გარდერობის დედოფალი

გარდერობის დედოფალი

ჰოლივუდელი რეჟისორის, კოლინ შტრაუსის (Skyline) საძინებელი ოთახის კარადა დიზაინერულ ბუტიკს მოგაგონებთ: მუქი ხით მოპირკეთებული პირადი სივრცე, სადაც ფეხსაცმელები უკანა კედლიდან განათებულ თაროებზე აწყვია, სპორტული ქურთუკებიც ლამაზადაა განლაგებული ასევე განათებულ საკიდებზე, იქვეა რბილი სავარძლები მოსასვენებლად. „ჩემს საძინებელში შემოსული ადამიანები აღფრთოვანებას ვერ მალავენ, რადგან აქაურობა Louis Vuitton-ის მაღაზიას ჰგავს”, – ამბობს შტრაუსი.

მისი $200 000-იანი გარდერობი ლიზა ადამსის გაკეთებულია. მინიატურული გოგონა, რომელსაც ბიზნესის მაგისტრის წოდება აქვს და კოლეჯში ქიმიას სწავლობდა, დიზაინერად იქცა და ხუთი წლის წინ დაარსა უკვე კარგად ცნობილი კარადების დიზაინის კომპანია, LA Closet Design-ი. „ამჟამად მოდაშია ‘შოპინგი’ საკუთარ გარდერობში, რომელიც ბუტიკივით გამოიყურება”, – ამბობს ადამსი.

LA Closet Design-ი ამჯერად ოთახ-გარდერობების რემოდელირებას აკეთებს (საშუალო ღირებულებით $60 000-დან $80 000-მდე) 24 ყველაზე მდიდრული სახლისათვის სხვადასხვა ქვეყანაში, დაწყებული საუდის არაბეთით, დამთავრებული ავსტრალიით. ადამსის კლიენტების სია წითელ ხალიჩაზეხშირად მოსიარულე სტუმრებს მოგვაგონებს. ადამსის შექმნილია კარადები ედი მერფისათვის, დერეკ ფიშერისათვის, ჯუელისა და ჯილიან მაიკლსებისათვის. ბილი კრისტალისათვის ლიზამ საგანგებო კონსტრუქციაც კი ააწყო იმ შავი სმოკინგების სადემონსტრაციოდ, რომელიც ბილის ოსკარების გადაცემის მრავალი ცერემონიალის წამყვანის როლში გამოსვლისას ეცვა; სხვა სექციამან სპორტსმენების გასახდელის სტილში დააპროექტა მსახიობის ბეისბოლის ჟაკეტების ცნობილი კოლექციისათვის.

ბიზნესი აღმავლობის გზაზეა. შემოსავალი შარშან 42%-ით გაიზარდა, წელს კი უკვე 30%-მდეა ასული. ყველაზე დიდი სამუშაო, რაც ფირმას დღემდე შეუსრულებია, იყო $500 000-იანი – Bergdorf Goodman-ის მაღაზიით შთაგონებული – სამსართულიანი სივრცე, თემატური სართულებითა და შიდა კიბეებით.

შესაძლოა აღმაშფოთებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასეა – მდიდარი ბინათმფლობელები დიდძალ ფულს ხარჯავენ იმაში, რომ გარდერობისათვის გამოყოფილი შედარებით მცირე ფართი მაქსიმალურად აითვისონ. და თუ ადრე ოთახ-გარდერობების დიზაინს ნაკლები ყურადღება ენიჭებოდა, ეხლა სახლის მოდერნიზების დროს მათ დიზაინს ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭებათ. ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, აშშ-ის საპროექტო-დიზაინერული კომპანიების 2012 წლის მიმდინარე პროექტების ნუსხაში პირველი ადგილი სწორედ საძინებლების ოთახ-გარდერობებს უჭირავს.

LA Closet-ი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებიც სპეციალიზებული არიან მდიდრული გარდერობის დიზაინზე. ყველა პროექტი ადამსის მეთვალყურეობით ხორციელდება. ის აფასებს ყველა კუთხე-კუნჭულს, და აღწერს თითოეულ სამოსსა და აქსესუარს, რათა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს. მაკეტის 3-D გამოსახულების დამტკიცების შემდეგ ის იწყებს ნადირობას ორიგინალურ ავეჯსა და იშვიათ მასალებზე. დამზადებასა და მონტაჟს, როგორც წესი, ორი თვე სჭირდება, შემდეგ კი ადამსი ბრუნდება, რათა ნაჭრისსაკიდებზე (ოღონდ არა მავთულის) დაკიდოს ტანსაცმელი, გამოფინოს ფეხსაცმელები (ისე, რომ ლამაზად ჩანდეს) და განათავსოს შარფების მრავალფეროვანი კოლექცია ფერების მიხედვით სპეციალურ საკიდებზე.

გარდერობების ჭეშმარიტ მოყვარულთათვის დღეს აუცილებელია საბიბლიოთეკო სტელაჟების სტილში გადაწყვეტილი თაროები ფეხსაცმლისა და ჩანთების კოლექციებისათვის, ასევე იქ უნდა იყოს საკიდები არასეზონური სამოსისათვის (ადვილად ხელმისაწვდომი, სპეციალური ბერკეტით აღჭურვილი), თვალს მოფარებული, სარკით შენიღბული სეიფები ძვირფასეულობისათვის; თხევადკრისტალური ნათურებით განათებული ნიშები ექსკლუზიური სამოსისათვის, რომელიც ხელოვნების ნიმუშივით უნდა იყოს წარმოჩენილი და გადათიხრული აბრეშუმის სარჩულიანი უჯრები აქსესუარების – მზის სათვალეებისა და მისთანების – შესანახად; ბეწვეულობისთვის განკუთვნილი კარადა ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლით; დაბოლოს, ამ ყველაფერს უნდა ამშვენებდეს ბროლის ჭაღები და თეთრი მარმარილოს დეკორატიული ნაკეთობები. ამას ემატება ისეთი შემოქმედებითი დანამატები, როგორიცაა მაცივრები ღვინისთვის, სასაუზმე დახლები, ტელევიზორის კუთხეები, სიგარების ჰერმეტული კოლოფები, ზოგჯერ სტრიპტიზის ძელიც კი – და ყოველივე ეს გარდერობის განუყოფელი ნაწილებია.

საოცარია, მაგრამ LA Closet Design-ის კლიენტების თითქმის ნახევარი კაცია. „ჩემი კლიენტი მამაკაცებისათვის ეს ერთგვარი თავშესაფარია, სადაც სიმარტოვეში ყოფნის საშუალება ეძლევათ”, – აღნიშნავს დიზაინერი. „საუბარია არა მხოლოდ სივრცეზე, არამედ იმაზეც, რომ შესაძლოა არ მინდოდეს ვუსმინო ჩემი ცოლის თმის საშრობის ხმას და ასევე მას არ უნდოდეს ჩემი სიმღერის მოსმენა”, – აღიარებს რობერტ კორტი, კინოპროდიუსერი, რომლის ნუსხაშია„ კოქტეილი” და „ გაქცეული პატარძალი”. მან და მისმა მეუღლემ, როსალი სვედლინმა, დაიქირავეს ადამსი, რათა გამოეყოთ თავ-თავიანთი ტერიტორიები ბევერლი-ჰილზში მდებარე 600 კვ. ფუტ. ფართის სახლში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა წლების მოდერნის სტილშია აგებული. კორტმა ადამსს გოლფის მინდვრის მოდელიც კი გააკეთებინა.

„მე ოთახში სივრცისა და კომფორტის ესთეტიკა უფრო მომწონს, ვიდრე, უბრალოდ, ფუნქციურობა”, – ამბობს კორტი, რომელმაც ტრუსდეილის სახლი ამ წლის დასაწყისში გაყიდა მას შემდეგ, რაც ელენ დეჯენერესისა და პორტია დე როსისაგან ისეთი „ შეთავაზება მიივიღეთ, რომელზეც უარი ვერ ვთქვით”. ამჟამად ის და მისი მეუღლე ახალი $10,5 მილიონიანი სახლის გარდერობების ესკიზების შედგენით არიან დაკავებულნი.

ტელევარსკვლავი ჯულიანა რანჩიჩი ადამსს მას მერე დაუკავშირდა, რაც ნახა ხელჩანთების კედელი (ტიხრებით გამოყოფილი, იდეალურად განლაგებული ხელჩანთები) – ეს მან კარდაშიანების ოჯახის მატრიარქის, კრის ჯენერისათვის დააპროექტა. „ლიზამ სივრცე ისე გამოიყენა, რომ ვშიშობ, ვერ შევძლებ მის შევსებას!” – ხუმრობს რანჩიჩი.

როგორც LA Closet Design-ის სხვა მრავალი კლიენტი, რანჩიჩებიც მიიჩნევენ, რომ კარგად დაპროექტებული კარადები სახლის გასაყიდ ფასს ზრდის. ზოგიერთი ადამსს იმისთვის ქირაობს, რომ მყიდველის პოვნა გაუადვილდეს. ადამსის დაქირავება უკვე დეველოპერებმაც კი დაიწყეს თავიანთი ახალი პროექტებისთვის.
„ ეს ძალიან გვჭირდება, რადგან გარდერობისახლს ალამაზებსდა ხაზს უსვავს სახლის სივრცეს”, – განმარტავს კიმბერლი ლუცერო, AEG-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი Ritz-Carlton-ის რეზიდენციებში (ლოს-ანჯელესი).

ზუსტად რა ღირებულებას მატებს სახლს გარდერობი, რთული დასადგენია. „ ძალიან ძნელია განსაზღვრო, რამდენად შეიძლება გაზარდოს ფასი ისეთმა გარდერობმა, როგორიც ლიზასია, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია სახლებზე, რომლებიც ისედაც მილიონები ღირს, – ამბობს მაურისიო უმანსკი, The Agency-ს (ფეშენებელური უძრავი ქონების სააგენტო ბივერლი ჰილსში) გენერალური აღმასრულებელი. – მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ის ნამდვილად ზრდის სახლის გაყიდვის შანსს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი გარიგება მეშლება ცუდი გარდერობების გამო” (მისმა მეუღლემ, კაილ რიჩარდსმა, ტელეშოუდან „ ბევერლი ჰილზის ნამდვილი დიასახლისები”, ადამსისაგან აგრეთვე რამდენიმე დიზაინერული რჩევა მიიღო).

თუმცა კლიენტთა უმრავლესობისათვის მთავარი ღირებულება პირადი სიამოვნებაა. „ ეს ალბათ ჩვენი სახლის საუკეთესო ადგილია”, – ამბობს კენდის კოშენური, სარეკლამო სააგენტოს გენერალური აღმასრულებელი, რომლის ფილადელფიური ბინა თავს იწონებს მუქი ლურჯი გარდერობით, რომელიც სანათებს, ჩამონტაჟებულ ტელევიზორსა და ღვინის მაცივარს შეიცავს.
„ ჩემს მეუღლეს, უბრალოდ, არ ესმოდა, რატომ ვაკეთებდით ამას. ახლა, როცა უკვე დასრულებულია, ის ყველა სტუმარს გარღდერობს ათვალიერებინებს”, – ხუმრობს კოშენური. მას უყვარს ტრაბახი თავისი ჰალსტუხების უჯრებით – სადაც ჰალსტუხები ფერების მიხედვითაა დალაგეგუბული – შემდეგ კი სტუმრებისათვის ჭიქა ღვინის შეთავაზება გარდერობის ღვინის მაცივრის მარაგიდან.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *