ჰოლანდიასთან ერთად, „გაზპრომმა“ გაზის მიწოდება გერმანულ და დანიურ კომპანიებსაც შეუწყვიტა

ჰოლანდიასთან ერთად, „გაზპრომმა“ გაზის მიწოდება გერმანულ და დანიურ კომპანიებსაც შეუწყვიტა

რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ ჰოლანდიას, ასევე გერმანიისა და დანიის ფირმების ნაწილს გაზის მიწოდება შეუჩერა. რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰოლანდიის მთავარ ენერგეტიკულ ფირმა GasTerra-ს, დანიის Ørsted-სა და Shell Energy-ის გერმანიისთვის გაზის მიწოდების კონტრაქტს შეეხო.

რუსეთის ქმედება ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ევროკავშირმა, ფინანსური სანქციების ფარგლებში, რუსულ გაზზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესა.  საპასუხოდ, რუსეთმა GasTerra-სთვის, ჰოლანდიის მთავრობის სახელით გაზის მთავარი მოვაჭრისთვის, ბუნებრივი აირის შეჩერების პერიოდი გაახანგრძლივა, ხოლო მოგვიანებით, დანიური ენერგეტიკული ფირმა Ørsted-ისა და Shell Energy-ისთვის, კერძოდ კი მისი გერმანიისთვის გაზის მიწოდების კონტრაქტისთვის, გაზის მიწოდება შეაჩერა.

რუსულმა მხარემ კომპანიებისთვის გაზის მიწოდების შეჩერების მიზეზად საფასურის რუბლებში გადაუხდელობა დასახელდა. „გაზპრომის“ განცხადებით, Shell-მა და Ørsted-მა, 31 მაისის სამუშაო დღის ბოლომდე ვერ გადაიხადეს გაზის საფასური, მიწოდება კი შეჩერდება მანამ, სანამ ფირმები თანხას რუსეთის მოთხოვნების შესაბამისად არ გადაიხდიან. თავის მხრივ, Shell Energy Europe Limited-მა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადა. Shell-სა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებული კონტრაქტი წელიწადში 1,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ჰოლანდიურ GasTerra-ს, ფირმის ინფორმაციით, 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე კომპანია მოლაპარაკებებს სხვა მომწოდებლებთან უკვე აწარმოებს. გაზის სწორედ ეს მოცულობა უნდა მიეღო მას „გაზპრომისგან“ ოქტომბრამდე.

ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო დაუყოვნებლივ შეეხება რუსული ნავთობის იმპორტის 75%-ს, წლის ბოლოსთვის ემბარგოს გავლენა 90%-მდე გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა, გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება ბულგარეთს, პოლონეთსა და ფინეთს უკვე შეუჩერა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *