გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

ევროკავშირი მიმდინარე წლის ბოლომდე ნახშირბადის ბაზრის რეფორმას აანონსებს, თუმცა ბოლო კვლევები არცთუ ისე დამაიმედებელ შედეგებს იძლევა. WWF-ის ახალი ანგარიშით, 2013 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დამაბინძურებელ ინდუსტრიებს €100 მილიარდის ღირებულების თავისუფალი CO2-კრედიტები გადასცეს. უფასო ნებართვები ევროკავშირისგან ინდუსტრიებმა ემისიების შემცირების მიზნით მიიღეს, თუმცა, WWF-ის მონაცემებით, ამ სექტორებს მათ მიერ გამოყოფილი ემისიები რაიმე მნიშვნელოვანი ზომით არ შეუმცირებიათ.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირი კლიმატური მიზნების შესრულებისკენ მიისწრაფვის და ახალი წესების შეთავაზებასაც განაგრძობს. პირველად ევროკავშირი მის ნახშირბადის ბაზარზე საზღვაო გადაზიდვებს დაამატებს, რის შემდეგაც გემებს ნახშირბადის გამონაბოლქვისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ. 2024 წლიდან საზღვაო გადამზიდავ კომპანიებსაც მოუწევთ, შეიძინონ ევროკავშირის ნებართვები მათი ემისიების 40%-ის დასაფარად, რომლებიც 2025 წელს – 70%-მდე, ხოლო 2026 წელს 100%-მდე გაიზრდება.

2013 წლიდან, ევროკავშირის ინდუსტრიებმა €100 მილიარდის უფასო CO2-კრედიტი მიიღეს

როგორც WWF-ის ახალი კვლევით ირკვევა, 2013 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დამაბინძურებელ ინდუსტრიებს, €100 მილიარდის ღირებულების CO2-კრედიტები გადასცეს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ამ ინდუსტრიებმა EU-ს ნახშირბადის ბაზრიდან თავადვე გამოიმუშავეს. მართალია, მიმდინარე წლის ბოლომდე ევროკავშირის გეგმით ნახშირბადის ბაზრის რეფორმა უნდა განხორციელებულიყო, WWF-ის ანგარიში მრავალ უზუსტობასა და მნიშვნელოვან საკითხს ჰფენს ნათელს.

ამჟამად ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკებები ემისიებით ვაჭრობის არსებული სქემის (EU ETS) გადახედვის მიზნით მიმდინარეობს. სქემა ძირითადად ენერგეტიკული სექტორისა და მძიმე მრეწველობის, 10,000 სამრეწველო ქარხნიდან გამოყოფილი ერთი ტონა ნახშირორჟანგისთვის აწესებს ფასს. ემისიების დაშვების საერთო რაოდენობა შეზღუდულია და დროთა განმავლობაში მცირდება, ევროკავშირის კლიმატის მიზნების შესაბამისად.

ცნობისთვის, ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემა (EU Emission Trading System (ETS)) კომპანიებს ემისიების კონკრეტულ მოცულობას უსაზღვრავს, რომლის გაფრქვევის უფლებაც მათ აქვთ. გადაჭარბებული რაოდენობის გაფრქვევის შემთხვევაში, კომპანია ნებართვას ყიდულობს მისგან, ვინც გადაჭარბებით შეამცირა გამონაბოლქვები. შესაბამისად, ნაკლები გამოფრქვევა ნაკლებ ხარჯს უდრის.

2013-დან 2021 წლამდე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა ETS-დან ერთობლივად €88.5 მილიარდის შემოსავალი მოიზიდეს. ამ პერიოდის განმავლობაში გერმანია, €18,4 მილიარდით, ETS-ის შემოსავლებიდან მთავარი ბენეფიციარი იყო, ხოლო პოლონეთი მეორე ადგილზეა €13.5 მილიარდით.

მოგება ნახეს იმ ინდუსტრიებმაც, რომლებიც უფასო ნებართვებით სარგებლობდნენ. მაგრამ ინდუსტრიებმა, რომლებიც სარგებლობდნენ უფასო შემწეობებით, ამ სქემით ასევე კარგი მოგება მიიღეს. ამ პერიოდის განმავლობაში მათ შეაგროვეს €98.5 მილიარდი უფასო ნებართვების სახით, – მეტი, ვიდრე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა (€88.5 მილიარდი).

უფასო ნებართვები ინდუსტრიებმა როგორც „ნახშირბადის გაჟონვის” თავიდან აცილების, ანდაც დაბინძურებული ქარხნების ევროკავშირის გარეთ გადატანის საშუალება ისე მიიღეს – იმედით, რომ ეს სექტორები შეამცირებდნენ ემისიებს. თუმცა, WWF-ის მონაცემებით, ამ სექტორებს მათ მიერ გამოყოფილი ემისიები რაიმე მნიშვნელოვანი ზომით არ შეუმცირებიათ.

ემისიებით ვაჭრობის სქემის არსებული დირექტივის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ თავიანთი აუქციონიდან (ნახშირბადის კრედიტებით ვაჭრობის აუქციონი) მიღებული შემოსავლების ნახევარი მაინც დახარჯონ კლიმატის გაუმჯობესებისათვის. თუმცა, ანგარიშის მტკიცებით, წესები „ძალიან სუსტია“ და მხოლოდ რეკომენდაციის სახეს ატარებს მთავრობებისთვის, დახარჯონ ETS შემოსავლების ნახევარი კლიმატის გაუმჯობესების ქმედებებზე. კვლევის თანახმად, წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტმა დირექტივის რეკომენდაცია არ შეასრულა.

მაგალითად, 2021 წლის განმავლობაში, ლატვიამ, სლოვაკეთმა და იტალიამ თავიანთი ETS შემოსავლის 20%-ზე ნაკლები დახარჯეს კლიმატის გაუმჯობესების ქმედებებზე, ხოლო ავსტრიამ და ნიდერლანდებმა – ნული.

გაერო: ბუნების დაცვისთვის ყოველწლიურად $384 მილიარდია საჭირო

მსოფლიო ეკოსისტემების დაცვისა და უკეთესი მენეჯმენტისთვის, 2025 წლისთვის, ყოველწლიურად $384 მილიარდი უნდა გამოიყოს. გაეროს გარემოს დაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ამჟამინდელი დაფინანსების გაორმაგება კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი რესურსების დანაკარგებისგან დაცვისთვის აუცილებელია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიში მონრეალში გამართულ ბიომრავალფეროვნების სამიტზე იქნება წარდგენილი. სამიტი კანადაში მიმდინარე კვირაში დაიწყება, სადაც ქვეყნები, ბუნებისა და ველური სამყაროს შემდგომი დანაკარგებისგან დაცვისთვის საჭირო ქმედებებზე იმსჯელებენ. ამ ეტაპზე, ძირითადად მთავრობების მიერ, ყოველწლიურად $154 მილიარდი გამოიყოფა. დაფინანსება წყლების, ჰაერის, მიწისა და ველური ბუნების დაცვისა და უკეთ მართვის საკითხებს ხმარდება.

REUTERS/Angelika Warmuth/File Photo

„გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 50% ჯანსაღ და ფუნქციონირებად ეკოსისტემაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ეკოსისტემებზე ზრუნვას ყურადღება ისეთი კრიზისების ფონზეც უნდა დაეთმოს, როგორიც უკრაინის ომი და სპირალური ინფლაციაა“, – განაცხადა გაეროს გარემოს დაცვითი ორგანიზაციის ფინანსური განყოფილების ხელმძღვანელმა ივო მალდერმა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობები ყოველწლიურად $500 მილიარდიდან $1 ტრილიონამდე ხარჯავენ თევზაობის, სოფლის მეურნეობისა და წიაღისეული საწვავის პოტენციურად საზიანო სუბსიდიებზე. გასულ წელს ასზე მეტი ქვეყანა, ჩინეთში, ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით მუშაობაზე შეთანხმდა. შეთანხმების ერთ-ერთი საკითხი, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ხელშეწყობისთვის, ღარიბი ქვეყნების დაფინანსებასაც შეეხებოდა.

ცნობისთვის, უკანასკნელად, მსოფლიო ლიდერებმა ბიომრავალფეროვნების აქტს ხელი 2010 წელს მოაწერეს. იაპონიაში გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა, 2020 წლისთვის, რესურსებისა და ველური ბუნების დანაკარგების პროცესის ეტაპობრივი შეჩერებაც დაისახეს მიზნად, თუმცა ქვეყნების მხრიდან არცერთი მიზანი არ მიღწეულა.

იტალია განახლებად ენერგიაში ინვესტირებას განაგრძობს – ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევა სურს

იტალიას ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა და ევროპის ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევა სურს, რისთვისაც ქვეყნის მთავრობა სუფთა ენერგიაში ინვესტიციებს ახორციელებს.

ჯერ კიდევ საყოველთაო არჩევნებამდე, ახლა უკვე პრემიერმა ჯორჯია მელონიმ, ამომრჩევლებს განუცხადა რომ იტალიის, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილის „ევროპის ენერგეტიკულ კერად“ გადაქცევა სურდა. მიზნის მიღწევას კი „სტრუქტურულ გადაწყვეტილებებში“ ინვესტიციებით გეგმავდა, რაც იტალიას პირველ რიგში ენერგოდამოუკიდებლობას მოუტანდა.

REUTERS/Remo Casilli

„მცირეოდენი დაკვირვებისა და რესურსების სწორი მენეჯმენტით, ჩვენ შეგვიძლია სამხრეთი ევროპის ენერგომომარაგების კერად ვაქციოთ“, – განაცხადა მელონიმ და დასძინა, რომ განსახილველ თემებს შორის გაზსადენები და განახლებადი ენერგიის განვითარება ხვდება. Kyoto Club-ის სამეცნიერო ხელმძღვანელის ჯანი სილვესტრინის განცხადებით, მიმდინარე წელს იტალიას უკვე 3,000 მეგავატი სუფთა ენერგიით მეტი ექნება, თუმცა მათი მიზანი, წლიურად, 7,000-დან 8,000-მდე მეგავატის წარმოება უნდა იყოს.

ოქტომბრის დასაწყისში იტალიის მთავრობამ გარემოსდაცვითი თავსებადობა რვა პროექტის ენერგეტიკული იმპლანტებისთვის დაამტკიცა, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროებზე იმუშავებენ. პროექტების სიმძლავრე ჯამში 314 მეგავატი იქნება.

2014-2021 წლებში იტალიის წილი განახლებად ენერგიაში 38%-ს შეადგენდა, ხოლო გვალვისა და შემდგომ უკვე ჰიდროელექტროენერგიის წარმოების კოლაფსის გამო, პროცენტული წილი წელს შემცირდება. თუმცა დრაგის მიერ ინიციირებული გეგმის შესრულების შემთხვევაში, ექსპერტები მომავალ წლებში განახლებადი ენერგიის წილის ზრდას ვარაუდობენ.

ესპანეთის Acciona ავსტრალიაში, $1.3 მილიარდის ღირებულების ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

ესპანეთის Acciona Energia-მ ავსტრალიაში $1.34 მილიარდის ღირებულების ქარის ელექტროსადგურის აშენება დააანონსა. პროექტი ქუინსლენდის შტატში კომპანიის ინვესტიციებსა და გენერირების შესაძლებლობებს გააორმაგებს.

REUTERS/Susana Vera/File Photo

1,000-გიგავატიანი Herries Range ქარის ელექტროსადგური  MacIntyre Wind Precinct-ის ტერიტორიაზე აშენდება, სადაც განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის კონგლომერატი 923 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიასთან ერთად, უკვე აშენებს.

ქუინსლენდი ქარისა და მზის ენერგიის წარმოების განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს. შტატის მიზანი, 2032 წლისთვის, სახელმწიფო ენერგიის 70% განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფა და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. 2,000 მეგავატზე მეტი სიმძლავრე საკმარისი იქნება ყოველწლიურად 1.4 მილიონი სახლისთვის სუფთა ენერგიის მიწოდებისთვის.

პროექტის ავტორების მოლოდინით, ახალი ელექტროსადგური ქუინსლენდის ელექტროენერგიის დეკარბონიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. ამასთან ერთად კი, შტატის ვიცე-პრემიერის განცხადებით, Herries Range-ის პროექტი 600-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

ევროკავშირის ახალი შეთანხმებით, გემები ნახშირბადის გამონაბოლქვისთვის გადასახადს გადაიხდიან

პირველად ევროკავშირი მის ნახშირბადის ბაზარზე საზღვაო გადაზიდვებს დაამატებს, რის შემდეგაც გემებს ნახშირბადის გამონაბოლქვისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ. ევროკავშირის გადაწყვეტილება, მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირების მიზნით, საზღვაო სექტორზე ზეწოლას გააძლიერებს.

საზღვაო გადაზიდვების სექტორი ამ დრომდე თავს არიდებდა ნახშირბადის ბაზარს, რომელიც ქარხნებსა და ელექტროსადგურებს, CO2-ის ემისიის ჭარბი გამოყოფის შემთხვევაში, ნებართვის შეძენას ავალდებულებს. შესაბამისად, ნახშირბადის ბაზარზე ყოფნა ერთგვარი ფინანსური სტიმულია CO2 გამონაბოლქვით დაბინძურების შესამცირებლად. თუმცა ეს ყველაფერი 2024 წლიდან შეიცვლება, როდესაც საზღვაო გადამზიდავ კომპანიებსაც მოუწევთ  ევროკავშირის ნებართვების შეძენა მათი ემისიების 40%-ის დასაფარად, რომლებიც 2025 წელს – 70%-მდე, ხოლო 2026 წელს 100%-მდე გაიზრდება.

ბლოკის ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმება, ევროკავშირის მასშტაბით, საზღვაო მოგზაურობიდან გამოყოფილ ნახშირორჟანგის, მეთანისა და აზოტის დიოქსიდის ემისიას შეეხება. შეთანხმება ევროკავშირის ტერიტორიაზე დაწყებული და დასრულებული საერთაშორისო მოგზაურობების 50%-საც მოიცავს, რაც ქვეყნების საზღვრებს შორის დაბინძურების შემცირებას შეუწყობს ხელს.

შეთანხმებით, ევროკავშირის 20 მილიონი ნახშირბადის ნებართვის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საზღვაო ემისიების შემცირების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ევროკავშირის კანონმდებლები ნახშირბადის ბაზრის რეფორმებზე 17 დეკემბრამდე შეჯერდებიან, რის შემდეგაც კანონს ოფიციალურად დაამტკიცებენ.

საზღვაო გადაზიდვები დეკარბონიზაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სექტორად სახელდება. ამის მიზეზად ინდუსტრიული ჯგუფები კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ტექნოლოგიების ნაკლებობას ასახელებენ. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 90% საზღვაო ტრანსპორტირებით ხდება, საზღვაო გადაზიდვები CO2 გლობალური ემისიების 3%-ს შეადგენს.

Shell-ი დანიურ Nature Energy-ის $2 მილიარდად ყიდულობს

ბრიტანული ენერგოგიგანტი Shell-ი, ბიოგაზის დანიურ მწარმოებელ Nature Energy-ის $2 მილიარდად ყიდულობს. კომპანიებს შორის შეთანხმების მიღწევას ორივე მხარე ადასტურებს. ბიოგაზზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში სწრაფად იზრდება, რის შესაბამისადაც, Shell-ი ბიზნესის ამ მიმართულების განვითარებას უფრო აქტიურად ცდილობს.

Reuters-მა ჯერ კიდევ გასულ თვეში დაასახელა ბრიტანული Shell-ი იმ კომპანიებს შორის, რომლებიც Nature Energy-ის შესაძენად, ტენდერის მეორე ტურში იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ენერგოგიგანტმა, დანიური ფირმის გარდა, აშშ-ის ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანია Archaea Energy-ის შეძენაც დააანონსა. გარიგების ღირებულება $4.1 მილიარდია.

რაც შეეხება Nature Energy-ის, კომპანია ჯამში ბიოგაზის ცამეტ ქარხანას მართავს. მათგან თორმეტი დანიაშია წარმოდგენილი, ხოლო ერთი საფრანგეთში. დანიური ფირმა, 2022 წელს, 4.4 მილიონი ტონა ნარჩენების 181 მილიონ კუბ მწვანე გაზად გადამუშავებას გეგმავს, რომელსაც ტრანსპორტისა და სახლების გათბობისთვის გამოიყენებს. Shell-თან მიღწეული ხელშეკრულება, ცალკეულ განცხადებაში, Nature Energy-იმ უკვე დაადასტურა.

Shell-ის 2050 წლისთვის მკაფიოდ დასახული გეგმა აქვს, მოკლე და საშუალოვადიანი მიზნებით: სათბური აირების ემისიების ნულამდე შემცირება და ბიზნესმოდელის განახლებადი ენერგიისთვის მორგება. ცნობისთვის, ბიოგაზი ბიოლოგიური ნარჩენებისგან წარმოიქმნება და წიაღისეული საწვავის ნაწილის ალტერნატივად მიიჩნევა. 2020 წლიდან, ბრიტანული ენერგოგიგანტი, ბიომეთანის შესაძენად, Nature Energy-ის მომხმარებელიც გახდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *