გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში. „ნაპოლის“ დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს. ამის პარალელურად, 21 წლის ქართველს ვრცელი სტატია მიუძღვნა ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა.

სიახლეებია ფორმულა 1-ში – Audi-მ დაადასტურა, რომ 2026 წელს ფორმულა 1-ში შესვლისთვის სტრატეგიულ პარტნიორად შვეიცარიული Sauber-ი აირჩია. ასევე, აღსანიშნავია, რომ F1-ის შვიდგზის ჩემპიონმა, ლუის ჰამილტონმა კინოსტუდია Dawn Apollo Films-ი დააფუძნა.

აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ ამერიკული Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდების განახლებული რეიტინგი, რომელიც მათი ღირებულების მიხედვითაა შედგენილი.

მოცემულ ბლოგში სპორტული სფეროს სწორედ ამ და სხვა სიახლეებს გაეცნობით.

„ნაპოლის“ დირექტორი: კვარაცხელია 100%-ით ხელშეუხებელია

ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში საფეხბურთო გრანდების ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერესების შესახებ არაერთხელ დაიწერა. მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველის ყიდვა ინგლისურ კლუბს – „მანჩესტერ სიტის“ სურს.

„ნაპოლის“ დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იტალიური კლუბი კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს.

„აბსოლუტურად არაფერი ხდება [ტრანსფერთან დაკავშირებით]. შემიძლია გითხრათ, რომ კვარაცხელია 100%-ით ხელშეუხებელია. ის სატრანსფერო ბაზარზე ნამდვილად არ გამოჩნდება“, – განმარტა კრისტიანო ჯუნტოლიმ, რომლის განცხადებაც ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

ფოტო: Getty Images

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიმ“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 10 მილიონ ევროდ შეიძინა. Transfermarkt-ის მიხედვით 21 წლის ქართველის საბაზრო ღირებულება მოცემული დროისთვის 35 მილიონ ევროს შეადგენს.

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე „ნაპოლის“ მაისურით იტალიის სერია A-ის 11 შეხვედრაში ხუთი გოლი და ასევე ხუთი საგოლე გადაცემაა. გარდა ამისა, მან თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა – ოთხ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

Audi ადასტურებს, რომ 2026 წლიდან F1-ში მისი პარტნიორი Sauber-ი იქნება

ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა ბრენდმა Audi-მ 2026 წელს ფორმულა 1-ში შესვლისთვის სტრატეგიულ პარტნიორად შვეიცარიული Sauber-ი აირჩია.

Audi ასევე გეგმავს Sauber Group-ში წილების შეძენას შეთანხმების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც შვეიცარიული სარბოლო გუნდი 2026 წლის F1-ის სეზონიდან მოყოლებული Audi-ს გუნდის სახით იასპარეზებს.

ცნობისთვის, Sauber-ი ამჟამად Alfa Romeo Racing-თან თანამშრომლობს. თუმცა იტალიურმა ავტომწარმოებელმა აგვისტოში განაცხადა, რომ 2023 წლის სეზონის ბოლოს პარტნიორობა შეწყდება.

ფოტო: autocar.co.uk

საინტერესოა, Alfa Romeo-ს გადაწყვეტილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც Audi-მ განაცხადა, რომ 2026 წლიდან F1-ში შესვლას გეგმავს. არაერთხელ დაიწერა ვარაუდის შესახებ, რომ Volkswagen-ის კუთვნილი ბრენდი Sauber-თან გააფორმებდა ხელშეკრულებას. ახლა კი გარიგება ოფიციალურად დადასტურდა.

შეგახსენებთ, მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Audi-სა და Porsche-ს მფლობელმა კომპანიამ, Volkswagen-მა ბრენდებს F1-ში შესვლისთვის მწვანე შუქი აუნთო. აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ში შესვლასთან დაკავშირებით Porsche-ს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

სერხიო აგუეროს მაისური აუქციონზე მინიმუმ 20,000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდება

მაისური, რომელიც სერხიო აგუეროს დაახლოებით 10 წლის წინ, „ქუინს პარკ რეინჯერსის“ წინააღმდეგ მატჩის დროს ეცვა, 3 ნოემბერს Hansons Auctioneers-ის აუქციონზე გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ დაეუფლა „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ტიტულს.

გაურეცხავი, შამპანურით დასვრილი 16-ნომრიანი მაისური, რომელიც ატარებს წარწერას „Kun Agüero“ – არგენტინელი ფეხბურთელის ბავშვობის მეტსახელს – სავარაუდოდ, მინიმუმ 20,000 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

ზემოხსენებული საფეხბურთო დაპირისპირება 2012 წლის 13 მაისს, ეტიჰადის სტადიონზე შედგა. „სიტი“ მატჩის მეორე ტაიმის მიწურულს „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ 1:2-ს აგებდა. დამატებით დროში ჯერ ბოსნიელმა ედინ ჯეკომ გაათანაბრა ანგარიში, 94-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი სერხიო აგუერომ გაიტანა.

ფოტო: Graham Budd Auctions Ltd

იქიდან გამომდინარე, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონატში თანაბარი ქულები დააგროვეს, პრემიერ ლიგის 2011/12 წლების სეზონის გამარჯვებული გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობით უნდა გამოვლენილიყო. ამ კომპონენტში კი „სიტიმ“ „იუნაიტედი“ დაჯაბნა და ინგლისის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს კლუბისთვის 1968 წლის შემდეგ ლიგის პირველი ტიტული იყო.

შეგახსენებთ, სერხიო აგუერომ საფეხბურთო კარიერა 2021 წლის დეკემბერში დაასრულა, მას შემდეგ, რაც გულის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

Formula 1-ის ჩემპიონმა, ლუის ჰამილტონმა კინოსტუდია დააფუძნა

Formula 1-ის შვიდგზის ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი კინოინდუსტრიაში ახორციელებს ინვესტიციას – მან ახალი კინოსტუდია Dawn Apollo Films-ი დააფუძნა.

Deadline-თან ინტერვიუში ჰამილტონმა აღნიშნა, რომ კინემატოგრაფია და ხელოვნება მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო მისი გატაცება, თუმცა სპორტული კარიერის გამო, მას ამ მიმართულებით მოღვაწეობისათვის საკმარისი დრო არასდროს ჰქონია.

მართალია, 37 წლის ბრიტანელი ჯერაც მოქმედი პილოტია და ის უმაღლეს სარბოლო ლიგაში Mercedes-AMG-ის ბოლიდით ასპარეზობს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კინემატოგრაფია გახდეს სწორედ ის სფერო, სადაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ჰამილტონი მოღვაწეობას გააგრძელებს.

ფოტო: DAIMLER AG

“ყოველთვის მიყვარდა ფილმები, მათ ყურებას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ, ეს რეალობიდან გაქცევისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. უამრავი ფილმია ისეთი, რომელიც შთამაგონებს და მაქვს სურვილი, თავადაც მივიღო მონაწილეობა კინოპროდუქტის შექმნაში.

მთავარი საკითხი ყოველთვის ის იყო, მოუცლელობიდან გამომდინარე, თუ როდის გადავდგამდი ქმედით ნაბიჯს. ცოტა ხნის წინ ჩემს გუნდს ვკითხე, რა იქნებოდა საჭირო კინოსტუდიის გასახსნელად? ამის შემდეგ, კონსულტაციის მისაღებად ლოს-ანჯელესში დავიწყე შეხვედრები სფეროს ექსპერტებთან, მათ შორის ერთ-ერთი იყო ჯეფრი კაცენბერგი (Disney-ს ყოფილი თავმჯდომარე).

ჩვენი მიზანი შთამაგონებელი ფილმების შექმნაა. ამ ახალი კინოსტუდიის ამოცანა ფილმებისა და სერიალების საშუალებით საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა იქნება – ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა ჰამილტონმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი მრბოლელი ამჟამად Apple TV-სთან ერთად ახალ ფილმზე მუშაობს, რომელიც Formula 1-ის შესახებ იქნება და მასში მონაწილეობას ბრედ პიტი მიიღებს.

ცნობისთვის, ლუის ჰამილტონი ყველა დროის ყველაზე წარმატებული მრბოლელია, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს Formula 1-ის 103 გრან-პრიში აქვს გამარჯვება მოპოვებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

The New York Times-მა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა

„ნაპოლიში“ წარმატებული დებიუტის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული, სპორტული თუ არასპორტული გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად ქართველ ფეხბურთელს ვრცელი სტატია ამერიკულმა The New York Times-მა მიუძღვნა, რომლის ჟურნალისტებიც მასალის მოსამზადებლად ბათუმში იმყოფებოდნენ – ქალაქში, რომლის მთავარ საფეხბურთო კლუბში, „დინამოში“, ხვიჩა „ნაპოლიში“ გადასვლამდე თამაშობდა.

„ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ანარქიულმა სტილმა იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ტიტულის პრეტენდენტად აქცია. რაც მთავარია, მან ფეხბურთი კვლავ სახალისო გახადა“, – ვკითხულობთ სტატიისთვის წამძღვარებულ ტექსტში.

The New York Times-ის სტატია ბათუმიდან იწყება. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიას ბათუმის „დინამოში“ თამაშის პერიოდში სტადიონი მუდმივად სავსე იყო. ასევე, ხაზგასმულია, რომ ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ის საქართველოს ყველაზე დიდი კლუბის „დინამო თბილისის“ სენსაციად იქცა.

ფოტო: livescore.com

„ნაპოლიში“ გადასვლასთან დაკავშირებით საუბრისას, The New York Times-ის ჟურნალისტები ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს, 10 მილიონ აშშ დოლარს უსვამენ ხაზს და საპირისპიროდ, მის შედეგებზე საუბრობენ – ხუთი გოლი იტალიის სერია A-ში, ორი – ჩემპიონთა ლიგაზე.

„ნაპოლის გულშემატკივრებმა მას უდიდესი ჯილდო მიანიჭეს, მეტსახელად „კვარადონა“ უწოდეს, კლუბის ისტორიაში ყველაზე საყვარელი პლეიმეიკერის სახელის მიხედვით“, – წერს The New York Times-ი.

Forbes: NBA-ის გუნდების 2022 წლის რეიტინგი ღირებულების მიხედვით

ამერიკულმა Forbes-მა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მათი ღირებულების მიხედვითაა შედგენილი. აღსანიშნავია, რომ პირველად ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, გამოცემის მიერ შედგენილ ჩამონათვალს „ნიუ-იორკ ნიქსისა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ნაცვლად NBA-ის სხვა გუნდი ლიდერობს.

რეიტინგში პირველ ადგილს „გოლდენ სტეიტი უორიორსი“ იკავებს, რომლის ღირებულებაც $7 მილიარდად არის შეფასებული. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 25%-ითაა გაზრდილი. 2021-22 წლების სეზონის განმავლობაში „Warriors“-მა გამოიმუშავა ყველაზე მეტი შემოსავალი, $765 მილიონი, ასევე ყველაზე მეტი საოპერაციო მოგება, $206 მილიონი, რაც NBA-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შეგახსენებთ, მათ რვა წლის განმავლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მეოთხე ტიტული მოიგეს.

ფოტო: Forbes

„ნიქსი“, რომელიც NBA-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდის სტატუსს Forbes-ის ბოლო შვიდი რეიტინგის თანახმად ინარჩუნებდა, წლევანდელ სიაში მეორე ადგილს დასჯერდა ღირებულების 6.1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებით. მესამე პოზიციაზე კი $5.9-მილიარდიანი შეფასებით „ლეიკერსი“ იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ NBA-ის გუნდის საშუალო ღირებულება ახლა $2.86 მილიარდია – 15%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ. ეს შთამბეჭდავი მიღწევაა იმის გათვალისწინებით, რომ ამავე პერიოდში საფონდო ბაზარი 15%-ზე მეტით დაეცა. 2021-22 წლების სეზონისთვის ლიგის შემოსავალი და საოპერაციო მოგება, შესაბამისად, $10 მილიარდი და $2.7 მილიარდი იყო – ორივე რეკორდული მაჩვენებელია.

NBA დაბრუნდა პანდემიამდელ ზრდის ტრაექტორიაზე, რასაც დიდწილად სპონსორობიდან და სარეკლამო ხელშეკრულებებიდან მიღებული რეკორდული შემოსავალი განაპირობებს როგორც გუნდის, ასევე მთლიანად ლიგის დონეზე. გასულ სეზონში ამ გზით მიღებულმა შემოსავალმა 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ასევე ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.

წარმოგიდგენთ 2022 წლის NBA-ის ტოპ-10 ყველაზე ძვირად ღირებულ გუნდს Forbes-ის მიხედვით:  
  1. Golden State Warriors

ღირებულება: $7 მილიარდი

1-წლიანი ცვლილება: 25%

საოპერაციო მოგება: $206 მლნ

  1. New York Knicks

ღირებულება: $6.1 მილიარდი

1-წლიანი ცვლილება: 5%

საოპერაციო მოგება: $155 მლნ

  1. Los Angeles Lakers

ღირებულება: $5.9 მილიარდი

1-წლიანი ცვლილება: 7%

საოპერაციო მოგება: $115 მლნ

  1. Chicago Bulls

ღირებულება: $4.1 მილიარდი

1-წლიანი ცვლილება: 12%

საოპერაციო მოგება: $135 მლნ

  1. Boston Celtics

ღირებულება: $4 მილიარდი

1-წლიანი ცვლილება: 13%

საოპერაციო მოგება: $137 მლნ

  1. Los Angeles Clippers

ღირებულება: $3.9 მილიარდი

1-წლიანი ცვლილება: 18%

საოპერაციო მოგება: $12 მლნ

  1. Brooklyn Nets

ღირებულება: $3.5 მილიარდი

1-წლიანი ცვლილება: 9%

საოპერაციო წაგება: -$34 მლნ

  1. Dallas Mavericks

ღირებულება: $3.3 მილიარდი

1-წლიანი ცვლილება: 22%

საოპერაციო მოგება: $143 მლნ

  1. Houston Rockets

ღირებულება: $3.2 მილიარდი

1-წლიანი ცვლილება: 16%

საოპერაციო მოგება: $133 მლნ

  1. Philadelphia 76ers

ღირებულება: $3.15 მილიარდი

1-წლიანი ცვლილება: 29%

საოპერაციო მოგება: $87 მლნ

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *