მოიტანს თუ არა მშვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შერიგების პროცესში ევროკავშირის ჩართულობა?

მოიტანს თუ არა მშვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შერიგების პროცესში ევროკავშირის ჩართულობა?

მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინის დაპყრობის კამპანიითაა დაკავებული, ევროკავშირმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შერიგების პროცესებში საკუთარი როლის გაზრდა დაიწყო. 22 მაისს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ბრიუსელში სამშვიდობო პროცესების განსახილველად შეხვდნენ. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უძღვებოდა და წარმატებულ შედეგებსაც მიაღწია ორი ქვეყნის შერიგების საკითხებში. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სატრანზიტო ხაზებზე მოახერხეს ხელშეკრულების დადება, მათ შორის სომხეთის გავლით აზერბაიჯანსა და ნახჭევანის დამაკავშირებელი ე.წ. ზანგეზურის კორიდორის შესახებ. ორივე მხარემ საზღვრების დემარკაცია და დელიმიტაციის საკითხზე შეთანხმებასაც მიაღწია, რასაც მოჰყვა ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიების შეხვედრაც.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ შესამჩნევი იყო დასავლეთის მხრიდან, როგორც ომში, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულობის ნაკლებობა. ამასობაში რუსეთმა, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით,  მოახერხა მთავარი როლის შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, ბევრი თანხმდება, რომ კრემლის მთავარი მიზანი ნამდვილი პროგრესის შეჩერებაა, რადგან დავები რუსულ ინტერესებს ემსახურება. მოსკოვი ორ ქვეყანას შორის მშვიდობის შენებით ნაკლებადაა დაინტერესებული, რადგან კონფლიქტის სრული დასრულების შემდეგ რეგიონში მისი სამშვიდობო მისიის არსებობა რელევანტურობას დაკარგავს. 2020 წლიდან 2,000 სამშვიდობო სამხედრო კვლავ არის განთავსებული რეგიონში, რაც რუსეთს ხელს აძლევს რეგიონზე გავლენა შეინარჩუნოს.

მიუხედავად ამისა, კონფლიქტის მოგვარებაში საკუთარი როლის ზრდაზე მუშაობა ევროკავშირმაც დაიწყო და შემრიგებლური მოლაპარაკებების ხელშეწყობას მიჰყო ხელი. სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ბრიუსელში ერთმანეთს ხვდებიან უკვე 2021 დეკემბრიდან, რაც რუსი პოლიტიკოსების კრიტიკის ქვეშ ხშირად ექცევა, სამშვიდობო პროცესებში უხეშად ჩარევის ბრალდებებით.

რეგიონში რუსეთის ძლიერი პოზიციის მთავარი დასაყრდენი სამხედრო ბერკეტია. აქედან გამომდინარე, საეჭვოა, კრემლს სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობა სურდეს. სწორედ ამიტომ, სომხეთი და აზერბაიჯანი პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართულობით არიან დაინტერესებული. სამშვიდობო პროცესებში ევროკავშირის როლის ზრდა განსაკუთრებით აზერბაიჯანს სურს, რადგან მის ინტერესებში არ შედის რუსეთის მიერ ყარაბაღში გრძელვადიან პერიოდში საკუთარი სამხედრო დანაყოფების შენარჩუნება. ბაქო ასევე დაინტერესებულია ევროკავშირთან ენერგოექსპორტის გაზრდითაც, განსაკუთრებით დასავლეთის მიერ რუსეთის იზოლირების პერიოდში. ამავდროულად, ერევანიც ძლიერაა დაინტერესებული ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებებით.

ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგი რომელიც მაისში შემდგარმა ბრიუსელის სამიტმა მოიტანა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის კომისიების პირველი შეხვედრა იყო. კომისიებმა მეორე დღესვე დაიწყეს აქტიური მუშაობა. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის კომისია ერთმანეთს 16-17 მაისს მოსკოვში უნდა შეხვედროდა. ამის მიუხედავად, შეხვედრა 24 მაისს, ბრიუსელის სამიტის მომდევნო დღეს შედგა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დაუზუსტებელ მონაკვეთზე. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამით მხარეებმა სცადეს პროცესში რუსეთის როლის შემცირება.

მაშინ როდესაც უკრაინაში რუსეთის აგრესია საფრთხედ რჩება სამხრეთ კავკასიისთვის, ის ასევე შესაძლებლობაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. რუსული აგრესია საფრთხე სწორედ იმიტომაა, რომ მას შესაძლოა რუსეთის მხრიდან რეგიონში მორიგი სამხედრო ესკალაცია მოჰყვეს, ხოლო შესაძლებლობა იმიტომ, რომ ევროკავშირმა ორი მხარის ბრიუსელში შეკრების გზით უკვე დიდ პროგრესს მიაღწია მათი შერიგების პროცესში.

ევროკავშირის პრიორიტეტები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დელინეაცია და დემარკაცია, სატრანსპორტო კავშირების გახსნა და კონფლიქტის საბოლოოს გადაჭრაა. თუმცა გაურკვეველია, რამდენად იზიარებს რუსეთი ამ მიზნებს. იმ შემთხვევაში თუ სომხეთი და აზერბაიჯანი მოაგვარებენ კონფლიქტს, რუსეთის სამხედრო დანაყოფების ყარაბაღში არსებობა აზრს დაკარგავს. ამავდროულად, ევროკავშირი თანდათანობით უფრო აქტიურად ერთვება ამ პროცესში. შარლ მიშელის განცხადების მიხედვით, ალიევი და ფაშინიანი კვლავ შეხვდებიან ბრიუსელში, ამჯერად ივლისში ან აგვისტოში. თუ ასეთი შეხვედრები სისტემურ ხასიათს მიღებს, მეტი ხელშესახები შედეგის მიღება სრულად შესაძლებელია – ეს ხელს შეუწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო და მდგრადი მშვიდობის დამყარებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *