივ ლუისის “ნარნიას ქრონიკებისა” და კასანდრა კლერის “სასიკვდილო იარაღების” სერიები. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, შესაბამისი მასშტაბისაა ამ წიგნების გამოცემის რისკიც, თუმცა გაუთვლელი ნაბიჯი არც ამჯერად გადაუდგამთ.
კომუნიკაციების ეპოქაში საზოგადოების აზრის, სურვილებისა და მოთხოვნების გაგება მარტივია, facebook-ი თითქოს მხოლოდ ამისთვისაა შექმნილი. მარი კორინთელს სწორედ აქ მიღებული შეტყობინებებისა და კომენტარების შინაარსი აფიქრებინებს, რომ ზემოთ დასახელებული თანხა აუცილებლად დაბრუნდება, თანაც დაბრუნდება მოგებასთან ერთად: “მიუხედავად იმისა, რომ “ნარნიას ქრონიკების” პირველი ორი ტომი ქართულად აქამდეც იყო გამოცემული, მასზე მოთხოვნა მაინც დიდია, ახალ გამოცემას უამრავი მკითხველი ელის. ელიან ე.წ. young adult-ის ჟანრის ერთ-ერთ ბესტსელერს – “სასიკვდილო იარაღებსაც”. ამრიგად, მათ საავტორო უფლებებში გადახდილი თანხა სრულიად გამართლებულია”.
ამ მხრივ ოპტიმიზმის საბაბს პრაქტიკაში არსებული მაგალითიც ქმნის: 1000-ცალიანი ტირაჟის მქონე საშუალო პოპულარობის წიგნის გაყიდვას დაახლოებით ერთი წელიწადი სჭირდება. გამომცემლობის “წიგნები ბათუმში” პირველი ექვსი წიგნის ტირაჟის 50% ერთ თვეში გაიყიდა, ერთ-ერთი წიგნის ტირაჟი კი თავიდან დაბეჭდეს. სწრაფი გაყიდვა გამომცემლობისთვის, ფაქტობრივად, გაუთვალისწინებელ მოგებად იქცა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას დაემთხვა, საქმის გაფართოების შესაძლებლობა გაჩნდა.
სწორედ აქედან შეგვიძლია გამომცემლობის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზზე საუბრის დაწყება და იმ თემის გაგრძელება, რომლითაც სტატია დავიწყეთ: “წიგნები ბათუმში” სწორედ ის გამომცემლობა აღმოჩნდა, რომელმაც ფანტასტიკა/ ფენტეზის ჟანრში არსებული ნიშის დაკავების, ფაქტობრივი ოკუპაციისა და ეტაპობრივი შევსების მისია იტვირთა. ურსულა ლეგუინი, არტურ კლარკი, ფილიპ დიკი, არკადი და ბორის სტრუგაცკები და რობერტ ჰაინლაინი – მსოფლიო ფანტასტიკური ლიტერატურის დინოზავრების ნაწარმოებები ქართულად, ფაქტობრივად, პირველად თარგმნეს და გამოსცეს. ამას დაემატა ანჯეი საპკოვსკის საკულტო “მხედვარი”, დმიტრი გლუხოვსკის “მეტრო 2033”, ქეთრინ პეტერსონის “ხიდი ტერაბითიაში” და სხვა. ეს სწორედ იმ ტიპის ლიტერატურაა, რომელმაც აფეთქება ძალიან დიდი ხნის წინ მოახდინა, მაგრამ არც იმდენად დიდი ხნის წინ, რომ პროცესის დაწევა ვერ მოვასწროთ.
აღმოჩნდა, რომ ამ ტიპის ლიტერატურის მიმართ მოლოდინი არსებობდა, თუმცა ჟანრისადმი ქართული გამომცემლობების ნაკლები ინტერესის პირობებში გამორიცხული არ იყო, რომ პოტენციური მკითხველის მთელი თაობები დაკარგულიყო. საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა და ირაკლი ბაკურიძეც ამის შესახებ საუბრობს: “ჩვენ ერთიანი სამყაროს წევრები ვართ და ამა თუ იმ მოვლენის მიმართ ინტერესიც იდენტური გვაქვს. თანამედროვე კულტურა (კინო, კომიქსები, ვიდეოთამაშები) ნებისმიერ პირობებში პოპულარულია, მას მომხმარებელი აუცილებლად ჰყავს. სწორედ ეს დაგვანახა მაღაზიაში წარმოებულმა დაკვირვებამ, სადაც ფანტასტიკისა და ფენტეზის საკმაოდ მდიდარი უცხოენოვანი ლიტერატურის განყოფილება გვაქვს. მას მყიდველი არასდროს აკლდა, თუმცა უმეტესობა მაინც აღნიშნავდა, რომ კითხვას მშობლიურ ენაზე ამჯობინებდა, რაც სრულიად ბუნებრივია. ამავეს ადასტურებდა სოციალური ქსელის მომხმარებელთა თხოვნებიც. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ლიტერატურას ქართულად იშვიათად გამოსცემდნენ, აშკარა იყო, რომ მოთხოვნა დიდი იყო ანუ მკითხველის თაობის წყვეტა არ მომხდარა. დღეს მკითხველის დონის საზომად მხოლოდ კლასიკური ლიტერატურა არ მიიჩნევა. ის დროც დასრულდა, როდესაც წიგნებს თაროზე გამოსაფენად ყიდულობდნენ და ფერის მიხედვით ამწკრივებდნენ. თანამედროვე მკითხველს ყველაზე მეტად სიახლე სჭირდება – მას უნდა კითხვა და არა ნივთი, ამიტომაც ხშირია შემთხვევები, როდესაც წაკითხულ წიგნს ყიდიან და იმ თანხით ახალს ყიდულობენ. ეს მდგომარეობა კი პირდაპირ გიბიძგებს, რომ მკითხველს მეტი სიახლე, განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებები და ახალი ავტორები შესთავაზო”.
გამომცემლობის სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” მხოლოდ ერთი სეგმენტია, “მენიუს” დანარჩენი ნაწილი სხვა ჟანრის საკითხავსაც მოიცავს. “მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკისა და ფენტეზის გამოცემებმა რეალურად გვაქცია ქართული გამომცემლობების კონკურენტად, მხოლოდ კონკრეტულ ჟანრებზე ორიენტირება არ მიგვაჩნია სწორად, ამიტომ პარალელურად სხვა ტიპის ლიტერატურაზეც ვმუშაობთ. ამჟამად ყველაზე დიდი დატვირთვით 7-12 წლის მკითხველისთვის შესაფერისი ლიტერატურის გამოცემაზე ვფიქრობთ, რადგან ამ მხრივ ჩვენს გამომცემლობებში სერიოზული ჩავარდნაა. გარდა ამისა, შემოდგომიდან ბუკერისა და ნობელის პრემიის ლაურეატი ავტორების გამოცემასაც დავიწყებთ, ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქართველი ავტორების გამოცემის მიმართულებითაც”, – ამბობს მარი კორინთელი.
ამჟამად ბათუმური გამომცემლობის ქართულ არსენალში მხოლოდ ორი ქართველი ავტორის წიგნი ირიცხება: ნატო დავითაშვილის “აიას გზა” და დავით ჭოჭუას “ალდენორი”, მზადდება სალომე ბენიძის პროზაული კრებულიც. “ქართველი ავტორების წიგნებს რეგიონში მდებარე გამომცემლობა პირველად გამოსცემს. ეს უკვე მოვლენაა”, – ამატებს ირაკლი ბაკურიძე.
ეს სწორედ ის ავტორები არიან, რომელთა ნაწარმოებებსაც სხვა ქართველი მწერლების წიგნებთან ერთად “წიგნები ბათუმში” ოქტომბერში დაგეგმილ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წაიღებს საავტორო უფლებების გასაყიდად. ბაზარზე ყოველთვის არსებობს ორი მხარე და მათ შორის გამართული მოლაპარაკება, ვაჭრობა და გარიგება. ამჯერად ერთ მხარეს ირაკლი ბაკურიძისა და მარი კორინთელის გამომცემლობა იდგება, მეორე მხარეს კი მსოფლიო, რომელიც ისევე ელის ჩვენს ავტორებს, როგორც ჩვენ 2034 წლის მეტროს ამბებს, მარკ უოტნის თავგადასავალს, ან იქნებ ზუსტად ახლა ვინმე ტრაუნის ტრილოგიასაც თარგმნის…