გასული კვირა საავტომობილო ინდუსტრიისათვის ტრადიციულად ნაყოფიერი გამოდგა. საინტერესო სიახლე ამჯერადაც არაერთმა მსხვილმა ავტომწარმოებელმა გაგვიზიარა. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო ინდუსტრიის მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა Honda-ს მიერ ჩინურ ბაზარზე ახალი ელექტრომობილის წარდგენა, რუსული Sollers-ის მიერ Mazda-ს წილის შესყიდვის გადაწყვეტილება, „მწვანე ჯოჯოხეთის“ ახალი მბრძანებლის გამოვლენა, Nissan-ის მიერ წარმოების შემცირების გადაწყვეტილების მიზეზები, ჩინური BYD-ის პრემიუმ კლასის ახალი ელექტრომობილის მახასიათებლები და სხვა.
Honda-მ ჩინეთში ახალი ელექტრომობილი წარადგინა
გასულ კვირას იაპონურმა ავტომწარმოებელემა, Japan Honda Motor-მა ჩინეთის ბაზრისთვის საკუთარი მეორე ელექტრომობილი წარადგინა. საინტერესოა, რომ აღნიშნული მოდელი წინას მსგავსად მხოლოდ ჩინეთის ბაზრისათვის იწარმოება. ყველაზე დიდ საავტომობილო ბაზარზე საკუთარი წარმომადგენლობის გასაზრდელად ეს Honda-ს მორიგი აქტიური ქმედება გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში Honda-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის ბაზრისათვის განკუთვნილი ელექტრომობილები e:N Series სერიით იწარმოება. Honda საკუთარი ავტომობილების დიზაინსა და საწარმოო საჭიროებებს ადგილობრივ მწარმოებლებთან, GAC-თან და Dongfeng Motor-თან პარტნიორობით დააკმაყოფილებს.
Honda-ს აღმასრულებელი დირექტორის, ტოშიჰირო მიბეს განცხადებით, Honda ჩინეთში ელექტრომობილების ბრენდად პოზიციონირებას აპირებს. კომპანიას 2030 წლამდე 30 ახალი ელექტრომოდელის შექმნა აქვს დაგეგმილი.
რუსული ავტომწარმოებელი Sollers-ი ვლადივოსტოკის საწარმოში Mazda-ს წილს შეისყიდის
გასულ კვირას, რუსული ავტომწარმოებლის, Sollers-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვლადივოსტოკის საწარმოში იაპონური მწარმოებლის, Mazda-ს 50%-იან წილს შეისყიდის. ცნობისათვის, ვლადივოსტოკის საწარმო Mazda-სა და Sollers-ის ერთობლივი ქარხანა გახლდათ.
Mazda-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, შეთანხმების ღირებულება სიმბოლური თანხა, 1 ევროა. კომპანია, შეთანხმების თანახმად, 3 წლის განმავლობაში იმავე ფასად საკუთარი წილის უკან გამოსყიდვის უფლებას იტოვებს.
საინტერესოა, რომ გასულ წელს რუსული ბაზრის 1.8%-ს სწორედ Mazda ფლობდა. მარტში გავრცელებული განცხადებით კი კომპანია ქარხანაში ავტომობილების ნაწილების მიწოდებას შეწყვეტდა. ვლადივოსტოკის საწარმოს წელიწადში 50,000 ერთეული ავტომობილის წარმოების შესაძლებლობა აქვს.
AMG ONE-მა ნიურბურგრინგზე რეკორდი დაამყარა | Mercedes-მა Porsche-ს გვირგვინი წაართვა
Formula 1-ის ძრავით აღჭურვილი მრავალმილიონიანი ჰიპერქარი – Mercedes-AMG ONE მსოფლიოს ყველაზე რთული და პრესტიჟული სარბოლო ტრასის ახალი მბრძანებელია.
AMG ONE-ის საჭესთან გერმანელმა მარო ენგელმა ნიურბურგრინგის ნორდშლაიფის წრე 6 წუთსა და 35 წამში გაიარა, რაც თითქმის 8 წამით ნაკლებია წინა რეკორდზე, რომელიც Porsche GT2 RS-ს ეკუთვნოდა.
სერიული წარმოების ავტომობილით “მწვანე ჯოჯოხეთად” წოდებულ სარბოლო ტრასაზე რეკორდის დამყარება ავტოინდუსტრიაში აღიარების მწვერვალად მიიჩნევა, ერთგვარ ოსკარად, რომლისთვისაც ყოველწლიურად ათობით ავტომწარმოებელი იბრძვის.
AMG ONE-ის ნახშირბად-ბოჭკოვანი სხეულის ქვეშ არათუ უბრალოდ შთამბეჭდავი, არამედ პირდაპირ Formula 1-ის 6-ცილინდრიანი გული ძგერს, რომელიც 1.6-ლიტრიანი აგრეგატით, ჰიბრიდული სისტემის დახმარებით, 11,000 ბრუნზე თითქმის 1,063 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ზემოხსენებული ძრავა Mercedes-AMG-ის ბოლიდ W06-ზეა დაფუძნებული, რომლითაც ლუის ჰამილტონმა და Mercedes-ის სარბოლო გუნდმა 2015 წელს Formula 1-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
საერთო ჯამში, აფალტერბახის ქარხნის მიერ 275 ერთეული AMG ONE-ის გამოშვებაა დაგეგმილი, თითოეული ერთეულის საწყისი ღირებულება კი 2.75 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა პერსონალური ფუნქციების დამატებასთან ერთად ჰიპერქარის ფასი საკმაოდ მარტივად სცდება 3 მილიონ დოლარს. ცხადია, ყველა ერთეული წინასწარ გაიყიდა.
AMG ONE კომპანია Mercedes-ის მანიფესტია გლობალური ავტოინდუსტრიის წინაშე, რომლითაც ეს ლეგენდარული გერმანული ბრენდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Mercedes-ს აბსოლუტური დომინაციის მოპოვება ბოლიდით არა მარტო Formula 1-ის გრან-პრიზე, არამედ “სამოქალაქო” ავტომობილით მსოფლიოს ნებისმიერ სარბოლო ტრასაზეც შეუძლია.
ჩიპების დეფიციტის გამო, Nissan-ი აშშ-ის ქარხანაში წარმოებას ამცირებს
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Nissan-ი აშშ-ში, მისისიპიში მდებარე ქარხანაში წარმოებას შეამცირებს. მიზეზი მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები და ჩიპების დეფიციტია.
იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, ნოემბერში Nissan-ი რამდენიმედღიან შესვენებას აიღებს. წარმოების ტემპების შემცირება Titan და Frontier პიკაპებს და Altima-ს შეეხება. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიის მიერ ავტოდილერებისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიწოდების მაჩვენებელი არ შემცირდება და მიმდინარე კვარტალში გაიზრდება კიდეც.
გარდა ამისა, Nissan-ის ინფორმაციით, მიმდინარე კალენდარული წლის ბოლომდე ახალი თაობის ელექტრომობილების წარმოებაც დაიწყება. საინტერესოა, რომ Nissan-ი წარმოების შემცირების ზუსტი მაჩვენებლების დასახელებისაგან თავს იკავებს. თუმცა, 30 სექტემბრის მონაცემებით, Nissan-ის გაყიდვები აშშ-ში 30%-ით, 538,000-მდე არის შემცირებული.
ჩინური BYD-ი 2023 წელს პრემიუმ კლასის ახალ ელექტრომობილს წარადგენს
ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი, BYD-ი 2023 წლის პირველ მეოთხედში ახალ, პრემიუმ კლასის ელექტრომობილს წარადგენს. აღნიშნული ავტომობილი ბრენდის მიერ წარდგენილი პირველი Off-Road კლასის მანქანა იქნება.
BYD-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, ახალი ავტომობილის ღირებულება 110,000 აშშ დოლარიდან 206,000 აშშ დოლარამდე იმერყევებს.
საინტერესოა, რომ BYD-ი ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომწარმოებელია. ბოლო ათი თვის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 3-ჯერ გაიზარდა და 1.4 მილიონი ერთეული შეადგინა.
თუმცა, რამდენად შეძლებს პრემიუმ კლასის ახალი ავტომობილი ჩინეთის დაბალღირებულებიან ბაზარზე თავის დამკვიდრებას, ამას დრო გვიჩვენებს.
BMW ჩინეთში ელექტრომობილების ელემენტების წარმოების გასაზრდელად $1.4 მილიარდს გამოყოფს
ავტომწარმოებელი BMW ჩინეთში ელექტრომობილების ელემენტების წარმოების გაფართოებისთვის $1.4 მილიარდის ინვესტირებას გეგმას. კომპანიის მიზანი ჩინეთში ელექტრომობილებზე არსებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება და როგორც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, ასევე Tesla-სთვის კონკურენციის გაწევაა.
გერმანულმა ავტოკომპანიამ შეთანხმებას ხელი შენიანგში, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქში უკვე მოაწერა, სადაც საწარმო BMW Brilliance-ი მდებარეობს. ხელმოწერის ცერემონიაზე, BMW Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქვეყანაში ელექტრომობილებზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის ინვესტიცია სწორედ წარმოების გაძლიერებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ BMW-მ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ჩინეთში ჯამში 590,000, მათ შორის ბენზინზე მომუშავე ავტომობილი გაყიდა. გაყიდვების მთლიანი მოცულობა, გასული წლის იმაზე პერიოდთან შედარებით, 12%-ითაა შემცირებული, რაც ძირითადად ქვეყნის მკაცრი კოვიდპოლიტიკით აიხსნება.
მიუხედავად ამისა, ჩინეთში, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში, BMW-ის ელექტრომობილების გაყიდვები 65%-ით გაიზარდა. გერმანული ავტომწარმოებელი, წლის ბოლომდე, ახალი EV მოდელების გამოშვებასაც გეგმავს. ცნობისთვის, გასულ წელს BMW-ის გლობალურ გაყიდვებში 34%-იანი წილი სწორედ ჩინეთს ეკავა, რაც ქვეყანას ავტომწარმოებლისთვის ძირითად ბაზრად აქცევს.
Nikola და ChargePoint-ი ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ითანამშრომლებენ
გასულ კვირას, ელექტროსატვირთოების მწარმოებელი Nikola Corp-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომერციული ელექტრომობილებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპების დასაჩქარებლად, კომპანია ChargePoint Holdings-თან ითანამშრომლებს.
Nikola-ს მიერ გავრცელებული განცხადებაზე დაყრდნობით, პარტნიორთან თანამშრომლობა დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპებს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. შედეგად კი მომხმარებლებს საკუთარი ელექტრომობილების დამუხტვა, გზების დაგეგმვა და პროდუქციის მიწოდება უფრო ოპერატიულად შეეძლებათ.
სასიამოვნო სიახლესთან ერთად, Nikola-მ უსიამოვნო ამბავიც გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე 300 ერთეული ელექტროსატვირთოს წარმოებას ვერ შეძლებს, ამიტომ საწარმოო პროგნოზის შემცირება მოუწევს.