გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საკუთარი საწარმოო ტემპები ავტომწარმოებლებმაც ააჩქარეს. ყველა მსხვილი ავტობრენდი გამალებით ცდილობს წლიური გეგმების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარებას. ამავდროულად სულ უფრო მეტი კომპანია აანონსებს ახალი მოდელების წარმოებასაც. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ინდუსტრიისათვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. რაც შეეხება პანდემიას, შეიძლება ითქვას, რომ მისი ეფექტებისაგან თავის დაღწევის პროცესიც საკმაოდ საიმედოდ მიმდინარეობს. ნახევარგამტარების დეფიციტის გამო საწარმოო პროცესის შეფერხება კი სრულად სავარაუდოდ წელსაც ვერ აღმოიფხვრება. Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის ავტობლოგში თქვენ გაეცნობით ისეთ სიახლეებს, როგორიცაა: FedEx-ის მიერ ტვირთების ავტონომიურად მიწოდების ტესტირება, ვიეტნამის გააქტიურება ელექტრომობილების ინდუსტრიაში დომინირებისათვის, ფორმულა 1-ის პოტენციური ახალი ავტობრენდები  და სხვა.

FedEx-ი ტვირთის ავტონომიური დრონით მიწოდების სისტემას მომავალ წელს დატესტავს

ამანათების მიწოდების ამერიკული კომპანიის, FedEx Corp-ის შვილობილი, FedEx Express-ი მომავალი წლიდან ტვირთების მიწოდებას ავტონომიური დრონების საშუალებით შეძლებს. კომპანიის განცხადებით, საჰაერო ტვირთების სისტემა Elroy Air 2023 წლიდან დაიტესტება.

ცნობისათვის, ელექტროვერტიკალური საფრენი აპარატების ინდუსტრიაში ინვესტიციას მრავალი ცნობილი სატრანსპორტო-მობილობის კომპანია ახორციელებს. მათ შორის Boeing-ი, Embraer-ი, Airbus-ი, United Airlines-ი, Toyota და Stellantis-ი არიან.

REUTERS/Andrew Kelly

FedEx-ის განცხადებით, აღნიშნულ დრონებს ტვირთის საჰაერო გზით მიტანა 480 კილომეტრამდე შეეძლებათ. ამ გზით კი 130-დან 220 კილოგრამამდე წონის ტვირთის გადატანა იქნება შესაძლებელი.

ვიეტნამური Vinfast-ი აშშ-ში 2 მლრდ დოლარის ღირებულების  ელექტრომობილების ქარხანას გახსნის

ბოლო დროს ვიეტნამური ავტოკომპანიები შესამჩნევად გააქტიურდნენ. ელექტრომობილების ინდუსტრიაში რბოლის მრავალრიცხოვან სიას ვიეტნამური VinFast-იც უერთდება. კომპანიის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადებით, შეერთებულ შტატებში საწარმოს გასახსნელად ავტომწარმოებელი 2 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. ამერიკულ საწარმოში VinFast-ი ელექტროავტობუსებს, ელექტრო SUV-ებსა და ელექტრომობილების ძრავებისათვის საჭირო ელემენტებს აწარმოებს.

REUTERS/Mike Blake/File Photo

ვიეტნამის ყველაზე მსხვილი კონგლომერატის ჯგუფის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ქარხანაში ჯამში 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. საწარმოს მშენებლობა წელს დაიწყება მას შემდეგ, რაც ავტომწარმოებელი ყველა საჭირო ნებართვას მოიპოვებს.

კომპანიის განცხადებით, მშენებლობა 2024 წელს დასრულდება და ქარხანაში ყოველწლიურად 150 000 ერთეული ავტომობილის წარმოება იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ VinFast-მა უკვე მიიღო წინასწარი შეკვეთები საკუთარი ორი ელექტრომობილისათვის და ისინი მომხმარებლებს მეოთხე კვარტალში მიეწოდებათ. ინვესტიციის შესახებ განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გაავრცელა. მისი სიტყვებით, აღნიშნული ინვესტიცია, რომელიც დამატებით 7000 სამუშაო ადგილს შექმნის, კარგი მაგალითია სტრატეგიული თანამშრომლობისა.

ელექტრომანქანების ქარხანა ჩრდილოეთ კაროლინაში აშენდება. ცნობისათვის, ეს შტატისთვის პირველი საავტომობილო ქარხანა გახლავთ და ასევე მის ისტორიაში ყველაზე დიდი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა.

საინტერესოა, რომ საწარმოს გახსნის შემდეგ ვიეტნამური ავტომწარმოებლის ელექტრომობილები შეერთებული შტატების ბაზარზე გაიაფდება, რაც გაყიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს. ამჟამად მისი ღირებულება აშშ-ში 41 000 აშშ დოლარიდან იწყება. სანაცვლოდ, Tesla-ს ავტომობილების ღირებულება 63 000 აშშ დოლარიდან იწყება, რაც ვიეტნამურ ავტოკომპანიას მეტ კონკურენტულობას სძენს.

Volkswagen-ი Audi-სა და Porsche-ს ფორმულა 1-ში შესაბიჯებლად მწვანე შუქს უნთებს

საკითხთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, Audi-სა და Porsche-ს მფლობელმა კომპანიამ, Volkswagen-მა, ორ ავტობრენდს ფორმულა 1-ის ჩემპიონატზე შესაბიჯებლად მწვანე შუქი აუნთო. ცნობისათვის, ამ ორი ავტოკომპანიის შესახებ ფორმულა 1-ში მონაწილეობის სურვილთან დაკავშირებით ჭორები დიდი ხანია, ვრცელდება.

REUTERS/Thaier Al-Sudani

ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას არ ეხმიანება თავად Volkswagen-ი, თუმცა Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ამის შესახებ საჯარო განცხადებას გერმანული ავტომწარმოებელი ორ კვირაში გაავრცელებს.

Audi-სა და Porsche-სათვის ფორმულა 1-ზე მოსახვედრად ყველაზე მარტივი გზა უკვე არსებულ გუნდებთან თანამშრომლობა იქნება. გასულ წელს Audi-მ და McLaren-მა მათი პარტნიორობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციები ერთობლივად უარყვეს.

როგორც ჩანს, წელს ბრენდები საკუთარ ბედს კიდევ ერთხელ სცდიან. არსებული ინფორმაციით, Audi McLaren-ისათვის 555 მილიონი დოლარის შეთავაზებას აპირებს. Porsche კი Red Bull-ის გუნდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფორმატს განიხილავს.

მართალია, Volkswagen-ს ფორმულა 1-ში მონაწილეობა არასდროს მიუღია, თუმცა მას Red Bull-თან თანამშრომლობის გამოცდილება მაინც აქვს. საკმაოდ საინტერესო განცხადება გაავრცელა McLaren Racing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაკ ბრაუნმაც. მისი განმარტებით, ფორმულა 1-ის გუნდი არ იყიდება და ბრენდი ახალი პარტნიორების დამატებასაც არ გეგმავს.

ამჟამად McLaren-ი „მერსედესის“ ძრავებს იყენებს საკუთარი სარბოლო ბოლიდებისათვის. თუმცა 2026 წელს დაგეგმილი სიმძლავრის ერთეულის ცვლილების შემდეგ შესაძლოა, გარკვეული გადაადგილებები მაინც ვიხილოთ.

როგორც აღვნიშნეთ, Audi-სა და Porsche-ს ფორმულა 1-ის ჩემპიონატზე ასპარეზობა უკვე დიდი ხანია, სურთ. თუმცა ეს ძალისხმევა ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სარბოლო ღონისძიებაზე კიდევ ორ გერმანულ ავტობრენდს.

Ford-მა ცეცხლის რისკებისა და პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემების გამო აშშ-ში 737 000 ავტომობილი უკან გამოიხმო

გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, ამერიკული ავტომწარმოებელი Ford-ი პოტენციური საფრთხეების გამო 737 000 ერთეულ ავტომობილს უკან იწვევს. როგორც ჩანს, პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული პრობლემა  მუხრუჭის გაუმართაობის საფრთხეს ქმნის.  გარდა ამისა, არსებობს ზეთის დაღვრის ალბათობაც, რაც ცეცხლის გაჩენის რისკებს ზრდის. ამიტომ ამერიკულ ავტომწარმოებელს რამდენიმე ასეული ათასი ავტომობილის უკან გამოხმობა უწევს.

REUTERS/Brendan McDermid/File Photo

ზემოთ აღნიშნული რაოდენობიდან 345 000 2020-დან 2022 წლამდე წარმოებული Ford Escape-ი და 2021-2022 წლების Ford Bronco გახლავთ, რომლებიც 1.5 ლიტრის მოცულობის ძრავებით არიან აღჭურვილნი. როგორც ჩანს, ძრავაში არსებული პრობლემის გამო ზეთის გამაცალკევებლიდან ზეთის გაჟონვის საფრთხე არსებობს.

Ford-ის განცხადებით, ავტომწარმოებელს ცეცხლის გაჩენის უკვე რვა შემთხვევის შესახებ აქვს ინფორმაცია და ეს შესაძლოა, სწორედ ამ გაუმართაობასთან იყოს კავშირში. ავტომობილების დაბრუნების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დილერები სწორედ ძრავის ზეთის გამაცალკევებელს შეცვლიან.

გარდა ამისა, Ford-ი 390 000 2021-2022 წლების F-150-ს, 2022 წლის Maverick-ს, Expedition-ს, Lincoln Navigator-ს, F-250-ს, F-350-ს, F-450-სა და F-550 მოდელებს გამოიწვევს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულ მოდელებთან დაკავშირებით პრობლემი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობაში მდგომარეობს.

პეკინის ავტოშოუ გაურკვეველი ვადით გადაიდო

აპრილის ბოლოს დაგეგმილი პეკინის ავტოშოუ გაურკვეველი ვადით გადაიდო. ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნული ინფორმაცია გასულ კვირას გაავრცელეს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

REUTERS/Thomas Peter

ინფორმაციას ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ღონისძიების გადადების შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი მარტში ავრცელებდა, თუმცა ოფიციალურად აღნიშნული ამბავი აპრილის დასაწყისში დადასტურდა.

„ჩვენ ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილებას შესაბამისი პოლიტიკით გათვალისწინებულ შემთხვევაში მივიღებთ“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.

პირველ კვარტალში Tesla-მ საკუთარ მომხმარებლებს რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები მიაწოდა

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ  მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საკუთარ მომხმარებლებს რეკორდული რაოდენობის ავტომობილები მიაწოდა. Tesla-ს მიწოდების ტემპი მეტწილად დაემთხვა ანალიტიკოსების ვარაუდს, თუმცა გასულ თვეში კომპანიის წარმოება მნიშვნელოვნად შეფერხდა მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო.

REUTERS/Lucas Jackson/File Photo

კომპანიის რეკორდულ მაჩვენებელს გამოეხმაურა Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკიც. „მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებისა და ჩინეთის კოვიდპოლიტიკის  გამო ბოლო კვარტალი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, თუმცა Tesla-ს გუნდისა და მიმწოდებლების დამსახურებით ყველაფერი რიგზეა“, – განაცხადა მან.

უფრო კონკრეტულად, Tesla-მ პირველ კვარტალში 310 048 ავტომობილის მიწოდება შეძლო, რაც წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. კომპანიამ Wall Street-ის პროგნოზს 2 000 ერთეული ელექტრომობილით გადაასწრო. რაც შეეხება წარმოებას, წინა კვარტალისაგან განსხვავებით, ავტოკომპანიამ 400 ელექტრომობილით ნაკლები აწარმოა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალის მქონე ავტომწარმოებელი მსოფლიოში შექმნილ კრიზისებს ყველაზე უკეთ უმკლავდება. პანდემიამ, ნახევარგამტარების დეფიციტმა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა Tesla-ზე ყველაზე ნაკლები გავლენა იქონია.

თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ჩინეთის შიდა კოვიდპოლიტიკის გამო ავტომწარმოებელს შანხაის ქარხნის რამდენიმე დღით შეჩერება მოუწია.

ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Nio-მ პირველი საკუთარი ET7 ელექტროსედანი გამოუშვა

გასულ კვირას ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ, Nio-მ, დაადასტურა, რომ მისი მდიდრული ელექტროსედანი, ET7 უკვე მომხმარებლებთანაა. აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ Nio-ს აქციათა ფასები ერთ დღეში 6.5%-ით გაიზარდა და 21.21 აშშ დოლარი შეადგინა.

Nio

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, ელექტრომობილების პირველი პარტია პატრონებს უკვე გადაეცა. Nio-მ ჯერ კიდევ წარმოების პროცესში მყოფი ET7-ის ტესტდრაივზე გაყვანის შესაძლებლობა საკუთარ მომხმარებლებს ჯერ კიდევ მარტში მისცა. შედეგად, ახალი ელექტრო ET7 80-მდე ქალაქში დატესტეს. თუმცა,  კომპანია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, საერთო ჯამში რამდენი წინასწარი შეკვეთა მიიღო.

ცნობისათვის, ET7 Nio-ს ახალი ელექტროავტომობილი გახლავთ, რომელიც ავტომწარმოებლის ახალ, მეორე თაობის არქიტექტურას, NT2.0-ს იყენებს. ეს უკანასკნელი მწარმოებელს უფრო მეტი ფუნქციონალის დამატების შესაძლებლობას აძლევს. მათ შორის, იზრდება მძღოლის დახმარების სისტემების ინტეგრაციის შესაძლებლობაც. წლის ბოლოსათვის Nio-ს სხვა მოდელები, ET5 და ES7-ც გამოვა.

ავტომწარმოებლის განცხადებით, ახალი ET7 დიდი რაოდენობის კამერებითა და სენსორებითაა აღჭურვილი, რაც მძღოლს მართვაში დიდ დახმარებას უწევს. Nio-ს მიზანი საბოლოოდ ავტონომიური ავტომობილებისათვის შესაფერისი პლაცდარმის შექმნაა. მანამდე კი საკუთარ ტექნოლოგიებს არაავტონომიურ მოდელებზე ცდიან.

Nio-ს ინფორმაციით, Tesla-ს მსგავსი ავტოპილოტის რეჟიმით სარგებლობა ET7-ის მფლობელებს ზოგიერთ რეგიონში 2022 წლის მეოთხე კვარტალიდან შეეძლებათ.

ამერიკული GM-ი ელექტროჰამერის წარმოებას გაზრდის

ამერიკული ავტომწარმოებლის, General Motors-ის განცხადებით, კომპანიამ საკუთარ ელექტროჰამერებზე 65 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო. ამიტომ ავტობრენდი აღნიშნული ელექტრომობილის წარმოების რაოდენობას სავარაუდოდ  გაზრდის.

Michael Wayland / CNBC

GMC-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ავტომობილზე მოთხოვნა იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ. საინტერესოა ისიც, რომ წინასწარ შეკვეთებს, ნამდვილ შესყიდვებად მსურველთა 95% აქცევდა, რაც ასევე ძალიან დიდი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ Hummer-ის ელექტროვერსიის შეკვეთა ახლაც შესაძლებალია, სავარაუდოდ ახალი მსურველების დაკმაყოფილებას კომპანია 2024 წლამდე ვერ შეძლებს. მომხმარებლების მოთხოვნა მაღალია როგორც სატვირთო ჰამერზე, ისე SUV ვარიანტზეც.

მოგეხსენებათ, GM-ი ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, კომპანიის მიერ წარდგენილი ახალი ელექტროჰამერი ამერიკის პრეზიდენტმაც მოინახულა, რამაც მომხმარებლებისათვის შესყიდვის დამატებითი მოტივაციაა. მარტში კი Hummer-მა რეკლამისათვის NBA-ის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი მიიწვია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *