გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასულ კვირას გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერის, ლიზ ტრასის კლიმატური პოლიტიკა განვიხილეთ, ახლა კი იტალიის ჯერი დადგა, სადაც რამდენიმე დღეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. როგორც აღმოჩნდა, კლიმატური და ენერგეტიკული კრიზისის თანხვდენამ კანდიდატებისთვის მნიშვნელოვანი თავსატეხი წარმოქმნა და ისტორიაში პირველად, იტალიის წინასაარჩევნო კამპანიაშიც ცენტრალურ საკითხად იქცა. შესაბამისად, იტალიის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე განვიხილავთ მთავარ საკითხებს, რომელთაც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამა აერთიანებს.

ამასთან ერთად კი, როგორც აღმოჩნდა, წიაღისეული საწვავისგან განთავისუფლება არამხოლოდ გარემოსთვის, გლობალური ეკონომიკისთვისაც კი სასარგებლო იქნება. მიმოხილვაში ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ნაშრომს წარმოგიდგენთ, რომლის თანახმადაც, მსოფლიო სუფთა ენერგიაზე გადასვლით, 2050 წლისთვის $12 ტრილიონის დაზოგვას შეძლებს.

გასული კვირის მნიშვნელოვან საკითხებს შორის მოხვდა Shell-ის მიერ ახალ აღმასრულებელ დირექტორად კომპანიის განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი აირის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დანიშვნა, რაც საინტერესოა, სამომავლოდ კომპანიის მწვანე პოლიტიკაზე როგორ აისახება.

ბოლოს კი გაეცნობით რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ პირველ კლიმატურ სარჩელს, რომელიც სახელმწიფოსგან გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს 2015 წლის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და სათბური აირების ემისიის რადიკალურად შესამცირებლად.

იტალიის არჩევნები:  როგორია წინასაარჩევნო კამპანიისას კანდიდატების გარემოსდაცვითი პოლიტიკა?

გვალვამ, ენერგეტიკულმა კრიზისმა და გაძვირებულმა გადასახადებმა საბოლოოდ გამოაღვიძა იტალიის საზოგადოებრივი აზრი კლიმატური კრიზისის გავლენის შესახებ. იტალიის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნათელი გახდა, რომ კლიმატის ცვლილება თანდათანობით პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა.

დამოუკიდებელმა იტალიურმა ანალიტიკურმა ცენტრმა, ECCO-მ, რომელიც ძირითადად ენერგეტიკულ ტრანზაქციას იკვლევს, არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის მიერ წარმოდგენილი პოლიტიკური სიები გააანალიზა. ECCO-ს კვლევაც ცხადყოფს, რომ კლიმატური კრიზისი პირველად გახდა ცენტრალური საკითხი იტალიის წინასაარჩევნო კამპანიებში.

რომელია იტალიის ყველაზე „მწვანე“ პოლიტიკური პარტიები?

როგორც მოსალოდნელი იყო, „მწვანეთა პარტია“, მის კოალიცია Sinistra Italiana-სთან ერთად, ყველაზე ერთგულია გარემოსადმი და მდგრადი იტალიის მოწოდებებითაც სიის სათავეშია. მემარცხენე პარტიები კლიმატურ საკითხებში უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩევიან და სურთ, მათი ქვეყანა უკეთესი კანონებითა და მწვანე ენერგიისთვის საჯარო ინვესტიციებით, საერთაშორისო სტანდარტებამდე აიყვანონ.

მემარჯვენე მხარეები იტალიელებს ენერგიის ხარჯების შემცირებას ჰპირდებიან და ბირთვული ენერგიის მხარდამჭერებადაც გვევლინებიან, თუმცა მათ პოლიტიკურ კამპანიას დეტალიზაცია აკლია. კოალიციას იტალიელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს.

იტალიელებს კი გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე პოლიტიკური პასუხები სჭირდებათ. ECCO-ს წინა კვლევამაც აჩვენა, რომ იტალიელების ცნობიერება გარემოსდაცვითი საკითხებისადმი შეიცვალა. გამოკითხულთა 35% კლიმატური კრიზისისადმი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვდა, ხოლო 13%-ის აზრით, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ყველა სახის ქმედება უკვე დაგვიანებული იყო.

ამჟამად კი კლიმატურ კრიზისს კიდევ ერთი საკითხი დაემატა, რასაც გლობალური ენერგეტიკული კრიზისი ეწოდება და მოსახლეობაში მომავალი ზამთრის შიშს აჩენს, რაც, ერთი მხრივ, ბუნებრივი აირის მზარდი ფასებითა და მეორე მხრივ შესაძლო ენერგოდეფიციტითაა გამოწვეული.

წინასაარჩევნოდ კი იტალიური პარტიების კლიმატური პოლიტიკა ასე გამოიყურება:

როგორც აქამდეც აღვნიშნეთ, პირველად ისტორიაში, კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკული პრობლემების დაუყოვნებლივი მოგვარება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ბრძოლის ველს წარმოადგენს. მართალია, სათაურები ეკონომიკურ საფრთხეებზეა ფოკუსირებული, თუმცა რეალურად პარტიების პროგრამები ბევრად უფრო ღრმა და მრავლისმომცველია.

წმინდა ნულოვანი ემისიის პოლიტიკა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობები

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის უმეტეს ქვეყანაში 2030 წლისთვის გამონაბოლქვის შემცირების ეროვნული მიზანი უკვე არსებობს, იტალიაში თითქმის არც ერთი მხარე ამ საკითხს პირდაპირ არ ეხება. მიზნები მათი კამპანიის ნაწილად მხოლოდ „მწვანეთა პარტიასა“ და ცენტრალურ პარტია Azione-ს აქვს ჩამოთვლილი. დანარჩენები კი მხარს ევროკავშირის მიზანს უჭერენ, რომელიც 2030 წლისთვის ემისიების 55%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან ერთად კი აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი პარტია, Verdi-SI, გამოდის ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიზნის 2050 წლიდან 2045 წლამდე გადმოწევის მოწოდებით, როგორც ეს უკვე მოხდა გერმანიაში.

ანახლებადი ენერგია

ენერგეტიკა საარჩევნო კამპანიის ყველაზე დიდი საკითხია, რომელზედაც თითოეულ პარტიას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი. ყველა თანხმდება ენერგოხარჯების შეკავების აუცილებლობაზე, რაც ფუნდამენტური საკითხია როგორც იტალიელებისთვის, ასევე დანარჩენი ევროპისთვის. ცენტრისა და მემარჯვენეების კოალიციები უფრო მეტად ფოკუსირებულნი ბირთვულ ენერგიაზე არიან, ხოლო „მემარცხენე ცენტრისტები“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ უპირატესობას ენერგოეფექტიანობასა და განახლებად ენერგიას ანიჭებენ.

განსხვავებული შეხედულებებია ბუნებრივი აირის საკითხზეც: PD-ი და +Europe-ი ახალი ინფრასტრუქტურის მომხრეა, მაშინ როდესაც „მწვანეთა პარტიაში“ ახალი ქარხნების მოთხოვნამდე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი მხარდაჭერა განახლებადი ენერგიისადმი არსებობს, რეალურად მხოლოდ „მწვანეთა პარტია“ და PD-ი სთავაზობენ იტალიელებს მკაფიო რაოდენობრივ მიზნებს. მემარჯვენე ცენტრისტებს მიაჩნიათ, რომ გარდამავალი პროცესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ბირთვული ენერგია და ბუნებრივი აირია. თუმცა არც ხარჯებსა და პროცესის ხანგრძლივობაზე საუბრობენ და არც იმას განმარტავენ, თუ როგორ დაეხმარება მათი არჩევანი მიმდინარე ფასების კრიზისს, განსაკუთრებით კი კლიმატური მიზნების მიღწევის პარალელურად.

მათგან განსხვავებით კი  მემარცხენეები ენერგოეფექტიანობასა და განახლებად ენერგიაზე საუბრობენ და მათ, გადაუდებელი კლიმატური საჭიროებისთვის, სტრუქტურულ პასუხსა და ფართო ევროპულ პოლიტიკას უწოდებენ.

კლიმატური ცვლილების ადაპტაციის პოლიტიკა

გასულ წელს კლიმატური ცვლილებების შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა, შესაძლოა მოლოდინი გაჩნდეს, რომ ადაპტაციის პოლიტიკა პარტიებისთვის წინასაარჩევნოდ პრიორიტეტულია. თუმცა პირიქით, ეს საკითხი კვლავ აკლია პოლიტიკურ წინადადებებს.

ერთადერთი მინიშნება Forza Italia-სგანაა, რომელიც მოსახლეობას „მილიონი ხის დარგვას“ ჰპირდება, ხოლო „მწვანეთა პარტია“ და M5S-ი წყლის საჯარო მენეჯმენტზე საუბრობენ. სხვა მხარეები უბრალოდ პერიოდულად ახსენებენ წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გეგმას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ელექტრომობილების მნიშვნელობაზე ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, მაგრამ მიდგომები განსხვავდება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. M5S-ი სამგზავრო ბილეთებისთვის განსხვავებულ და შედარებით თანაბარ სისტემას ითხოვს, ხოლო „მწვანეთა პარტია“ მხარს უჭერს შეღავათებს მოხუცებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე ბილეთების 10-კატეგორიან სისტემასა და 10-თვიან უფასო ტრანსპორტირებას. პარტიათა დანარჩენი ნაწილი უბრალოდ ზოგად მხარდაჭერას გამოთქვამს ელექტრომობილების გამოყენების გაფართოებისადმი, დამატებითი დეტალების გარეშე.

შეჯამებისთვის კი უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მთავრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა „აღდგენისა და მდგრადობის ეროვნული გეგმის“ (PNRR) საბოლოო განხორციელება იქნება. ცნობისთვის, PNRR-ი „ევროკავშირის აღდგენის დროებითი ინსტრუმენტია“, რომელიც წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, რეფორმებისა და ინვესტიციების განხორციელებაში შეუწყობს ხელს. თუმცა აზრები კვლავ იყოფა, როდესაც საქმე გარემოსდაცვითი გადასახადის რეფორმას ეხება. ამ შემთხვევაში Lega-ს პოზიცია წიაღისეული საწვავის სუბსიდიების შენარჩუნებაა, M5S-ს მათი გადაყვანა ახლებურ და უფრო ეფექტიან გამოყენებაზე სურს, ხოლო Verdi-SI მის გაუქმებასაც კი ითხოვს.

Samsung-ი, ნახშირბადის წმინდა ნულოვანი ემისიის მისაღწევად, $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Samsung Electronics-ი 2050 წლისთვის ნახშირბადის წმინდა ნულოვანი ემისიის მისაღწევად $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ტექნოლოგიური გიგანტის მიერ გამოყოფილი თანხა ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებას მოხმარდება, რაც ჩიპების წარმოების პროცესში წარმოქმნილი სათბური აირის გაფილტვრასა და ნახშირორჟანგის შენახვას უზრუნველყოფს.

Samsung-ის ESG-ის სტრატეგიული ჯგუფის ხელმძღვანელის კიმ სუ-ძინის განცხადებით, მიზანი 2030 წლისთვის კომპანიის მოწყობილობების ბიზნესში ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევაა. გარდა ამისა, Samsung-ი გეგმავს, ისეთი რესურსების გადამუშავება გაზარდოს, როგორიც ლითიუმი და პლასტმასაა. „კომპანიის აქტივობებმა საბოლოო ჯამში მომხმარებლის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, რაც შემდგომში ჩვენი პროდუქტებისადმი ინტერესის ზრდაშიც გამოიხატება“, – დასძინა კიმ სუ-ძინმა.

Samsung-ი RE100-ის გლობალურ ინიციატივას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი კომპანიები საკუთარი ბიზნესის 100%-ით განახლებად ელექტროენერგიაზე გადასვლის პირობას დებენ. RE100-ის ინიციატივის წევრები უკვე არიან Apple-ი, TSMC-ი და Intel-ი.

Samsung-ი ამჟამად დაახლოებით 50 ქვეყანაში აგროვებს ელექტრონულ ნარჩენებს, რომელთა რაოდენობასაც 2030 წლისთვის 180-მდე გაზრდის. ამასთან ერთად, 2050 წლისთვის კომპანია სრულად ხელახლა გამოყენებად პლასტმასაზე გადავა და ეტაპობრივად გაზრდის ენერგოეფექტიანი ჩიპებისა და მოწყობილობების წარმოებას.

აღსანიშნავია, რომ Samsung-ის ჩიპების ქარხნისა და სამხრეთ კორეის სხვა მწარმოებელთათვის სტაბილური და ხელმისაწვდომი ენერგია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსების აზრით, Samsung-ის მიღწევები განახლებადი ენერგიის კუთხით საკმარისი არაა. კომპანიას როგორც ინვესტორები, ასევე მომხმარებლებიც დიდი ხანია, უფრო ამბიციური გარემოსდაცვითი მიზნებისკენ მოუწოდებენ.

სუფთა ენერგიაზე გადასვლით, მსოფლიო 2050 წლისთვის $12 ტრილიონს დაზოგავს

აღმოჩნდა, რომ წიაღისეული საწვავისგან განთავისუფლება არამხოლოდ გარემოსთვის, გლობალური ეკონომიკისთვისაც კი სასარგებლო იქნება. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ნაშრომი ცხადყოფს, რომ მსოფლიო სუფთა ენერგიაზე გადასვლით, 2050 წლისთვის $12 ტრილიონის დაზოგვას შეძლებს.

ოქსფორდის „სმიტის სამეწარმეო და გარემოსდაცვითი სკოლისა“ და „მარტინის სკოლის ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის“ მკვლევრებმა წარსულში გამოყენებული ტრანზიციის ხარჯების ათასობით სცენარი გააანალიზეს. ნაშრომის შედგენისას გამოყენებული მასალა აერთიანებს მზის ენერგიის 45-წლიან და ქარის ენერგიის 37-წლიან ხარჯებსა და ბატარეის შენახვის 25-წლიან მონაცემებს.

კვლევის შედეგების თანახმად, ყველა წინა მოდელმა ვერ შეძლო ენერგიის  მომავალი ხარჯების სწორი პროგნოზირება და მუდმივად გადაჭარბებული შეფასებით გამოირჩეოდა. მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მზის ენერგიის ღირებულება, წინა კვლევების ყველაზე ამბიციურ პროგნოზებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად დაეცა. ამასთან ერთად კი, მკვლევართა განცხადებით, განახლებადი ენერგიის ფასები ათწლეულების განმავლობაშიც კლებულობს, ხოლო განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება მის გაიაფებას და უახლოეს პერსპექტივაში ფინანსების დაზოგვასაც გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებით მზისა და ქარის ენერგიისგან, უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში, ბირთვული ენერგიის ხარჯების ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. ეს ფაქტი კი ბირთვულ ტექნოლოგიას, სხვა „მწვანე“ რესურსებთან შედარებით, სამომავლოდ ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ომის შედეგად წიაღისეული საწვავის ფასები გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვეყნები ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვიან, რასაც კლიმატური ცვლილებების შედეგად მოყენებული ზარალიც ერთვის თან. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სუფთა ენერგიაზე გადასვლა ერთდროულად ენერგეტიკული და კლიმატური კრიზისის დაძლევას შეუწყობს ხელს.

Shell-მა აღმასრულებელ დირექტორად განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დანიშნა

Shell-მა ახალ აღმასრულებელ დირექტორად კომპანიის განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი აირის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაელ სავანი აირჩია. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება აწ უკვე ყოფილმა CEO-მ, ბენ ვან ბერდენმა, თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდგომ მიიღო.

Reuters-ი 48 წლის კანადელ ბიზნესმენ ვაელ სავანს, ჯერ კიდევ თვის დასაწყისში განიხილავდა ბერდენის შემცვლელად. ფაქტია, ახალ CEO-დ განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის არჩევა, ბრიტანული ენერგოგიგანტის პოლიტიკაში ცვლილებების ნიშანია. განსაკუთრებით კი მას შემდგომ, რაც 2017 წლიდან Shell-მა ეტაპობრივად უფრო ამბიციური მიზნები დაისახა კლიმატურ კრიზისთან გასამკლავებლად.

ამჟამად კი კომპანიას 2050 წლისთვის მკაფიოდ დასახული გეგმა აქვს, მოკლე და საშუალოვადიანი მიზნებით:  სათბური აირების ემისიების ნულამდე შემცირება და ბიზნესმოდელის განახლებადი ენერგიისთვის მორგება. „ჩვენ დისციპლინირებულები და ღირებულებებზე ორიენტირებულები ვიქნებით“, – აღნიშნა ვაელ სავანმა განცხადების გაკეთებისას.

Credit Suisse-ის ანალიტიკოსების განცხადებით, სავანი საკმაოდ ცნობილი პირია ინვესტორებისთვის, რის გამოც მოლოდინია, რომ მისი დანიშვნა ენერგოგიგანტის სტრატეგიაზე შეზღუდულ გავლენას იქონიებს. ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიისა და 2020 წლის დასაწყისში ენერგეტიკული მოთხოვნის კოლაფსის გამო, Shell-მა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად, თავისი დივიდენდი შეამცირა. იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი დივიდენდი მაშინ $15 მილიარდით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ  64 წლის ბენ ვან ბერდენი დირექტორის მოვალეობას 2023 წლის პირველ იანვრამდე შეასრულებს, მას შემდეგ კი ის დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლებს.

პირველი კლიმატური სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სათბური აირების ემისიის გამო

უზენაეს სასამართლოში აქტივისტებმა რუსეთის წინააღმდეგ პირველი კლიმატური სარჩელი შეიტანეს. მომჩივანი მხარე სახელმწიფოსგან გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რაც აუცილებელია 2015 წლის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და სათბური აირების ემისიის რადიკალურად შესამცირებლად.

საჩივრის ავტორებს შორის ორი ორგანიზაცია Ekozashita (ეკოთავდაცვა) და „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფია“, რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის უძველესი ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა დისიდენტების მიერ დაარსდა. მათთან ერთად დამატებით თვრამეტი პირია იმ სარჩელის ავტორთა შორის, რომელიც რუსეთის სასამართლომ პირველად მიიღო.

ცნობისთვის, რუსეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ერთ სულ მოსახლეზე სათბური აირებით ყველაზე დიდი დამბინძურებელია. თუმცა აქტივისტების სარჩელში ნათქვამია, რომ ხელისუფლება არასაკმარის ძალისხმევას დებს გარემოსდაცვით პოლიტიკაში კლიმატური ცვლილებების შესანელებლად. აქტივისტთა განცხადებით, რუსეთში, რომელიც თავისი სასტიკი ზამთრითაა ცნობილი, დათბობის სისწრაფე სახიფათოდ დაჩქარებულია.

„მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, პრეისტორიულ დონესთან შედარებით ტემპერატურა დაახლოებით 1°C-ით გაიზარდა, რუსეთში ტემპერატურული მატების მაჩვენებელი 2.5°C-ს უტოლდება. სახიფათოა, რომ ეს თანაფარდობა მომავალშიც შენარჩუნება, ანდაც გაუარესდება“, – ნათქვამია სასამართლოში შეტანილ სარჩელში.

გასულ წელს, რუსეთის მიერ დამტკიცებული სტრატეგიის თანახმად, 2050 წლისთვის, სათბური აირების მაჩვენებელი 1990 წელთან შედარებით 80%-ით, ხოლო 2019 წლის დონესთან შედარებით 60%-ით უნდა შემცირდეს. ემისიების წმინდა ნულოვანი მიზანი რუსეთისთვის 2060 წელია.

აქტივისტები ამ განკარგულების გაუქმებას და უფრო ამბიციური მიზნების დასახვას ითხოვენ. მოსარჩელეთა ჯგუფს სურს, რუსეთში სათბური აირების ემისია 2030 წლისთვის 1990 წლის დონესთან შედარებით 31%-ით შემცირდეს, 2050 წლისთვის კი არ უნდა აღემატებოდეს 1990 წლის მაჩვენებლის 5%-ს. „მხოლოდ ამ მიზნების დაცვით შეუძლია რუსეთს, შეასრულოს პარიზის კლიმატის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – აცხადებენ აქტივისტები.