გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია კინოინდუსტრია. Variety-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „Joker 2“-ში თამაშის სანაცვლოდ ხოაკინ ფენიქსი – $20 მილიონს, ლედი გაგა კი $10 მილიონს მიიღებს. დანიელმა მსახიობმა, მედს მიკელსენმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა, ჯონი დეპი „ჯადოსნური ცხოველების“ ფრენჩაიზში დაბრუნდეს. ამასთანავე, სალაროებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით, გასულ უიკენდზე პირველობა ფილმმა – „Bullet Train“ მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: სალმან რუშდიზე თავდასხმის შემდეგ, მწერლის წიგნის – „ეშმაკეული აიები“ – გაყიდვები გაიზარდა; კულტურის მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთმა წამყვანმა სატელევიზიო არხმა, Sky Arts-მა კი ბოლო 50 წლის ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტისტების რეიტინგი გამოაქვეყნა.

მოცემული ბლოგი კულტურის სფეროში მომხდარ სწორედ აღნიშნულ სიახლეებსა და მოვლენებს ეთმობა.

„Joker 2“-ში თამაშის სანაცვლოდ ხოაკინ ფენიქსი – $20 მილიონს, ლედი გაგა კი $10 მილიონს მიიღებს

„Joker“-ის მეორე ნაწილი, „Joker: Folie à Deux“-ი მსოფლიო კინოთეატრებში 2024 წლიდან გამოჩნდება. უკვე ცნობილია, რომ ფილმში ხოაკინ ფენიქსთან ერთად, რომელიც მთავარ როლს შეასრულებს, ლედი გაგაც ითამაშებს. სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი კინოსურათში ჰარლი ქუინის პერსონაჟს განასახიერებს.

Variety-ის თანახმად, „Joker“-ის მეორე ნაწილში თამაშის სანაცვლოდ ხოაკინ ფენიქსი 20 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ამდენივეს გადაუხდიან ფილმის რეჟისორს, ტოდ ფილიპსს. რაც შეეხება ლედი გაგას, ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი კინოსურათში მონაწილეობისთვის 10 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საკითხზე განცხადება მსახიობებისა და რეჟისორის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

ფოტო: filmsnewsfeed.com

ცნობისთვის გეტყვით, რომ ხოაკინ ფენიქსს „ჯოკერის“ პირველ ნაწილში თამაშის სანაცვლოდ 4.5 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს. 2019 წელს გამოსული ფილმის ბიუჯეტი 55-70 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა – ჩვეულებრივ, ასეთი ფილმების გადასაღებად $200 მილიონი იხარჯება. ამის მიუხედავად, კინოსურათი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მის მიერ სალაროებიდან მიღებულმა გლობალურმა შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა.

„ჯოკერის“ პირველმა ნაწილმა ოსკარის 11 ნომინაცია მიიღო, ხოაკინ ფენიქსს კი საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო მოაპოვებინა.

სალმან რუშდიზე თავდასხმის შემდეგ, მწერლის წიგნის გაყიდვები გაიზარდა

წარმოშობით ინდოელ, ინგლისურენოვან მწერალ სალმან რუშდიზე გასულ კვირას ნიუ-იორკში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ავტორის წიგნის გაყიდვები გაიზარდა. რუშდის რომანმა, სახელწოდებით „ეშმაკეული აიები“, Amazon-ის კვირის ყველაზე გაყიდვადი მხატვრული წიგნების ჩარტში მე-8 ადგილზე აინაცვლა.

ინტერნეტარქივ Wayback Machine-ის თანახმად, რუშდიზე თავდასხმამდე რომანი Amazon-ის 100 ყველაზე გაყიდვადი მხატვრული წიგნის სიაში არასდროს მოხვედრილა.

ფოტო: AFP

შეგახსენებთ, 1988 წელს გამოქვეყნებულ „ეშმაკეულ აიებს“ მუსლიმური სამყაროს დიდი ნაწილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. რომანი, ნაწილობრივ, წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრებას ეხება, ამავდროულად, ავტორი მასში თანამედროვე მოვლენებს იყენებს და პერსონაჟების შესაქმნელად მაგიურ რეალიზმს მიმართავს.

მუსლიმებმა რუშდი ისლამის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს და ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ მწერლის მოკვლა არაერთხელ სცადეს.

რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, ამერიკელმა სამართალდამცველებმა ნიუ-იორკში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. ის 24 წლის ჰადი მატარია, რომელსაც ბრალი უკვე წაუყენეს.

მადს მიკელსენის თქმით, შესაძლოა, ჯონი დეპი „ჯადოსნურ ცხოველებში“ დაბრუნდეს

ემბერ ჰერდისთვის სასამართლო დავის მოგების შემდეგ ჯონი დეპის რეპუტაცია კვლავ აღდგა. შეგახსენებთ, მსახიობს ყოფილი ცოლი ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა, აგორებული სკანდალის გამო კი დეპმა მნიშვნელოვანი როლები დაკარგა ფილმებში: „კარიბის ზღვის მეკობრეები“ და „ჯადოსნური ცხოველები“.

რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჯონი დეპის „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა მსახიობის წარმომადგენელმა აღნიშნულს სიცრუე უწოდა. ამჯერად კი, დანიელმა მსახიობმა, მადს მიკელსენმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დეპი „ჯადოსნური ცხოველების“ ფრენჩაიზში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, ფილმის ბოლო ნაწილში მიკელსენმა გრინდელვალდის როლი სწორედ ჯონი დეპის ნაცვლად შეასრულა.

ფოტო: filmstarts.de

„კურსი შეიცვალა – მან სარჩელი მოიგო – ასე რომ, ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა. მას ეს შეუძლია.

ჯონის დიდი ფანი ვარ. ვფიქრობ, ის საოცარი მსახიობია და სამუშაო ფანტასტიკურად შეასრულა.

არ შემეძლო უბრალოდ მისი კოპირება, ეს შემოქმედებითი თვითმკვლელობა იქნებოდა. ასე რომ, რაღაც სხვა უნდა მოგვეფიქრებინა და მასა და ჩემს შორის ხიდი გაგვედო. ეს ნამდვილად გამოწვევა იყო“, – განაცხადა მადს მიკელსენმა სარაევოში გამართულ კინოფესტივალზე ყოფნისას.

ცნობისთვის, უახლოეს მომავალში ჯონი დეპის რეჟისორობით იტალიელი მხატვრის, ამედეო მოდილიანის ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღება იგეგმება. კინოსურათის თანაპროდიუსერი ალ პაჩინო იქნება. ამას გარდა, დეპი „Jeanne du Barry“-ში ლუი მე-15-ის როლს ითამაშებს.

„Bullet Train“-ის შემოსავალმა გასულ უიკენდზე $13.4 მილიონი შეადგინა

ბრედ პიტის მონაწილეობით გადაღებული ფილმის, „Bullet Train“-ის შემოსავალმა კინოთეატრის სალაროებში, გასულ უიკენდზე, 13.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, კინოსურათის დებიუტი 5 აგვისტოს შედგა და გაშვებიდან პირველ უქმეებზე ჩრდილოეთ ამერიკაში ბილეთების გაყიდვით მან $30-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

მიღებული შედეგებით, გასულ უიკენდზე შემოსავლების კუთხით ლიდერობა სწორედ „Bullet Train“-მა მოიპოვა. მეორე ადგილზე კი, 7.17 მილიონი აშშ დოლარით, „DC League of Super-Pets“-ი გავიდა. ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული „Top Gun: Maverick“-ი ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. ამ უკანასკნელმა $7.15-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

ბოლო მონაცემებით, „Bullet Train“-ის შემოსავალი, საერთო ჯამში, 119.7 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. აქედან მხოლოდ აშშ-ისა და კანადის კინოთეატრების სალაროებში 59,7 მილიონი აშშ დოლარია შეგროვებული. აღსანიშნავია, რომ ფილმის ბიუჯეტი 90 მილიონ აშშ დოლარამდეა.

ცნობისთვის, 2022 წელს გამოსული ფილმების რეიტინგის პირველი სამეული გლობალური შემოსავლების კუთხით შემდეგნაირად გამოიყურება: „Top Gun: Maverick“-ი – $1.4 მილიარდი, „Jurassic World Dominion“ – $974.7 მილიონი, „Doctor Strange in the Multiverse of Madness“ – $955 მილიონი.

ბოლო 50 წლის ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტისტები – Sky Arts-ის რეიტინგი

კულტურის მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთმა წამყვანმა სატელევიზიო არხმა, Sky Arts-მა უკანასკნელი ორმოცდაათი წლის ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტისტების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც პირველი ადგილი ცნობილ მუსიკოსს დევიდ ბოუის ერგო.

საინტერესოა, რომ აღნიშნული რეიტინგი 15-კაციანმა ჟიურიმ შეადგინა, რომელშიც მუსიკის, კინემატოგრაფიისა და ტელეხელოვნების, სახვითი ხელოვნებისა და ლიტერატურის ექსპერტები შედიოდნენ – კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ის გავლენა იყო, რომელიც არტისტებმა ბრიტანულ და გლობალურ კულტურაზე მოახდინეს.

ფოტო: fuzz-music.com

ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტისტების სიაში ასევე მოხვდნენ მსახიობი და სცენარისტი რიკი ჯერვეისი, მუსიკოსი ელტონ ჯონი, მსახიობი სტივ კუგანი, ქუჩის ხელოვანი ბენქსი, დიზაინერი ალექსანდრ მაკქუინი, მუსიკალური ჯგუფი The Spice Girls-ი და რეჟისორები რიდლი სკოტი, კრისტოფერ ნოლანი და ალფრედ ჰიჩკოკი.

უკანასკნელი ორმოცდაათი წლის ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი არტისტების რეიტინგის პირველ ათეულს, რომელიც Sky Arts-მა შეადგინა, Forbes Georgia უცვლელად წარმოგიდგენთ:

#1 – დევიდ ბოუი

მუსიკოსი და მსახიობი

#2 – სტივ მაკქუინი

რეჟისორი, პროდიუსერი, ავტორი

#3 – რასელ თი დევისი

სცენარისტი და პროდიუსერი

#4 – ვივიენ უესტვუდი

დიზაინერი

#5 – ქერილ ჩერჩილი

დრამატურგი

#6 მაიკლ კლარკი

მოცეკვავე და ქორეოგრაფი

#7 – ენჯელა კარტერი

ფემინისტი ავტორი

#8 – Stormzy

რეპერი და აქტივისტი

 #9 – მიურიელ სპარკი

მწერალი

#10 – მაკეილა კოელი

მსახიობი, ავტორი და რეჟისორი