ფოტო: The Times
Financial Times-ის ბრიტანეთის უმსხვილესი კომპანიების საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორების რეიტინგში საქართველოს ბანკისა და Lion Finance Group-ის CEO არჩილ გაჩეჩილაძე მეორე ადგილს იკავებს.
რეიტინგის სათავეში Rolls-Royce-ის აღმასრულებელი დირექტორი ტუფან ერგინბილგიჩია. სიაში ასევე არიან ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, როგორებიცაა Barclays-ი, Standard Chartered-ი, Unilever-ი და სხვა.
Financial Times-ის CEO Performance Ranking-ი აღმასრულებელ დირექტორებს რამდენიმე მიმართულების მიხედვით აფასებს. შეფასების სისტემა ცხრა ინდიკატორს აერთიანებს, მათ შორის კომპანიის აქციონერებისთვის შექმნილ ამონაგებს, ფინანსურ შედეგებს, ანალიტიკოსების შეფასებებს, აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურებას, თანამშრომლების შეფასებებს, ESG-მაჩვენებლებს, მენეჯმენტში ქალების წარმომადგენლობასა და მედიაში კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ დამოკიდებულებას.
FT-ის მეთოდოლოგიით, თითოეული მაჩვენებელი 0-დან 100 ქულამდეა შეფასებული, საბოლოო შედეგი კი მათი შეწონილი საშუალოს საფუძველზე გამოითვლება. გამოცემის საბაზისო მოდელში ყველაზე დიდი წონა საფონდო ბირჟაზე კომპანიის შედეგებს ენიჭება – CEO-ს ხელმძღვანელობის პერიოდში მიღებული გრძელვადიანი ამონაგები და ბოლო ერთი წლის შედეგები საბოლოო შეფასების 40%-ს შეადგენს.
რეიტინგის მიხედვით, ჩამონათვალში შესული კომპანიების ხელმძღვანელებმა თავიანთი მუშაობის პერიოდში, საშუალოდ, ბაზრის შედეგებს წლიურად დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით გადააჭარბეს.
თუმცა FT აღნიშნავს, რომ საფონდო ბირჟაზე ფასების დინამიკა აღმასრულებელი დირექტორის მუშაობის ეფექტიანობას სრულად ვერ ასახავს, რადგან მასზე სექტორული ტენდენციები, ეკონომიკური გარემო და ინვესტორთა განწყობებიც ახდენს გავლენას. შესაბამისად, რეიტინგი არ წარმოადგენს CEO-ს საქმიანობის აბსოლუტურ შეფასებას და მკითხველს ინდიკატორებისთვის მინიჭებული წონების შეცვლის შესაძლებლობასაც აძლევს.
Financial Times-ის აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ის წევრი, პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის ტოპ-100 კომპანიაში, FTSE 100-ში შევიდა.
ცნობისთვის, FT-ის რეიტინგი 2026 წლის სექტემბრის დასაწყისში არსებულ მონაცემებს ეფუძნება და კომპანიების ხელმძღვანელებს შორის შედარებისთვის მათი მმართველობის პერიოდის შედეგებსა და სხვა შესაბამის მაჩვენებლებს იყენებს.
















