მეოთხე კვარტალის დაწყებასთან ერთად საავტომობილო ინდუსტრიაში წლის დასკვნითი ფაზა იწყება. შესაბამისად, ავტომწარმოებლებს საკუთარი საწარმოო მიზნების გადახედვა და ახალი რიცხვების განსაზღვრა მოუწევთ. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი ახალ კონცეფციასაც წარადგენს და მომავალი წლის მიზნებს დაისახავს. სწორედ ამიტომ ბოლო კვარტალი ავტომოყვარულებისათვის მეტად საინტერესო იქნება.
Forbes Georgia კი, ტრადიციულად, ყოველკვირეული მიმოხილვის სახით მთელი მსოფლიოდან მთავარ საავტომობილო სიახლეებს წარმოგიდგენთ. წინამდებარე ბლოგში Toyota-ს, Citroen-ის, Porsche-სა და Lilium-ის შესახებ მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.
Toyota Motor-მა ოქტომბრის საწარმოო მიზანი 6.3%-ით შეამცირა
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩიპების დეფიციტის გამო იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Toyota Motor-მა ოქტომბრის საწარმოო მიზანი 6.3%-ით, 750,000 ავტომობილამდე შეამცირა. საინტერესოა, რომ კომპანიამ აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთი კვირის წინ, შემდეგ თვეში 800,000 ერთეული ავტომობილის წარმოების პროგნოზი გააკეთა. გაყიდვებით მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებლის თქმით, ჩიპების დეფიციტი წარმოებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და ბრენდი ფინანსურ წელს დასახულ გეგმას ვერ შეასრულებს.
მიუხედავად ამისა, წინა კვირას Toyota-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, წლიური საწარმოო მიზანი 9.7 მილიონი ერთეული ავტომობილის სახით ჯერჯერობით უცვლელი რჩება. თუმცა ჩიპების დეფიციტის გამო ბრენდი იაპონიაში მომდევნო ათი დღის განმავლობაში რამდენიმე ქარხანაში წარმოებას შეაჩერებს.
საინტერესოა ისიც, რომ აგვისტოში კომპანიის წარმოების მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 44.3%-ით გაიზარდა.
ელექტროფურგონების მწარმოებელმა Arrival-მა კვარტალური წარმოების გეგმა ვერ შეასრულა
ელექტროფურგონებისა და ავტობუსების ბრიტანული მწარმოებლის, Arrival-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ მესამე კვარტალის გეგმა ვერ შეასრულა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო ელექტროფურგონების წარმოება ვერ დაიწყო.
„მიწოდების ჯაჭვი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენის სვერდლოვმა. თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მათი ახალდაარსებული კომპანია საწარმოო ჯოჯოხეთიდან თავს იმაზე ადრე დააღწევს, ვიდრე ამას ტრადიციული ავტომწარმოებლები ახერხებენ.
ივლისში, კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Arrival-ი საკუთარი ბიზნესმოდელის რეორგანიზებას აპირებს და სამუშაო ძალას 30%-ით შეამცირებს. კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლომდე მომხმარებლებს 20 ერთეული ელექტროფურგონი მიეწოდებათ.
Citroen-მა რესურსებით ღარიბი სამყაროსთვის ახალი სახის ავტომობილი გამოიგონა
ფრანგულმა ავტომწარმოებელმა, Citroen-მა სრულიად ინოვაციური, მუყაოსგან დამზადებული ავტომობილის კონცეპტ-ვერსია წარადგინა. ბრენდმა ავტომობილის მეტალის გარკვეული ნაწილები მუყაოთი ჩაანაცვლა. ფრანგული ავტომწარმოებლის ინოვაცია რესურსებით ღარიბი სამყაროსთვისაა შექმნილი და მომავლის გამოწვევებს ეხმიანება.
თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი მუყაო. სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი მასალა თითოეული მხრიდან პლასტმასის საფარითაა გამაგრებული და სიმტკიცეს ინარჩუნებს.
Citroen-ის ახალ კონცეპტ-ავტომობილს Oli ერქმევა, მისი წარმოების თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული ეკომეგობრული მასალა ფრანგულმა ავტომწარმოებელმა გერმანულ კომპანია BASF-თან თანამშრომლობით შექმნა.
საფონდო ბირჟაზე PORSCHE-ს დებიუტმა მოლოდინს გადააჭარბა – IPO-ს ღირებულება $75 მილიარდია
ევროპულ საფონდო ბირჟაზე ლეგენდარული გერმანული ბრენდის, Porsche-ს დებიუტმა ანალიტიკოსებისა და ინვესტორების მოლოდინს გადააჭარბა. პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ღირებულებამ 77 მილიარდი ევრო ($75 მლრდ) შეადგინა, რაც ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა.
ცნობისთვის, Porsche-ს მშობელმა კომპანია Volkswagen Group-მა ბირჟაზე 911 მილიონი აქცია გაიტანა, რაც სიმბოლური რიცხვია და ლეგენდარულ Porsche 911-ს უკავშირდება.
წარმატებული IPO-ს შედეგად Porsche მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა, Tesla-ს, Toyota-სა და VW-ს გვერდით.
საფონდო ბირჟაზე ლეგენდარული გერმანული ბრენდის განთავსებით VW Group-ი დამატებითი შემოსავლის მიღებას და აღნიშნული რესურსების ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ინვესტირებას გეგმავს, რათა უახლოეს მომავალში გერმანულმა კონგლომერატმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Tesla-ს გადასწრება შეძლოს.
საგულისხმოა, რომ Porsche ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სარბოლო ბრენდად მიიჩნევა, რომელსაც ლე-მანის 24-საათიან რბოლაში 19 აბსოლუტური გამარჯვება აქვს მოპოვებული, რაც მსოფლიო რეკორდია.
გარდა წარმატებული რბოლისა, Porsche-ს კომფორტიცა და ტექნოლოგიურობაც გამოარჩევს. Panamera და Cayenne-ი ამის თვალსაჩინო მაგალითებია. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, გერმანული კომპანია ელექტრომობილების მზარდ ბაზარზეც გეგმავს ლიდერობის მოპოვებას, მაგალითად, Porsche Taycan-მა უკვე მოიპოვა Top Gear-ის, Drive-ისა და EVO-ს საუკეთესო ელექტრომობილის წოდება.
Porsche-ს უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა: Qatar Investment Authority, T. Rowe Price Group-ი, Norges Bank-ი და Abu-Dhabi Developmental Holding Company.
Porsche-ს ლისტინგით მიღებული თანხის 49%-ს VW-ს აქციონერები დივიდენდის სახით მიიღებენ, დარჩენილი ნაწილი კი რეინვესტირებაზე დაიხარჯება.
Lilium-ი მომდევნო წლიდან ყოველწლიურად 400 საჰაერო ტაქსის წარმოებას გეგმავს
გასულ კვირას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გერმანული მწარმოებელი Lilium-ი წელიწადში 400 საჰაერო ტაქსის დამზადებას გეგმავს.
მოგეხსენებათ, საჰაერო ტაქსის, ანუ ვერტიკალურად აფრენა-დაფრენის შესაძლებლობის მქონე ავტომობილების შექმნას უკვე არაერთი მწარმოებელი ცდილობს. შესაბამისად, Lilium-ი ამ სფეროში დიდ კონკურენციაში იმყოფება.
თუმცა ტექნოლოგიური სირთულეები ამ სფეროში ოპერირებად კომპანიებს დიდ სირთულეებს უქმნის. მხოლოდ წელს Lilium-ის აქციათა ფასები 73%-ით დაეცა. შესაბამისად, კომპანიას საწარმოო მუხტი ესაჭიროება.
მიუხედავად ამისა, კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, საწარმოო მოცულობა და შესაძლებლობები მომავალი წლიდან 400 ერთეულამდე გაიზრდება. საინტერესოა, რომ ამ საკითხის ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიის წარმატება მარეგულირებლების მიერ შედგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეცაა დამოკიდებული.
აშშ-ში ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი გეგმა წარადგინეს
გასულ კვირას შეერთებული შტატების სატრანსპორტო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მთავრობას ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი გეგმა წარედგინა, რომელიც 50-ვე შტატს მოიცავს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი გეგმის თანახმად, 120,700 კილომეტრის სიგრძის გზატკეცილი დაიფარება. ცნობისათვის, 2021 წლის ნოემბერში დამტკიცებული $1-ტრილიონიანი ინფრასტრუქტურული პაკეტი ქვეყნის შტატებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მაგისტრალებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 5 მილიარდ დოლარს სთავაზობს.
ამჟამად ამერიკულ შტატებს ელექტრომობილების დამტენების დასამონტაჟებლად ხელი 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მიუწვდებათ. აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტი დამტენი პუნქტების რაოდენობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის გეგმით, 2030 წლისთვის ამერიკაში გაყიდული ავტომობილების 50% ელექტრომობილი უნდა იყოს. ამ პერიოდისათვის კი მთავრობამ დამატებით 500,000 დამტენი პუნქტის დამონტაჟება უნდა უზრუნველყოს.
ჩინურმა Geely-მ Aston Martini-ს 7.6%-იანი სააქციო პაკეტი შეიძინა
ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely Holding Group-მა მდიდრული ავტომობილების ბრიტანული მწარმოებლის, Aston Martini-ს 7.6%-იანი სააქციო პაკეტი შეიძინა. მხარეები გარიგების ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.
თუმცა Aston Martini-ს აქციათა ფასზე დაყრდნობით, ამ რაოდენობის წილის ღირებულება 74 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. Aston Martini-მ მარეგულირებლებისათვის შევსებულ დოკუმენტში Geely ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ აქციონერად მიუთითა.
ჩინური Geely-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია ბრიტანულ მწარმოებელთან მომავალში მჭიდრო პარტნიორობას განიხილავს და მხარეებს შორის აქტიურ თანამშრომლობას აანონსებს. საინტერესოა, თუ რა გაგრძელება ექნება ჩინური და ბრიტანული მწარმოებლების თანამშრომლობას.