გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირა კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო ხელოვნების მიმართულება აღმოჩნდა. ლონდონის ეროვნულმა გალერეამ ფრანგი ფერმწერის, ედგარ დეგას ნამუშევარს – „რუსი მოცეკვავეები“, სახელი შეუცვალა და მას „უკრაინელი მოცეკვავეები“ უწოდა. ფინეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში არსებული ხელოვნების ნიმუშებით დატვირთული სამი ფურგონი დააკავეს. ახალზელანდიელი ფერმწერის, ჩარლზ ფრედერიკ გოლდის ნამუშევარი აუქციონზე 1.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. Art Basel-მა USB Global-თან ერთად ხელოვნების ბაზრის ახალი კვლევა გამოაქვეყნა.

რაც შეეხება კულტურის სფეროს სხვა სიახლეებს: ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ბრიუს ვილისმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახიობო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო; ამერიკულმა გამოცემა Time-მა Balenciaga წლის 100 ყველაზე გავლენიანი კომპანიის სიაში შეიყვანა; დაბოლოს, ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ „გრემის“ 2022 წლის გამარჯვებულები დაასახელა.

ბლოგში გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მომხდარი ამ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ დეტალურად მოგითხრობთ.

ლონდონის ეროვნულმა გალერეამ ედგარ დეგას „რუს მოცეკვავეებს“ სახელი შეუცვალა

ლონდონის ეროვნულმა გალერეამ ფრანგი ფერმწერის, ედგარ დეგას ნამუშევარს – „რუსი მოცეკვავეები“, სახელი შეუცვალა და მას „უკრაინელი მოცეკვავეები“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ იმპრესიონისტი მხატვრის მიერ პასტელით შესრულებულ მოცეკვავეების თმებს ყვითელი და ლურჯი ფერის ლენტები და მოსართავები ამშვენებს – ეს ფერები კი უკრაინის დროშასთან ასოცირდება.

ფოტო: The National Gallery

ცნობისთვის, დეგამ ნამუშევარი, რომელიც ამჟამად გალერეაში გამოფენილი არ არის, 1899 წელს,  მას შემდეგ შექმნა, რაც პარიზმა უკრაინელი მოცეკვავეების ჯგუფს უმასპინძლა. სწორედ ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია იმის შესახებ, რომ ხელოვნების ნიმუშისთვის სახელწოდება არასწორად იყო შერჩეული.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ნამუშევრისთვის სახელის შეცვლას სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად ითხოვდნენ. საბოლოოდ, ლონდონის ეროვნულმა გალერეამ შიდა დისკუსიის შედეგად აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

ლონდონის ეროვნული გალერეა მოუწოდებს კულტურის  ინსტიტუტებს, უკრაინული ხელოვნებისა და მემკვიდრეობის არასწორ ინტერპრეტაციასა და ეტიკეტირებას ყურადღება მიაქციონ. ამას გარდა, დაწესებულება პირობას დებს, რომ საკუთარ კატალოგს გულდასმით გადახედავს და საჭიროების შემთხვევაში, ნამუშევრებზე ინფორმაციას განაახლებს.

ბრიუს ვილისმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამსახიობო კარიერა დაასრულა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ბრიუს ვილისმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახიობო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ 67 წლის მსახიობს, რომლის ჰოლივუდური კარიერაც 44 წელს ითვლის, აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს. ეს დაავადება მეტყველების ფუნქციის, კერძოდ კი სიტყვების საშუალებით აზრის გამოხატვის შესაძლებლობის დაკარგვას ან მოშლას იწვევს.

ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე ბრიუს ვილისმა ცოლთან, Victoria’s Secret-ის მოდელ ემა ჰემინგთან ერთად ბოლო ოთხ წელიწადში 65 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება გაყიდა. ცნობისთვის, 2018 წელს მსახიობის ქონება 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა ამის შემდეგ ბრიუს ვილისის უძრავი ქონების პორტფელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ფოტო: Damon Winter/The New York Times

2018 წლის იანვარში ვილისმა მანჰეტენზე მდებარე პენტჰაუზი 18 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. 550 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე, 6-საძინებლიანი საცხოვრებელი მსახიობმა 2015 წელს 17 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

2018 წლის ოქტომბერში ბრიუს ვილისმა 5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა აიდაჰოში მდებარე სახლი. 2019 წლის აგვისტოში კი 27 მილიონ აშშ დოლარად გაიმეტა ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე მდებარე უძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ გადაიხადა წყვილმა ქორწილი 2009 წელს.

2019 წლის დეკემბერში ვილისმა გასაყიდად გამოიტანა ნიუ-იორკის შტატში, ბედფორდში მდებარე 840 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული ვილა, რომელშიც 7.66 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს. ვილისმა და ჰემინგმა ის 2014 წელს 12 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს.

როგორც ცნობილია, ბრიუს ვილისი, ახლა, ცოლთან და შვილებთან ერთად უმეტეს დროს ლოს-ანჯელესში მდებარე $9.8-მილიონიან სახლში ატარებს.

ჩარლზ გოლდის ნამუშევარი აუქციონზე $1.8 მილიონად გაიყიდა

ახალზელანდიელი ფერმწერის, ჩარლზ ფრედერიკ გოლდის ნამუშევარი, სახელწოდებით „Te Hau Takiri Wharepapa” ოკლენდის აუქციონზე 1.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი ფასია, რაც კი გოლდის ხელოვნების ნიმუშში ოდესმე გადაუხდიათ.

ფოტო: Mutual Art

ახალზელანდიელი ხელოვანის ნამუშევრებს შორის რეკორდი მანამდე „Hori Pokai – A Sturdy Stubborn Chief“-ს ეკუთვნოდა, რომელიც 2021 წლის ნოემბერში 1.7 მილიონი აშშ დოლარად გაიყიდა.

აუქციონი, რომელზეც „Te Hau Takiri Wharepapa” გამოიტანეს, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში მდებარე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა. პორტრეტის საწყისი ფასი $1,570,000 იყო, თუმცა, საბოლოოდ, მასში $1,884,000 გადაიხადეს. ნამუშევარზე ახალი ზელანდიის მკვიდრი, მაორის ხალხის მეთაურია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ ჩარლზ გოლდის შემოქმედება, დიდწილად, სწორედ მაორიებით არის შთაგონებული.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორისა და აუქციონერის, რიჩარდ ტომსონის განცხადებით, ელოდნენ, რომ პორტრეტი 1.5-დან 2.5 მილიონ აშშ დოლარამდე თანხად გაიყიდებოდა.

ცნობისთვის, ჩარლზ ფრედერიკ გოლდის ბოლო ნამუშევარი – „A Noble Relic of a Noble Life“, რომელიც ხელოვანმა 1947 წელს შექმნა, 2016 წელს 1.38 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Time-მა Balenciaga წლის 100 ყველაზე გავლენიანი კომპანიის სიაში შეიყვანა

ამერიკულმა გამოცემა Time-მა მიმდინარე წლის ყველაზე გავლენიანი კომპანიების ასეული გამოაქვეყნა. მათ შორის მოხვდა ცნობილი მოდის სახლი Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა. დემნა კომპანიაში აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს.

Time-ის განცხადებით, Balenciaga-ს წარმატებაში ქართველ დიზაინერს უდიდესი წვლილი მიუძღვის. გამოცემის შეფასებით, დემნას მიდგომამ მოდის ინდუსტრია შეარყია. გარდა ამისა, Time-ი ყურადღებას ამახვილებს ცნობილ სახეებზე, რომლებშიც ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე – კოლაბორაციონისტებზე. მათ შორის არიან კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი. გამოცემა წერს, რომ დემნამ Balenciaga-ს 2 მილიარდზე მეტი მოგება მოუტანა.

ფოტო: BACKGRID

გამოცემამ Balenciaga-ს უკანასკნელ ჩვენებასაც გაუსვა ხაზი, რომელიც პარიზში 6 მარტს გაიმართა. Time-ის მიერ გამოქვეყნებულ დახასიათებაში ვკითხულობთ, რომ დემნამ, რომელიც აფხაზეთის ომის გამო ლტოლვილად იქცა, მოდის საშუალებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სწრაფად და ადეკვატურად რეაგირება შეძლო.

ფინეთის საზღვარზე რუსული ხელოვნების ნიმუშებით დატვირთული ფურგონები დააკავეს

ფინეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში არსებული ხელოვნების ნიმუშებით დატვირთული სამი ფურგონი დააკავეს.

აღნიშნული კოლექცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ევროპის წამყვან მუზეუმებში დროებით გამოსაფენად იყო გაგზავნილი. კოლექცია ერმიტაჟის მუზეუმის უიშვიათეს და ძვირად ღირებულ ფერწერულ ნიმუშებს მოიცავს.

საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის განცხადებით, საზღვარზე წარმოქმნილი პრობლემა პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების გავლაა საჭირო.

Forbes-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, საზღვარზე დაკავებული კოლექცია მოიცავს იმ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც გამოფენილი იყო ვენეციისა და მილანის გალერეებში.

ომის დაწყებამდე პარიზში გამოფენილი იყო ერმიტაჟისა და ტრეტიაკოვის გალერეის მფლობელობაში არსებული 200-მდე ხელოვნების ნიმუში, მათ შორის, ვან გოგის, მანეს, მონეს, პისაროს და როდენის ნამუშევრები. აღნიშნული კოლექციის საკითხზე რუსეთისა და საფრანგეთის მთავრობებს შორის შეთანხმება ჯერაც არ მიღწეულა და უცნობია, სანქციების ფონზე, როდის ან როგორ შეძლებს რუსეთის ფედერაცია მის დაბრუნებას.

ხელოვნების ბაზარზე გაყიდვები პანდემიამდელ დონეს უბრუნდება

Art Basel-ისა და USB Global-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, ხელოვნების ბაზარზე გაყიდვები პანდემიამდელ დონეს უბრუნდება.

კორონავირუსის პანდემიის გავლენით, 2020 წელს ხელოვნების ბაზარზე გაყიდვები 22%-ით შემცირდა და 50.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წელს 29%-ით გაიზარდა და 65.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამ წელს ზრდა ხელოვნების ბაზრის ყველა სეგმენტმა აჩვენა, თუმცა ეს განსაკუთრებით შესამჩნევი საჯარო აუქციონების შემთხვევაში იყო. მოცემულ სეგმენტში გაყიდვები 2020 წელთან შედარებით 47%-ით გაიზარდა. კერძო სააუქციონო სახლების გაყიდვების მაჩვენებელმა – დაახლოებით 30%-იანი, დილერების ბაზარმა კი 18%-იანი ზრდა აჩვენა.

მსოფლიო მასშტაბით ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა აშშ-ის ხელოვნების ბაზარმა, რომელზეც 2021 წელს გლობალური გაყიდვების 43% მოდის. ამ მხრივ, მეორე ადგილზე ჩინეთია 20%-ით, მესამე ადგილს კი დიდი ბრიტანეთი იკავებს 17%-ით. გასული წლის განმავლობაში აშშ-ში გაყიდვები 33%-ით გაიზარდა და 28 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთის ხელოვნების ბაზარზე გაყიდვებმა 35%-იანი ზრდა აჩვენა და 13.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, იქ 14%-იანი ზრდა აღინიშნა და გაყიდვებმა 11.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა საფრანგეთის ხელოვნების ბაზარმა – გაყიდვები 50%-ით გაიზარდა და 4.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წლიური ანგარიშის მთავარი სიახლე ონლაინგაყიდვებისა და NFT-სექტორის ზრდა იყო. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის განმავლობაში ონლაინგაყიდვები გაორმაგდა და 12.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 13.3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ონლაინგაყიდვებმა ხელოვნების ბაზრის 20% დაიკავა, რაც 2020 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. ამის მიუხედავად, ზრდა ფიქსირდება 2019 წელთან შედარებით, როდესაც ონლაინგაყიდვები  ხელოვნების ბაზრის მხოლოდ 9%-ს შეადგენდა. გასულ წელს ონლაინგაყიდვების შემცირების მიზეზი, გარკვეულწილად, აუქციონების გამოცოცხლება იყო.

NFT-ების გაყიდვები ხელოვნების ბაზრის შეფასების დროს გათვალისწინებული არ არის, თუმცა Art Basel-ისა და USB Global-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ინფორმაციას მის შესახებაც გვაწვდის. კვლევის მიხედვით, ბლოკჩეინზე გაყიდვები 2020 წლის $4.6 მილიონიდან 2021 წელს $11.1 მილიარდამდე გაიზარდა. იმატა ხელოვნებასთან დაკავშირებული NFT-ების მიმართ ინტერესმაც – გასული წლის განმავლობაში გაყიდვებმა 2.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, Sotheby’s-ისა და Christie’s-ის სააუქციონო სახლებმა 2021 წელს ჯამში 230 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების NFT-ები გაყიდეს, რაც არც ისე შთამბეჭდავი შედეგია. თუმცა, ექსპერტების განცხადებით, მომდევნო წლებში ზრდა ამ მიმართულებითაც არის მოსალოდნელი.

Grammy Awards 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ „გრემის“ 2022 წლის გამარჯვებულები დაასახელა. Grammy Awards-ის რიგით 64-ე დაჯილდოების ცერემონია 30 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის შტამის გავრცელების გამო ღონისძიება დაახლოებით ორი თვის დაგვიანებით ჩატარდა. წლევანდელ ღონისძიებას, რომლის წამყვანიც, გასული წლის მსგავსად, კომიკოსი ტრევორ ნოა გახლდათ, ლას-ვეგასში მდებარე MGM Grand Garden Arena-მ უმასპინძლა.

ფოტო: Jathan Campbell

წარმოგიდგენთ Grammy Awards 2022-ის ძირითადი კატეგორიების ნომინანტებსა და გამარჯვებულებს:

წლის საუკეთესო ჩანაწერი
  • I Still Have Faith In You – ABBA
  • Freedom – ჯონ ბატისტი
  • I Get A Kick Out Of You – ტონი ბენეტი და ლედი გაგა
  • Peaches – ჯასტინ ბიბერი ft დენიელ სიზარი და Giveon
  • Right On Time – ბრენდი კარლაილი
  • Kiss Me More – Doja Cat ft SZA
  • Happier Than Ever – ბილი აილიში
  • Montero (Call Me By Your Name) – Lil Nas X
  • Drivers License – ოლივია როდრიგო
  • Leave The Door Open – Silk Sonic (გამარჯვებული)
წლის საუკეთესო ალბომი
  • We Are – ჯონ ბატისტი (გამარჯვებული)
  • Love For Sale – ტონი ბენეტი და ლედი გაგა
  • Justice – ჯასტინ ბიბერი
  • Planet Her – Doja Cat
  • Happier Than Ever – ბილი აილიში
  • Back Of My Mind – H.E.R.
  • Montero – Lil Nas X
  • Sour – ოლივია როდრიგო
  • Evermore – ტეილორ სვიფტი
  • Donda – კანიე ვესტი
წლის საუკეთესო სიმღერა
  • Bad Habits – ედ შირანი
  • A Beautiful Noise – ალიშა კისი და ბრენდი კარლაილი
  • Drivers License – ოლივია როდრიგო
  • Fight For You – H.E.R.
  • Happier Than Ever – ბილი აილიში
  • Kiss Me More – Doja Cat ft SZA
  • Leave The Door Open – Silk Sonic (გამარჯვებული)
  • Montero (Call Me By Your Name) – Lil Nas X
  • Peaches – ჯასტინ ბიბერი ft დენიელ სიზარი და Giveon
  • Right On Time – ბრენდი კარლაილი
საუკეთესო ახალბედა არტისტი
  • არუჯ აფტაბი
  • ჯიმი ალენი
  • Baby Keem
  • Finneas
  • Glass Animals
  • Japanese Breakfast
  • The Kid Laroi
  • არლო პარკსი
  • ოლივია როდრიგო (გამარჯვებული)
  • Saweetie
საუკეთესო პოპ სოლო შესრულება
  • Anyone – ჯასტინ ბიბერი
  • Right On Time – ბრენდი კარლაილი
  • Happier Than Ever – ბილი აილიში
  • Positions – არიანა გრანდე
  • Drivers License – ოლივია როდრიგო (გამარჯვებული)
საუკეთესო შესრულებაროკი
  • Shot In The Dark – AC/DC
  • Know You Better – Black Pumas
  • Nothing Compares 2 U – კრის კორნელი
  • Ohms – Deftones
  • Making A Fire – Foo Fighters (გამარჯვებული)
საუკეთესო შესრულებაჰიპჰოპი
  • Family Ties – Baby Keem ft კენდრიკ ლამარი (გამარჯვებული)
  • Up – Cardi B
  • Life – ჯეი კოლი ft 21 Savage და Morray
  • Thot S*** – Megan Thee Stallion
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *