ქართველი მოდის დიზაინერი გალიბ გასანოვი LVMH Prize-ის ფინალშია

ქართველი მოდის დიზაინერი გალიბ გასანოვი LVMH Prize-ის ფინალშია

ფოტო: Polina Vinogradova

მილანში დაფუძნებულ შემოქმედებით პროექტ Institution-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართველი მოდის დიზაინერი გალიბ გასანოვი LVMH Prize-ის ფინალისტებს შორის დასახელდა. შედეგად, გასანოვი საქართველოდან რიგით მეორე მოდის დიზაინერია, რომელმაც აღნიშნულ კონკურსში ფინალურ ეტაპზე გადასვლა შეძლო. პირველად, 2015 წელს, LVMH Prize-ის ფინალისტებს შორის დემნა გვასალია ვიხილეთ, რომელიც ამჟამად Gucci-ს შემოქმედებითი დირექტორია.

„Institution-ი გალიბ გასანოვის მიერ შექმნილი შემოქმედებითი პროექტია, რომელიც მის [დიზაინერის] პერსონალურ და ესთეტიკურ კავშირებს გამოხატავს კულტურებთან, რომელთა ნაწილიც თავადაა. როგორც ეთიკური საფუძვლის მქონე სოციალურ-შემოქმედებითი ორგანიზაცია, Institution-ი მოდის ფარგლებს სცდება. ინსტიტუციის მასშტაბურ როლზე სახელწოდებაც მიგვანიშნებს: ადამიანების მიერ განსაზღვრული წესებისა და ნორმების სტრუქტურა, რომელიც ინდივიდუალურ ქცევას აყალიბებს და განაპირობებს. იგი კულტურული რეფლექსიის, საზოგადოებრივი თანამშრომლობისა და არტისტული კვლევის პლატფორმას წარმოადგენს.

გალიბ გასანოვი წარმოშობით აზერბაიჯანელი ქართველი დიზაინერია, რომელიც თბილისის გარეუბანში გაიზარდა და ბავშვობიდან გარემოცული იყო კონტრასტული ენების, ხელობისა და ტრადიციების სამყაროთი. დიზაინერისა და კონსულტანტის პოზიციაზე თითქმის 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, 2024 წელს, მან მილანში Institution-ი დააფუძნა“, – ვკითხულობთ LVMH Prize-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.

LVMH PRIZE 2013 წელს დაარსდა და მისი მიზანი მთელი მსოფლიოდან კრეატიული ტალანტების აღმოჩენა და მხარდაჭერაა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დიზაინერებს, რომლებიც 18-დან 40 წლამდე ასაკის არიან და სულ მცირე ორი მზა სამოსის, ე.წ. ready-to-wear კოლექცია აქვთ შექმნილი. გამარჯვებული ჯილდოს სახით 400,000 ევროს მიიღებს და ერთი წლით LVMH-ის ექსპერტთა გუნდის მენტორებთან ითანამშრომლებს.

წლევანდელ კონკურსში ფინალისტები მოდის ინდუსტრიის გიგანტებმა შეარჩიეს. ჟიურის წევრებს შორის არიან Dior-ის კრეატიული დირექტორი ჯონათან ანდერსონი, Givenchy-ს კრეატიული დირექტორი სარა ბარტონი, Marc Jacobs-ის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი მარკ ჯეიკობსი, Louis Vuitton-ის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორი ფარელ უილიამსი და სხვანი. გამარჯვებულები 4 სექტემბერს, სამ კატეგორიაში – LVMH Prize-ში, Karl Lagerfeld Prize-სა და Savoir-Faire Prize-ში – დასახელდებიან.

თებერვალში გასანოვმა მილანის მოდის კვირეულზე Institution-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა. კვირეულზე ქართველი დიზაინერის გამოჩენას გამოეხმაურა გავლენიანი მოდის გამოცემა Vogue-ი, რომელმაც გასანოვს „ამომავალი ვარსკვლავი“ უწოდა.