გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

ნოემბერში, ეგვიპტეში გასამართი გაეროს კლიმატური კონფერენციის მოახლოებასთან ერთად, კლიმატური კრიზისის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. COP27-ზე, როგორც ვარაუდობენ, განსაკუთრებით დიდი ყურადღება მდიდარი ქვეყნების მხრიდან კრიზისის შესაჩერებლად დაფინანსებების გაძლიერებასა და მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას დაეთმობა. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი კი ღარიბი ქვეყნების დახმარებაა, რომლებიც სწორედ მსოფლიოს მდიდარი ნაწილის მიერ წარმოქმნილი ემისიების გამო ზარალდებიან.

მიუხედავად მოთხოვნებისა, მდიდარი სახელმწიფოები ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებენ. გასულ კვირაში ამ ფაქტით Reuters-ი დაინტერესდა და ერთგვარი სქემაც წარმოადგინა, თუ როგორ შეუძლია დასავლეთს დედამიწის გადასარჩენად ტრილიონობით დოლარის მობილიზება.

აზიის უმდიდრესი ადამიანი კი, მწვანე მიმართულებით ინვესტირებებს კვლავ განაგრძობს და ამჯერად მან უკვე ინვესტორებთან, მათ შორის სინგაპურის სუვერენულ სიმდიდრის ფონდ GIC Pte-სა და Temasek Holdings Pte-სთან $10-მილიარდიანი დაფინანსების მისაღებად მოლაპარაკებების წარმოება განიზრახა.

Reuters-ის მიმოხილვა: როგორ შეუძლია დასავლეთს დედამიწის კლიმატური კრიზისისგან გადასარჩენად ტრილიონობით დოლარის მობილიზება

გასულ კვირაში ომის, ინფლაციის, ვალების, შიმშილის, რეცესიის შიშისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თემები დომინირებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრებზე. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში შეკრებილი პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი კვლავ დედამიწის კლიმატური კრიზისისგან გადარჩენაა.

ეს კი განსაკუთრებით აშკარაა პაკისტანის მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებიც ექსტრემალური ამინდის გავლენას საკუთარ თავზე უკვე გამოცდიან. თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ მდიდარი ქვეყნების საერთაშორისო კრედიტორების უმსხვილესი აქციონერები დარწმუნდნენ კლიმატური ცვლილების პრობლემის პრიორიტეტულობაში.

შესაბამისად, დადებით ფაქტად შეფასდება ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის მსოფლიო ბანკისა და სხვა მრავალმხრივი განვითარების ბანკებისადმი (MDBs) მოწოდება, ფოკუსირდნენ გლობალურ საჭიროებებზე, მათ შორის ნაწილობრივ კერძო კაპიტალის გამოყენებით კლიმატურ კრიზისთან ბრძოლაზე. შტატებმა, სხვა ქვეყნების ჯგუფთან ერთად, მსოფლიო ბანკს გეგმის შესამუშავებლად ვადა დეკემბრამდე მისცა.

დასავლეთს პირადი ინტერესების მიზეზებიც აქვს ტრილიონობით დოლარის მობილიზებისთვის, რომლითაც ე.წ. „გლობალური სამხრეთის“ ღარიბ ქვეყნებს წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. დასაწყისისთვის, მდიდარმა ქვეყნებმა გლობალური დათბობის პირდაპირი ზემოქმედებისგან უნდა დაიცვან თავი და ისეთი გადამდები ეფექტებისგან, როგორიცაა კლიმატური კრიზისით გამოწვეული მასობრივი მიგრაციები.

ინვესტიციების გაძლიერებას კი გეოპოლიტიკური სარგებელიც აქვს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ჩინეთის მიერ ტაივანზე მოსალოდნელი შეტევები გამოკვეთს დასავლეთის მხრიდან აუცილებლობას, მხარი დაუჭიროს თავის მოკავშირეებს დანარჩენ მსოფლიოში. მწვანე მიმართულებით ინვესტიციების ზრდა კი აღნიშნული მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი გზაა.

Sky News

სად არის ტრილიონობით დოლარი?

სწორედ ამიტომ, G7-ის ქვეყნების ჯგუფმა, წლის დასაწყისში გასამართ სამიტზე, $600 მილიარდის ღირებულების ინფრასტრუქტურული თანამშრომლობა დააანონსეს. დასავლეთის ქვეყნებმა უკვე დადეს ხელშეკრულება სამხრეთ აფრიკასთანაც, ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს პარტნიორობაზე ვიეტნამთან, ინდონეზიასა და ინდოეთთან. G7-ს მწვანე ალტერნატივის უზრუნველყოფა სურს ჩინეთის მრავალტრილიონიანი დოლარის „სარტყლისა და გზის ინიციატივისთვის“, რომელმაც ინფრასტრუქტურის დაფინანსებით გააფართოვა პეკინის გავლენის სფერო განვითარებად სამყაროში.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნები შეძლებენ, „დაინახონ კონკრეტული სარგებელი, „რომელსაც დემოკრატიებთან პარტნიორობით მიიღებენ“. ბრიტანეთის ახალი პრემიერი ლიზ ტრასიც კი, რომელიც ე.წ. „კლიმატური მეომარი“ სულაც არაა, ენთუზიაზმით არის განწყობილი ინიციატივისადმი.

G7-ის თანამშრომლობა კარგი დასაწყისია, მაგრამ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში $600-მილიარდიანი გეგმა აუცილებლად შესასრულებელი მიზნის მხოლოდ მცირედია. BlackRock-ის შეფასებით, ჩინეთის გამოკლებით, გლობალური სამხრეთის ქვეყნებს ყველა წყაროდან თავიანთი ეკონომიკის დეკარბონიზაციისთვის წლიურად $1 ტრილიონი დასჭირდებათ. რაც ექვსჯერ მეტია იმ თანხაზე, რომელსაც ქვეყნები ამ ეტაპზე იღებენ.

თანხების მოსაძიებლად კი ერთ-ერთი ეფექტიანი გზა კერძო ინვესტორებისგან სახსრების მიღებაა. ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფმა, რომელთა მფლობელობაში გასულ წელს $130 ტრილიონი იყო, პირობა დადო, რომ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას მათი მუშაობის ცენტრალურ საკითხად დააყენებენ. თუმცა თანხების გლობალურ სამხრეთში გადინება რთული საკითხია, ვინაიდან ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ შეთავაზებული ანაზღაურება რისკებს ვერ გაამართლებს.

REUTERS/Kacper Pempel/File Photoმრავალმხრივი განვითარების ბანკების (MDB) მოწოდება

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა MDB-ების მიერ მეტი ძალისხმევა განვითარებად ქვეყნებში რისკების შესამცირებლად. ეს ინსტიტუციები ხელსაყრელ მდგომარეობაშია ღარიბ ქვეყნებთან სამუშაოდ, რათა მათ ბაზრების ჩამოყალიბების, სტანდარტების დაწესებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შექმნით, მწვანე ინვესტიციების მიღება შეძლონ. MDB-ებს პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაშიც შეუძლიათ, როგორიცაა ელექტროქსელები, რომლებიც განახლებად ელექტროენერგიის გამომუშავებაში მეტი ინვესტიციის განსაბლოკადაა აუცილებელი.

პრობლემა ისაა, რომ MDBs-ს წარსულში არასდროს გამოუყენებია მისი ფინანსური ძალა და არც კერძო ინვესტორებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. თუმცა მოწოდება მოქმედებისკენ ოცდაათი ძირითადი ეკონომიკის ჯგუფის მიერ შემუშავებულ მოხსენებას ეყრდნობა, რომლის დასკვნითაც MDB-ებს, დამატებითი კაპიტალის მოზიდვის გარეშე, ინვესტიციების რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარით გაზრდა შეუძლიათ.

მიზეზი მათი, როგორც პრიორიტეტული კრედიტორების, სტატუსია, რაც ნიშნავს, რომ ისინი იშვიათად კარგავენ თანხას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსესხებელი ვალდებულებას არ ასრულებს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მათ აქციონერების მიერ დაბანდებული $1.2-ტრილიონიანი კაპიტალი აქვთ, რომელიც ჯერ არ მოუთხოვიათ.

MDB-ებს მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვაც შეუძლიათ – მაგალითად, მათი ჯგუფური სესხებით წარმოდგენილი ფასიანი ქაღალდების გაყიდვით, რაც კაპიტალს ახალი პროექტებისთვის გამოათავისუფლებს. კლიმატის კვლევითი ცენტის, E3G0-ის განცხადებით, თუ G7-ის ქვეყნები ამას საკრედიტო გარანტიით უზრუნველყოფენ, საპენსიო ფონდები და კომპანიები მათში ინვესტირებასაც მოახერხებენ. G7-ს შეუძლია, გამოიყენოს გარანტიები რამდენიმე სხვა გზით, რათა გლობალურ სამხრეთში მწვანე ინვესტიციები მიმზიდველი გახდეს კერძო ინვესტორებისთვის. ლიბერალური ქმედების შემთხვევაში კი ტრილიონობით დოლარის მობილიზებაც მოხერხდება.

მაგრამ მდიდარი ქვეყნები ასევე მზად უნდა იყვნენ, მეტი კაპიტალი ჩადონ იმ MDB-ებში, რომლებსაც აქვთ ყველაზე ამბიციური და სანდო გეგმები პლანეტის გადასარჩენად. ასეთი დაპირება შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც საჭიროა ინსტიტუციების მოტივაციისთვის.

EBRD საქართველოში, პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში $13.8 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში $13.8 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ შეთავაზებული $80 მილიონის „მწვანე“ უზრუნველყოფილი ობლიგაციები, ქვეყანაში ყველაზე დიდი კორპორაციული ტრანზაქციაა.

ხუთწლიანი ვადის მქონე, აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების ნომინალური პროცენტული შემოსავალი 7%-ია. ობლიგაციების გამოცემის მხარდამჭერთა შორისაა ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკი (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).

მიღებული თანხა მოხმარდება სს ჯორჯია კაპიტალის (GCAP) მიერ მოწოდებული აქციონერული სესხის რეფინანსირებას სს „ჯორჯია გლობალ იუთილითი“-ს (GGU) 250,000,000 აშშ დოლარის ღირებულების 7.75% ევროობლიგაციების ნაწილის დასაფარად, რომლებიც 2020 წლის ივლისშია გამოშვებული. ტრანზაქცია ასევე მოახდენს GRPO-ის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას.

ინვესტიციების მეშვეობით, GRPO მამაკაცების მიერ დომინირებულ ენერგეტიკულ სექტორში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და სექტორში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად კამპანიების წარმოებას გეგმავს. GRPO, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული GCAP-ის შვილობილი კომპანია და ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა საქართველოში. კომპანიის მიერ საქართველოში ოთხი ჰიდროელექტროსადგური და ქარის ელექტროსადგური იმართება, რომელთა საერთო სიმძლავრე 71 მეგავატია.

გაუტამ ადანის, სუფთა ენერგიის განსავითარებლად, ინვესტორებისგან $10-მილიარდიანი დაფინანსების მიღება სურს

ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი ინვესტორებთან, მათ შორის სინგაპურის სუვერენულ სიმდიდრის ფონდ GIC Pte-სა და Temasek Holdings Pte-სთან $10-მილიარდიანი დაფინანსების მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებს. Mint-ის ინფორმაციით, თანხის მიღების მიზანი Adani Group-ის სუფთა ენერგიისა და პორტების გეგმის განვითარებაა.

საინფორმაციო სააგენტო Mint-ი ადანის შესაძლო მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს, რომ აზიის უმდიდრესი ადამიანი დაფინანსების მოსაზიდად დამატებით სხვა ფონდებთანაც ცდილობს მოლაპარაკებას. დაფინანსების მოზიდვა შესაძლოა რამდენიმე ტრანშად, მათ შორის Adani Group-ის ფირმებში წილების გაყიდვის საშუალებითაც მოხდეს.

ადანიმ, გასულ წელს, მწვანე ენერგიაში $70 მილიარდის ინვესტირების პირობა დადო. თუმცა, Adani Group-ის შემოსავლების დიდი ნაწილი კვლავ წიაღისეულ საწვავს უკავშირდება.

ცნობისთვის, გაუტამ ადანი, არსებული მონაცემებით, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო მისი ქონება $130 მილიარდადაა შეფასებული.

ადანის მიზანი მსოფლიოში განახლებადი ენერგიის უმსხვილეს მწარმოებლად გადაქცევაა. თუმცა ინდოეთის მწვანე ენერგიის ხელმძღვანელობისთვის Adani Group-ს Reliance Industries-ის სახით მნიშვნელოვანი კონკურენტი ჰყავს. კომპანიის ხელმძღვანელი, მილიარდერი მუკეშ ამბანი „ენერგეტიკული წარმოების ახალი ეკოსისტემის შესაქმნელად“ აღებული ვალდებულების $9 მილიარდამდე გაორმაგებას გეგმავს.

მსოფლიოს ველური ბუნების პოპულაცია უკანასკნელ ხუთ ათწლეულში 69%-ით შემცირდა

უახლესი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ველური ბუნების პოპულაცია, ტყეების დაცარიელებისა და ოკეანეების დაბინძურების შედეგად, 1970 წლის შემდგომ ორ მესამედზე მეტით შემცირდა. „ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების“ (ZSL) კონსერვაციისა და პოლიტიკის დირექტორმა, ენდრიუ ტერიმ შედეგებს სერიოზული გაუარესება უწოდა და განაცხადა, რომ ბუნება და ბუნებრივი სამყარო იშლება და ცარიელდება.

„ველური ბუნების მსოფლიო ფონდის“ (WWF) ანგარიშით, ველური ბუნების პოპულაცია 1970 წლის შემდგომ 69%-ით შემცირდა. პოპულაციის შემცირებაში გადამწყვეტი როლი ტყის განადგურებამ, ადამიანების მიერ ტყის ექსპლუატაციამ, დაბინძურებამ და კლიმატის ცვლილებამ ითამაშა. ცნობისთვის, ახალ ანგარიშში ZSL-სგან მიღებული 2018 წლის მონაცემებია გამოყენებული, რომლებიც ველური ბუნების 32,000 პოპულაციის 5,000-ზე მეტ სახეობაზე ინფორმაციას მოიცავს.

ველური ბუნების პოპულაციებს განსაკუთრებული ზარალი ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში მიადგა, სადაც ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში მათი რაოდენობა 94%-ით შემცირდა. ბრაზილიის ამაზონში, ვარდისფერი მდინარის დელფინების ერთი პოპულაცია 1994-2016 წლებში 65%-ით შემცირდა. ენდრიუ ტერის განცხადებით, ახალი ანგარიშის დასკვნები უმეტესწილად მსგავსია WWF-ის 2020 წლის შეფასების, რომელიც მსოფლიოს ველური ბუნების პოპულაციის ყოველწლიური 2.5%-იანი კლების შესახებ აფრთხილებდა.

მიმდინარე წლის დეკემბერში დელეგატები მთელი მსოფლიოდან მონრეალში შეიკრიბებიან, რათა ჩამოაყალიბონ გლობალური სტრატეგია მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად. სავარაუდოდ, დელეგატთა შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გლობალური კონსერვაციის მცდელობებისთვის დაფინანსების გაზრდა იქნება.

მსოფლიო ბანკი: ჩინეთს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის ინვესტირება სჭირდება

ჩინეთის კლიმატისა და განვითარების გამოწვევების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ აზიურ სახელმწიფოს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის დამატებითი ინვესტიციები სჭირდება. ინვესტიციები მოიცავს დაფინანსებას მწვანე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიებისთვის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში, რათა ქვეყანამ შეძლოს და 2060 წელს წმინდა ნულოვან ემისიას მიაღწიოს.

ანგარიშის თანახმად, რომელიც ერთ-ერთია Country Climate and Development Reports-ის სერიიდან, ჩინეთს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას, საჭირო ინოვაციების გასააქტიურებლად და უზარმაზარი ღირებულებების დასაფარად კერძო ინვესტიცია დასჭირდება. მოხსენების მიხედვით, კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩინეთს, განსაკუთრებით კი მის მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკურად კრიტიკულ სანაპირო ქალაქებს. კლიმატის შეუჩერებელმა ცვლილებამ 2030 წლისთვის შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკური გამომუშავება 0.5%-ით, 2.3%-მდე შეამციროს.

„ჩინეთის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივები უფრო მეტადაა დამოკიდებული ეკონომიკის ხელახალ დაბალანსებაზე: ინფრასტრუქტურული ინვესტიციებიდან ინოვაციამდე, ექსპორტიდან შიდა მოხმარებამდე და სახელმწიფოდან უკვე ბაზრის მიერ მართვად რესურსების გადანაწილებამდე“, – განაცხადა მანუელა ფერომ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში.

ახალი ანგარიში გლობალური კლიმატის მიზნების მიღწევაში ჩინეთის როლზეც ამახვილებს ყურადღებას. ცნობისთვის, აზიური ქვეყანა გამოყოფს გლობალური ნახშირორჟანგის 27%-ს და მსოფლიო სათბური აირების მესამედს. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის მიერ ნახშირბადნეიტრალურობის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „ეს საჭიროებს რესურსების, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მასიურ ცვლილებებს, ენერგოეფექტიანობისა და რესურსების პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია ანგარიშში.

Amazon-ი ევროპის მასშტაბით ელექტროფურგონებსა და სატვირთოებში 1-მილიარდიან  ინვესტიციას განახორციელებს

Amazon-ი, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, ელექტროფურგონების, სატვირთო მანქანებისა და სხვა მსგავსი, დაბალი ემისიის შემცველობის პროექტების განსავითარებლად, €1-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის დაფინანსების მიზანი რეგიონში წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევის ხელშეწყობაა.

Amazon-ის ინფორმაციით, €1-მილიარდიანი ინვესტირება რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრიაში ინოვაციების წასახალისებლადაც იქნება გამოყენებული. ამასთან ერთად კი განვითარდება ელექტროინფრასტრუქტურა, რაც, თავის მხრივ, ელექტრომობილებისთვის საჯარო დამტენი ობიექტების რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს. ამერიკული კომპანიის განცხადებით, ინვესტირების საშუალებით, მისი ელექტროფლოტი ევროპაში გასამმაგდება და 2025 წლისთვის 3,000-დან 10,000-ზე მეტ ავტომობილამდე გაიზრდება.

Amazon-ი უახლოეს წლებში 1,500-ზე მეტი მძიმე სატვირთო ელექტრომანქანის შეძენასაც გეგმავს, რომლებსაც „შუა მილის“ (middle-mile) მიწოდებისთვის გამოიყენებს, რა დროსაც კომპანიის მომხმარებელთა ონლაინშეკვეთები გამყიდველებიდან დახარისხებისა და მიწოდების სადგურების ქსელს მიეწოდება. ცნობისთვის, თავად Amazon-ი წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევას 2040 წლისთვის გეგმავს.

Amazon-ი, ელექტროფურგონების უმსხვილესი შეკვეთის ფარგლებში, 2025 წლამდე Rivian Automotive Inc-ისგან 100,000-ს სატრანსპორტო საშუალებას შეიძენს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად რიგი ლოგისტიკური ფირმების, მათ შორის პაკეტების მიწოდების კომპანიების (United Parcel Service Inc, FedEx Corp), ვალდებულებისა, შეიძინონ დიდი რაოდენობით ნულოვანი ემისიის ფურგონები და სატვირთო მანქანები, მსგავსი ტიპის მანქანები დიდი რაოდენობით შესასყიდად ხელმისაწვდომი კვლავ არაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *