ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აქციების ფასი, ორშაბათის ვარდნის შემდეგ, სამშაბათს კიდევ 5%-ით, $225,31 დოლარამდე შემცირდა. როგორც ჩანს, აქციების გაუფასურების ტენდენცია ზედიზედ მეცხრე კვირასაც გაგრძელდება.
სამშაბათის ვარდნას წინ ილონ მასკის კომპანიასთან დაკავშირებით უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების გაფრთხილება უსწრებდა. RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსმა, ტომ ნარაიანმა, Tesla-ს აქციების სამიზნე ფასი 120 დოლარით, 320 დოლარამდე შეამცირა, რაც მასკის კომპანიის შედეგებთან დაკავშირებით „მოლოდინებს აკორექტირებს“.
ნარაიანმა მიზეზად Tesla-სთვის ჩინეთში კონკურენციის გაძლიერება დაასახელა. ეს ბაზარი კომპანიისთვის 2024 წლის გაყიდვების 21%-ს შეადგენდა. პროგნოზის თანახმად, ჩინეთში თვითმართვადი ავტომობილების ბაზარზე „დომინაციას“ ადგილობრივი კომპანიები მოიპოვებენ, მასკმა კი ეს მიმართულება თავისი კომპანიის მომავლად განსაზღვრა.
ორშაბათს Tesla-ს აქციების გაუფასურება Mizuho-ს ანალიტიკოსების შენიშვნამ გამოიწვია. ანალიტიკოსებმა, ვიჯაი რაკეშის ხელმძღვანელობით, Tesla-ს აქციების სამიზნე ფასი 85 დოლარით, 430 დოლარამდე შეამცირეს. ამას კი, თავის მხრივ, 2025 წელს ავტომობილების მიწოდების პროგნოზის 2.3 მილიონიდან 1.8 მილიონამდე შემცირება უსწრებდა წინ.
რაკეშმა Tesla-ს „გაყიდვების პრობლემები“ აშშ-სა და ევროკავშირში „ბრენდის აღქმის“ შესუსტებასთან, „გეოპოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებასთან“ და ჩინეთის ბაზარზე ადგილობრივი კომპანიების მხრიდან მზარდ კონკურენციასთან დააკავშირა.