Eviation-ის სამგზავრო ელექტროთვითმფრინავმა პირველი სატესტო ფრენა შეასრულა

Eviation-ის სამგზავრო ელექტროთვითმფრინავმა პირველი სატესტო ფრენა შეასრულა

Eviation-ის პროტოტიპულმა სამგზავრო ელექტროთვითმფრინავმა, სახელწოდებით Alice-მა პირველი სატესტო ფრენა შეასრულა, – ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. აღნიშნული ფრენა რვა წუთს გაგრძელდა, რა დროსაც თვითმფრინავი ერთი კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. სატესტო ფრენის მთავარ მიზანს თვითმფრინავის დიზაინისა და აგებულების შესახებ ინფორმაციის მოგროვება წარმოადგენდა – ამ ეტაპზე, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ Eviation-ის ეს კონკრეტული თვითმფრინავი, რომელიც სრულად ელექტრიფიცირებულია და ცხრა მგზავრს იტევს, ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და დახვეწილია – აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან ლიცენზიის მიღების ყველაზე დიდი შანსიც, სწორედ მას აქვს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Eviation-ი ბაზრის ნიშური მოთამაშეა, რომლის თვითმფრინავები 240-400 კილომეტრის სიგრძის მოკლე ფრენებისთვისაა განკუთვნილი, რაც ნიუ-იორკიდან ბოსტონამდე ან ლოს-ანჯელესიდან ლას-ვეგასამდე მანძილს უდრის.

როგორც ირკვევა, Eviation-ი ელექტროთვითმფრინავის სამ მოდელზე მუშაობს – ცხრაადგილიან სამგზავრო თვითმფრინავზე, ექვსადგილიან მდიდრულ ჯეტსა და მცირე ზომის გადამზიდავ თვითმფრინავზე. საინტერესოა, რომ აღნიშნული შეზღუდვები ელექტრობატარეების ლიმიტირებული შესაძლებლობებითაა განპირობებული – ისინი მძიმეა და დიდ ადგილს იკავებს. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტორის ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ეს ლიმიტიც გაფართოვდება.

აღსანიშნავია, რომ ავიაციის ინდუსტრიის ელექტრიფიკაცია და ზოგადად, დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება – ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია. ამგვარად, თუ Eviation-ი შექმნის ისეთ სამგზავრო ელექტროთვითმფრინავს, რომელიც უსაფრთხოების ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს და ლიცენზირების პროცესს გაივლის, ის ინდუსტრიის დეკარბონიზაციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრიფიკაციასთან ერთად, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია დეკარბონიზაციის კიდევ ერთ გზას – საავიაციო საწვავის გამწვანებას დაადგა. საუბარია ისეთ საავიაციო საწვავზე, რომლის დამზადება სიმინდის, წყალმცენარეებისა და მუნიციპალური ნარჩენებისგან არის შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *